ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლის განრიგი შესაცვლელია, – ასე მიაჩნიათ ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მაცხოვრებლებს, ამ სოფლების სკოლებში დასაქმებულ მასწავლებლებსა და თავად „საქართველოს რკინიგზას“ თანამშრომლებს.

საქმე იმაშია, რომ ეს მატარებელი ხაშურიდან დილით 06:40 სთ-ზე გამოდის. ეს დრო კი ხარაგაულსა და ხარაგაულის სოფლებში დასაქმებული ადამიანებისთვის არახელსაყრელია.

ხაშურში მცხოვრები ირინა კუპატაძე ყოველდღე ხაშურიდან მარელისში ამ მატარებლით მგზავრობს. ის მარელისის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ირინა მასწავლებელი ამბობს, რომ ხაშური-ზესტაფონის მატარებლით გადადგილება, განსაკუთრებით ზამთარში, იმის გამო, რომ ვაგონებში ცივა, – გაუსაძლისია.

„ღამე გვიწევს ხაშურის რკინიგზის სადგურში მოსვლა, – ამბობს ირინა კუპატაძე, – ზოგი მასწავლებელი ტაქსით მოდის, რადგან სადგურიდან მოშორებით ცხოვრობს.

გათენებული არ არის, მარელისის სკოლაში რომ მივდივართ. პირველ რიგში, მასწავლებელს დასვენებული გონება სჭირდება, კარგი გაკვეთილი რომ ჩაატაროს.

ამავე დროს, მატარებელში გათბობა არ არის და სიცივე აუტანელია. ეს ერთადერთი ტრანსპორტია ჩხერიმელას ხეობის სოფლებში გადასაადგილებლად. ყოველდღე ასეთ დღეში, ხაშურიდან ხარაგაულის სოფლების სკოლებში დასაქმებული, 10-15 მასწავლებელი ვართ.

„სანამ გათენდება, ორი საათი უსაქმოდ ვდაგავართ , – ამბობენ „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულები, – გვიანი შემოდგომისა და ზამთრის თვეებში დილის 09:00 საათამდე არ თენდება. ხომ შეიძლება, ამ მატარებლის განრიგი ისევ ისეთი იყოს, როგორც პანდემიამდე – ხაშურიდან დილის 08:00 საათზე რომ გამოვიდეს. ამით, ვფიქრობთ, არაფერი დაშავდება“.

მაღალმთიან სოფელ წიფაში მცხოვრები ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ ჩხერიმელას ხეობის სოფლებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ტრანსპორტის – ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენა – ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოს რკინიგზამ პანდემიის შემდეგ ყველა საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა აღადგინა, გარდა „ქუთაისი-თბილისისა“, – ამბობს ნინო ჩხეიძე, – ბორჯომსა და ხაშურში საგარეუბნო მატარებლების აღსადგენად ამ მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა დეპუტატებმა იაქტიურეს.

რატომ არავინ ფიქრობს ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენაზე, არ ვიცი. მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა რომ გაკეთდება, მერე ყველგან ადვილად წავალთ. გვერდით დგომა ჩვენ ახლა გვჭირდება“.

წიფაში მცხოვრები გოჩა კვინიკაძე წუხს, რომ ახალი რკინიგზის მაგისტრალის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, არც ერთი მატარებელი წიფაში აღარ გაივლის – მატარებლები ქვიშხეთიდან მოლითამდე გვირაბებში იმოძრავებენ. წიფისა და ზვარეს თემის შვიდი სოფელი, ასევე სოფელი ბეჟათუბანი, გარესამყაროს მოწყდება.

„ახალი რკინიგზის გავლის შემდეგ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. წიფაში რკინიგზაში დასაქმებულები ცხოვრობენ. თუ აქ სადგური აღარ იფუნქციონირებს, რკინიგზელები სოფელს დატოვებენ. მათი ოჯახების შვილები გვყავს სკოლასა და საბავშვო ბაღში.

ძველი სარკინიგზო ხაზი წიფაში როგორც კი გაუქმდება, რკინიგზელები აქედან წავლენ და სოფელი ნასოფლარს დაემსგავსება. გაგვარკვიონ, რა ბედი ელის რკინიგზის არსებულ ხაზს და წიფას“, – კითხულობს გოჩა კვინიკაძე.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ „საქართველოს რკინიგზას“ 6 დეკემბერს წერილობით მიმართა:

შეძლებს თუ ვერა „საქართველოს რკინიგზა“ საგარეუბნო მატარებლის ხაშური-ზესტაფონის მიმოსვლის განრიგის შეცვლას დილით და თუ ვერა, – რატომ;

ახალი რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, გაგრძელდება თუ არა სამგზავრო – როგორც საქალაქთაშორისო, ისე საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა არსებულ სარკინიგზო ხაზზე და თუ არა, რა ბედი ელის არსებულ სარკინიგზო ხაზს;

რატომ ვერ ახერხებს „საქართველოს რკინიგზა“ ამ დრომდე საგარეუბნო მატარებლის – ქუთაისი-თბილისის მიმოსვლის აღდგენას.

„საქართველოს რკინიგზადან“ მიღებულ პასუხებს ჩვენი გაზეთის მკითხველებს დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ნინო კაპანაძე