ხარაგაულის მერიამ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ გამოთქმულ შენიშვნებზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, საკრებულოს უმრავლესობას, ოპოზიციურ ფრაქციებსა და შშმ ბავშვთა მშობლების კომიტეტს პასუხები დაუბრუნა.

მერია საბიუჯეტო შენიშვნების ნაწილის გათვალისწინებას გეგმავს და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ შენიშვნების ასახვის მიზნით, ჯარიმების გეგმის გაზრდას აპირებს, 60 ათ. ლარით.

ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე პასუხები დღეს, 18 დეკემბერს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, გააცნო.

– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შეშით დახმარების პროგრამის დაფინანსება გაორმაგდება და 20 ათ. ლარი გახდება;

– 2024 წლისთვის, მომსახურების არეალის გაფართოების მიზნით, ასევე 10 ათასი ლარით გაიზრდება „სათნოების სახლის“ ბიუჯეტი და 250 ათ. ლარი გახდება;

– გაიზრდება მარტოხელა მშობლების ყოველთვიური ფინანსური დახმარება და ერთ პირზე, 50 ლარის ნაცვლად, 70 ლარი გახდება;

– ადგილობრივი ბიუჯეტიდან რელიგიის დაფინანსება 10 ათ. ლარით გაიზრდება და 50 ათ. ლარი გახდება;

– მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების არეალის გაფართოების მიზნით, ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიმართულებით ხარჯები ასევე 10 ათ. ლარით მოიმატებს და 105 ათ. ლარამდე გაიზრდება;

– გენდერული მიმართულებით ღონისძიებების ჩასატარებლად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში დაემატება ახალი ქვეპროგრამა „გენდერული თანასწორობის საბჭო“, 3 ათას ლარიანი ბიუჯეტით.

ზემოთ ჩამოთვლილი საბიუჯეტო მოთხოვნები, მერიის წინაშე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და საკრებულოს უმრავლესობამ დააყენა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ასევე ითხოვდა: 1) ნაგვის ბუნკერების შესაძენად თანხის გაზრდას; 2) მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხული შენობა-ნაგებობებისა და წისქვილების კოსმეტიკური შეკეთებისთვის თანხის გამოყოფას.

ნაგვის ბუნკერებთან დაკავშირებით მერიამ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას უპასუხა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2026 წლის ბოლოს უსრულდება ათწლიანი სასესხო ხელშეკრულება, რომლითაც ორი ნაგავმზიდი და ნაგვის 130 კონტეინერი შეიძინეს. ნაგვის ახალი ბუნკერებისა და კონტეინერების შესაძენად, მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა ფონდებთან მოლაპარაკებას აწარმოებს;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის წისქვილების, რეაბილიტაციას რაც შეეხება, ამაზე მერიის პოზიცია ამგვარია – ასეთი საკითხები, ძირითადად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გვარდება.

ხარაგაულის საკრებულოს უმრავლესობა 2024 წლის ბიუჯეტში ასევე მოითხოვდა 1) თანხის გათვალისწინებას სპორტული მოედნის მოსაწყობად, ხარაგაულის ახალი საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ; 2) მრავალბინიანი სახლების სარეაბილიტაციო თანხების გაზრდას; 3)ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული დარბაზის რეაბილიტაციას.

ამ მოთხოვნებს მერიამ შემდეგნაირად უპასუხა:

– სპორტული მოედნების მოსაწყობად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, გარკვეული თანხა უკვე არის გათვალისწინებული. მოთხოვნილი მოედნის მოსაწყობად კი შესაძლებელია, წინადადების წარდგენა „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროგრამის ფარგლებში;

– მრავალბინიანი სახლების აღსადგენად საჭირო საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოების დასაფინანსებლად 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებულია; უშუალოდ სარეაბილიტაციო სახსრების მოძიებას მერია აპირებს რეგიონული განვითარების ფონდიდან, პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრისას;

– ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული დარბაზის რეაბილიტაციას რაც შეეხება, მერია მიიჩნევს, რომ ამისთვის „ბიუჯეტში ფინანსური რესურსები, ამ ეტაპზე, არ არის“.

 

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომები 2014 წელს ამ დარბაზში იმართებოდა და ეს საკონფერენციო დარბაზი აუცილებელია საკრებულოს სხდომებზე მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 157 პირველკლასელის სკოლაში კვების დაფინანსებს მოითხოვს, ხოლო ფრაქცია „ხარაგაულისათვის“ – I-IV კლასების მოსწავლეთა სასკოლო კვების დაფინანსებას.

საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციებს მერია პასუხობს, რომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართეს და ამ საკითხთან დაკავშირებით მერიამ სამინისტროს პოზიციის გამოხატვა სთხოვა.

 

საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ ასევე ითხოვს:

1) სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად, გამოიყოს თანხა მდინარეებისა და ხევების გასაწმენდად;

2) დაიგეგმოს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება;

3) გარე განათების ახალი ქსელის მოწყობისას დამონტაჟდეს მზის ენერგიაზე მომუშავე ხარისხიანი სანათები;

4) მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, თუ სად რა დარგის განვითარება შეიძლება.

მერია ამაზე პასუხობს:

– მდინარეების, მილხიდებისა და სხვა სანიაღვრე მოწყობილობების გასაწმენდად, 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაფინანსება. ამასთან, სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, გამოიყოფა დამატებითი სახსრები, როგორც მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, ასევე დახმარების თხოვნით მივმართეთ საქართველოს მთავრობას.

– მიუსაფარი ძაღლების პრობლემა არის გლობალური. მუნიციპალიტეტის მერია ამ საკითხის მოგვარებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ეს კვლავ პრობლემად რჩება. მერია მზადაა განიხილოს ყველა ის კონკრეტული წინადადება, რომელიც ეფექტური იქნება შედეგის მისაღწევად.

ამ საკითხზე სამუშაოდ მერიასთან ერთად ჩართულია დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება.

– უკვე დაწყებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების დამონტაჟება გამოსაცდელად. მერია იმოქმედებს მიღწეული შედეგის მიხედვით.

– ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რა დარგების განვითარებაა შესაძლებელი, ამის დასადგენად აუცილებელია კონკრეტული პროექტი, დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვით, აღწერით, მიზნით და შედეგზე ორიენტირებული ინდიკატორებით. აღნიშნულთან დაკავშირებით მერია მზადაა კონკრეტულ მსჯელობაში მონაწილეობისთვის.

შშმ ბავშვთა დედების კომიტეტის წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად მოითხოვეს:

1) „პერსონალური ასისტენტის გადამზადების პროგრამისთვის“ 15 000 ლარის დაგეგმვა;

2) იმ შშმ პირს, რომელსაც არ ჰყავს მომვლელი, ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 ლარიდან 70 ლარამდე გაეზარდოს;

3) შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო თანხა 1200 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდოს;

4) 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებებით დახმარების პროგრამა ყოველთვიურად 60 ლარით განისაზღვროს.

ამ მოთხოვნებზე მერია პასუხობს:

– 2024 წელს შესაძლებელია ყოველთვიური დახმარების გაზრდა 70 ლარამდე და სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების გაზრდა 1400 ლარამდე; მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ ბავშვებისთვის ჰიგიენური საშუალებებით დახმარების საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური  უზრუნველყოფის სამსახური ინდივიდუალურად შეისწავლის. პერსონალური ასისტენტის გადამზადება შესაძლებელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „საგრანტო პროექტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში.