ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დღეს, 13 დეკემბერს, თვითნასწავლი მხატვრის – თამარ ხარაძე-ორჯონიკიძის ნახატების გამოფენა მოეწყო.
თამარი პროფესიით იურისტია. ის ბავშვობაში ხატავდა და სურდა კიდეც, სწავლა სამხატვრო აკადემიაში გაეგრძელებინა. თუმცა, ხარაგაულის #10 (დღევანდელი #3) სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, ოჯახის უფროსი წევრების სურვილი გაითვალისწინა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.
„თამარი თუ ხატავდა, ნამდვილად არ ვიცოდი, – აღნიშნა გამოფენის გახსნისას მუზეუმის ხელმძღვანელმა ნინო დიდიძემ, – სოციალურ ქსელში ვნახეთ მისი ნამუშევრები. მუზეუმის თანამშრომლის, თეა გობიანის ინიციატივა იყო, რომ გამოფენა მოგვეწყო“.
„თამარის მიერ შესრულებულ ნამუშევრებში მისი სულიერი მდგომარეობა და დამოკიდებულებები ჩანს სხვადასხვა მოვლენების მიმართ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი – ნახატებზე საოცარი ფერებია.
ბავშვობიდან მახსოვს თამარი, როგორც საუკეთესო მოსწავლე და დღემდე გული მწყდება, რომ ის ახლა ხარაგაულში არ ცხოვრობს. ამ ძალიან საინტერესო გამოფენით თამარი ხარაგაულში დაბრუნდა“.
„ყველას ეგონა, რომ თამარი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებდა, – ამბობს მისი დედა ნარი კურტანიძე, – მოხდა ისე, რომ ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სტუდენტობისას ვინც მის ნამუშევრებს ნახულობდა, ეუბნებოდა, ვინმე ცუდად ხომ არ ჩაერია შენს პროფესიულ არჩევანშიო“.
თამარ ხარაძე-ორჯონიკიძე ამჟამად ზესტაფონში იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატად მუშაობს. ხატვას ერთი წლის წინ დაუბრუნდა და წლების განმავლობაში დაგროვილი ემოცია ნახატებში გადმოსცა. უნდა, რომ მუდმივად ხატოს და შემოქმედებითი პაუზა აღარასდროს აიღოს.
თვითნასწავლმა მხატვარმა თავისი ერთ-ერთი ნამუშევარი ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს აჩუქა. გამოფენა მუზეუმში დღის ბოლომდე გასტანს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი