ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ამ გადაწყვეტილებას თან ერთვოდა ცხრა რეკომენდაცია, რომლებიც საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა შეასრულოს.
ამ ცხრა რეკომენდაციიდან მეოთხე რეკომენდაცია ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.
რას ნიშნავს ევროკავშირის ეს რეკომენდაცია და რა უნდა გააკეთოს საქართველომ მის შესასრულებლად, – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFD) ხელმძღვანელი ნინო დოლიძე საუბრობს:
„თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ სრულად იქნება გათვალისწინებული ეუთო-ოდირის რეკომენდაციები; ასევე უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა, – მათ შორის დათქმა, რომ ყველა ამომრჩეველს ადეკვატური წარმომადგენლობა ჰყავდეს პარლამენტში.
ევროკავშირი შეაფასებს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, 2024 წლის 26 ოქტომბერს, არამედ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდს.
სამართლიანი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ კანონმდებლობასთან შესაბამისობა იყოს. არჩევნები რეალურად სამართლიანად უნდა ჩატარდეს.
მაგალითად, თუ კანონმდებლობა გვეუბნება, რომ ბოლო ორი თვით ადრე არ უნდა მოხდეს ცვლილებები ადგილობრივ ბიუჯეტში, ცვლილება არც 61 დღით ადრე უნდა განხორციელდეს.
ასევე პრობლემაა მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კანონში წერია, რომ სამუშაო საათებში საჯარო მოხელეები არ უნდა იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში. თუმცა, ჩვენს სადამკვირვებლო ორგანიზაციას ასეთი ფაქტები მრავლად უნახავს და შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ამ საჯარო მოხელეს შვებულება დაუწერია პოსტფაქტუმ.
აქ საუბარია იმაზე, რომ რეალურად სამართლიანი სულისკვეთებით ჩატარდეს არჩევნები და არა რაღაც ლავირებით, რომ კანონმდებლობა არ დაირღვეს.
თავისუფალი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველზე არ უნდა ხდებოდეს იძულება, ზეწოლა, თუ ვის მისცემს ხმას.
ჩვენ გვინდა დემოკრატია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის ხმის მიცემა უნდა იყოს ფარული და არავინ არ უნდა ჰკითხოს ან სთხოვოს, თუ ვის მისცა ხმა იმიტომ, რომ ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.
კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტიას, ვინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს საარჩევნო კამპანიაზე და შემდეგ ამომრჩეველს შეეძლოს თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
2021 წელს იყო ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება პარტიებს შორის, რაც გულისხმობდა საარჩევნო ბარიერის დაწევას. არსებულ ბარიერთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ 5%-იანი ბარიერი ევროკავშირის ქვეყნებშიც გვხვდება და არ ნიშნავს, რომ მაღალია.
არ არსებობს იდეალური საარჩევნო ბარიერი. აქ მნიშვნელოვანია ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინება – როგორია საარჩევნო სისტემა ქვეყანაში, პოლიტიკური პარტიების განვითარება და ა.შ., – ასე წყდება ოპტიმალური ბარიერი.
შარლ მიშელის შეთანხმების დროს სხვადასხვა პარტიებმა განაცხადეს, რომ შემდგომი ორი არჩევნები უფრო დაბალი ბარიერით ჩატარდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამას გულისხმობდეს ევროკავშირი, რომელიც გვაძლევს რეკომენდაციას, რომ გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მალე დასრულდეს. პარტიებმა დროულად უნდა იცოდნენ, რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ.
თუმცა, ჩვენ პარტიების გადმოსახედიდან არ გვაინტერესებს ბარიერი, ჩვენ გვაინტერესებს ამომრჩევლის გადმოსახედიდან, რომ შემდეგ ამ პარტიებმა ამომრჩეველს შესთავაზონ ნორმალური, საკითხებზე ორიენტირებული პოლიტიკა.
ევროკავშირის რეკომენდაციებში არჩევნებთან მიმართებაში წერია კიდევ ერთი საკითხი – ეს არის სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობა – ერთ-ერთია ცესკო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა იყოს უზრუნველყოფილი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ორი წევრი კვლავ ასარჩევია, რადგან თუ მათ არ ირჩევს საქართველოს პარლამენტის 2/3, მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ექვსი თვით და არა 5 წლით.
მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარე, მოადგილე თუ წევრები, მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით აირჩეს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ცესკოს მიმართ. საზოგადოებაში აქ იგულისხმება ყველა პარტიის მხარდამჭერი.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, უზრუნველყოფილი იყოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების თავისუფალი ოპერირება და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
არჩევნები ვერ შეფასდება თავისუფლად, სამართლიანად და დემოკრატიულად, თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჯეროვნად არ დააკვირდებიან პროცესს და საქმიანობაში ხელი შეეშლებათ“.
ნინო დოლიძესთან შეხვედრა საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელის პროექტის „ქალები გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის“ რეგიონული დისკუსიის ფარგლებში შედგა.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი