15 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე საუბრობს. მასთან შეხვედრა საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელის პროექტის „ქალები გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის“ რეგიონული დისკუსიის ფარგლებში შედგა.
ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი მნიშვნელოვანი საკითხია:
„კანდიდატის სტატუსის მონიჭება პოლიტიკურ და ტექნიკურ ნაწილებს მოიცავს, – განმარტავს ვანო ჩხიკვაძე, – პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, მოცემულ მომენტში ევროკავშირის ლიდერებს შორის დაწყებულია ფიქრი ახალი წევრების მიღებაზე.
ევროკავშირში ფიქრობენ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის წევრები აუცილებლად უნდა გახდნენ. ეს მომენტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან 2024 წელს ევროკავშირი შიდა საქმეებზე გადაერთვება – 6-9 ივნისს დაგეგმილია ევროპარლამენტის არჩევნები, შემოდგომაზე ევროკომისიის ახალი შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამორჩეს. არსებობის 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში ევროკავშირი უმეტესად, რეგიონული პრინციპით ფართოვდებოდა. თითო-თითო სახელმწიფო მხოლოდ ორჯერ მიიღეს – 1981 წელს საბერძნეთი, 2013 წელს – ხორვატია.
ჩვენს სამეზობლოს თუ გადავხედავთ, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი ევროკავშირის წევრობას არ გეგმავენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამოვრჩეთ. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით მათ კანდიდატის სტატუსი უკვე აქვთ.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მათთან ერთად ვიაროთ ევროინტეგრაციის გზაზე.
ტექნიკურ ნაწილს რაც შეეხება, ევროკავშირის გაფართოება და წევრობა მხოლოდ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა არ არის. ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ ქვეყანამ რეფორმები გაატაროს.
18 თვის წინ ევროკავშირმა მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ევროკავშირის დაპირება, რომ ჩვენ მისი წევრი აუცილებლად გავხდებით. ამავე დროს 12 პრიორიტეტის შესრულება დაგვავალა. ეს 12 რეფორმა დემოკრატიის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, დეოლიგარქიზაციას, დეპოლარიზაციას ეხებოდა.
მათგან მხოლოდ სამი რეფორმა გავატარეთ – სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გადმოტანა, გენდერული თანასწორობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილები და სახალხო დამცველის არჩევა. დანარჩენი მიმართულებით პროგრესი მინიმალურია.
წელს ნოემბერში ევროკომისიამ ცხრა ახალი რეკომედაცია მოგვცა. ამ რეკომენდაციების თანახმად,
საქართველომ საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში უნდა მოიყვანოს, რაც, სამწუხაროდ, დიდი პრობლემაა და ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა საქართველომ რუსეთთან ფრენები აღადგინა;
მეორე საკითხია ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის აღკვეთა;
მესამე – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება;
მეოთხე – სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა. ეს ინსტიტუტებია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი კომისია და ცესკო.
როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შესრულებას, არ ვიცით, რადგან, მათი შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა და ბრიუსელში გადააგზავნა, არავისთან განუხილავს.
14-15 დეკემბერს რა მოხდება ბრიუსელში, ამის პროგნოზი ძნელია. უარყოფითი პასუხის შეთხვევაში გზა არ ჩაიხერგება. საქართველოს საკითხს ევროკავშირი აუცილებლად დაუბრუნდება.
ყველაზე დიდი სირთულე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნების არარსებობაა. ყველაფერს შველი, თუ გაქვს სურვილი და ნება.
იმედია, 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
ეს იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ქართველი ხალხის ნების გათვალისწინება, რადგან ბოლო გამოკითხვით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის 77%-ს სურს“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი