ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

24 ნოემბერს საკრებულოში ამ პროექტის საჯარო მოსმენა გაიმართა. იმავე დღეს საკრებულოს უმრავლესობამ და ოპოზიციური პარტიების ფრაქციებმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ხარაგაულისთვის“ – მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები მერიას გაუგზავნეს. საკუთარი წინადადება მერიას ასევე მიაწოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვთა მშობელთა კომიტეტმა. მერიამ საბიუჯეტო შენიშვნებზე პასუხი და ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვარიანტი საკრებულოს 10 დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნოს.

გაგაცნობთ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მყოფი მოქალაქეებისგან დაყენებულ პრობლემებს, ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დამსწრეთ მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.

პროექტის თანახმად, შემოსავლები 13 373,7 ათას ლარს შეადგენს, ხარჯები14 868,4 ათას ლარს. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის დასაბალანსებლად 2024 წლის პირველი იანვრისათვის მოსალოდნელი საკუთარი სახსრების  ნაშთიდან 1 494,8 ათას ლარს გამოიყენებენ.

2024 წელს იგეგმება საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა, გარდა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისა. მომავალ წელს საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 100-100 ლარით გაიზრდება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ-ების დაფინანსება ხელფასების 10%-იანი მატების ხარჯზეა გაზრდილი; ააიპების სხვა ხარჯები, ჯერჯერობით, თითქმის იგივეა, რაც 2023 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით.

2024 წლისთვის, 2023 წელთან შედარებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები მიზნობრივი ტრანსფერი 76, 6 ათ. ლარით მცირდება და 178,4 ათ. ლარით განისაზღვრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბავშვის უფლებების განყოფილების პროგრამების დასაფინანსებლად.

მიზნობრივი ტრანსფერით, გასულ წლებში, სამხედრო აღრიცხვის სამსახურიც ფინანსდებოდა. თავდაცვის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.

2024 წლისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ქონების გადასახადი, 2023 წელთან შედარებით, 550 ათ. ლარით მცირდება და 1 900 ათ. ლარით დაიგეგმა.

„ქონების გადასახადის უმეტეს წილს ბიუჯეტში რიკოთის ავტობანისა და ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანიები იხდიდნენ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – რადგან ეს მშენებლობები უკვე სრულდება, ქონების გადასახადიც შემცირებულად დავგეგმეთ“.

ჯარიმებიდან შემოსავლები 971,7 ათ. ლარით დაიგეგმა. მერის პირველი მოადგილე არ იზიარებს საკრებულოს წევრთა შენიშვნას, რომ ეს შემოსავალი უფრო მეტი ოდენობით განისაზღვროს, რადგან მისი თქმით, ჯარიმები ყველაზე არამყარი შემოსავალია და 2023 წელს მისი შესრულების გეგმა ორჯერ შეამცირეს.

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საპროგნოზო მაჩვენებელი 9 358,6 ათ. ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,6 %-ით მეტია.

„ხელფასების 10%-იანი მატების გამო, 2024 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 500 ათას ლარს ველოდებით“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 1 665,7 ათ. ლარი განისაზღვრა. მომავალ წელს, ჯერჯერობით, ახალი სოციალური პროგრამის დამატება არ იგეგმება.

 

2024 წლის სავარაუდო სიახლეები

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, 2024 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალური ტრანსპორტის თანადაფინანსება გაიზრდება. კერძოდ, იგეგმება ახალი მიმართულების დამატება კიცხის ზონის სოფლებისთვის და ლეღვნის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე მგზავრობის თანადაფინანსება.

მერია ასევე აპირებს, რომ შიდა ტურიზმის ცენტრი სპორტის განვითარების ცენტრს გამოეყოს და კულტურის და ხელოვნების ცენტრს დაექვემდებაროს.

 

რას ითხოვენ მოქალაქეები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მყოფმა მოქალაქეებმა რამდენიმე საკითხი დააყენეს.

მანანა ტაბაშიძე მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ მოსაგვარებელია მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. მისი თქმით, შესაძლოა, მიუსაფარმა ძაღლებმა ვინმე იმსხვერპლონ. მას არასაკმარისად მიაჩნია ადგილობრივ ბიუჯეტში მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის გამოყოფილი 18 ათ. ლარი.

ქეთევან შარიქაძე ძალადობის მსხვერპლი იმ ქალების პრობლემაზე საუბრობს, რომლებიც მოძალადის ოჯახებიდან წამოვიდნენ და ვერ ერთვებიან თვითმმართველობის სოციალურ პროგრამაში, რაც მათთვის ბინის ქირის გადახდას ითვალისწინებს.

საქმე იმაშია, რომ ქალები მეუღლეების ქონების თანამესაკუთრეებად ითვლებიან. ადგილობრივი ბუჯეტიდან ქირას კი იმ შემთხვევაში დაუფარავენ, თუ მათ სახელზე არავითარი ქონება არ ირიცხება. მეუღლის თანაზიარ ქონებაზე რომ უარი თქვან, ეს მომსახურება საჯარო რეესტრში ფასიანია და 150 ლარი ღირს.

ქეთევან შარიქაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ექიმთან ვიზიტისა და სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირების თანხის მუნიციპალურ ბიუჯეტში გათვალისწინებას ითხოვს.

მან ასევე ისაუბრა ღუდუმექეთში სვანიძეების საუბნო გზის პრობლემაზე. ეს გზა, მისი თქმით, წლებია დაზიანებულია და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარისხიანად ვერ კეთდება. ქეთევან შარიქაძე ამბობს, რომ თუ ამ გზის პრობლემა არ მოგვარდა, ხელისუფლებას ამ სოფლის მოსახლეობის არჩევნებზე მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება.

„წლებია, ვითხოვ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის გაწმენდას და საყრდენი კედლის გამაგრებას, – აღნიშნა ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე ბიჭიკო მაისურაძემ, – ჩემზეა ნათქვამი, „წინ წყალი, უკან მეწყერიო“. რა გახდა, ბოლოს და ბოლოს. სახლი უნდა დამენგრეს და თან ჩამიყოლოს?! მარტოხელა პენსიონერი ვარ და მომიგვარეთ ეს პრობლემა“.

მოლითის სკოლის დირექტორი როლანდ ცუცქირიძე ხარაგაულიდან მოლითში მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიურად დანიშვნას ითხოვს. ეს მიკროავტობუსი ამ დრომდე კვირაში სამ დღეს მოძრაობს და ძირითადად, ჩხერიმელას ხეობის სკოლებში დასაქმებული მასწავლებელები გადაჰყავს.

ხიდრის სკოლის დირექტორის, ეთერ პაპავას სურვილია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ხარაგაულის სკოლებში მოსიარულე მასწავლებლების მგზავრობის თანხის დაფინანსება გაითვალისწინონ.

კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი სკოლის მიმდებარე საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების განთავსებას ითხოვს.

 

ხარაგაულში მცხოვრები მაკა ტალახაძე შინმოვლის პროგრამის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

რას გვპირდება ხელისუფლება

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 2024 წელს ყველა იდეისა და წინადადების განხორციელებას ვერ შეძლებენ.

„მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად, ჯერჯერობით, თანხა არ გვყოფნის, რომ რაიმე ეფექტური ღონისძიება დავგეგმოთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – გამოსავალი რეგიონული თავშესაფრის მოწყობაა; რამდენადაც ვიცი, სამხარეო ადმინისტრაციაში თავშესაფრის მოწყობაზე მსჯელობენ.

ძალადობის მსხვერპლი ქალების ბინის ქირისა და შშმ ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი სოციალურ პროგრამებში ცვლილებებს საჭიროებს. ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს ხანში აუცილებლად იმსჯელებს.

ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია 2024 წელს იგეგმება.

მოლითის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირის გაზრდა ძალიან გაგვიჭირდება, – არ იქნება სამართლიანი, რომ მოქალაქეთა მგზავრობა კვირაში ხუთი დღე დავასუბსიდიროთ მოლითში და სხვა სოფელში – არც ერთი დღით. 2024 წლისთვის ვერც მასწავლებლების ტრანსპორტირებას დავაფინანსებთ.

კიცხის სკოლის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების განთავსების პრობლემას ადვილად მოვაგვარებთ.

ბიჭიკო მაისურაძის მოთხოვნას რაც შეეხება, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ამ საკითხს შეისწავლის.

შინმოვლის პროგრამა 2024 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ასეთი პროგრამების თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტში 60 ათასი ლარი გავითვალისწინეთ“, – აცხადებს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

 

რა მიიღეს წელს და რა დაუგეგმეს მომავალში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ-ების თანამშრომელთა ხელფასები 2024 წელს 10%-ით იზრდება, ამ სამსახურების ხარჯები – უმნიშვნელოდ.

– ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი 2023 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 232 500 ლარით ფინანსდება, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით – 260 400 ლარია გათვალისწინებული;

– მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 2023 წელს 215 ათ. ლარით ფინანსდება, 2024 წლის პროექტით 228 ათ. ლარია განსაზღვრული;

– სათნოების სახლი – 2023 წელს ფინანსდება 240 ათ. ლარით, 2024 წლის პროექტით დაგეგმილია ასევე 240 ათ. ლარი;

– სამუსიკო სკოლა – 2023 წელს 183 300 ლარით ფინანსდება; 2024 წლის პროექტით 221 600 ლარია დაგეგმილი;

– სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 2023 წელს 2 310 000 ლარით ფინანსდება, 2024 წლის პროექტით კი 2 450 000 ლარია განსაზღვრული;

– კულტურის და ხელოვნების ცენტრი 2023 წელს ფინანსდება 982 500 ლარით, 2024 წლის პროექტით დაგეგმილია – 1 061 700 ლარი;

– სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი 2023 წელს ფინანსდება 590 ათ. ლარით, ხარაგაულის ბიუჯეტის 2024 წლის პროექტით კი იგეგმება 660 ათ. ლარი;

– კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება 2023 წელს ფინანსდება 1 906 700 ლარით, – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულია – 2 158 800 ლარი;

– მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრი – 2023 წელს აფინანსებენ 94 500 ლარით, 2024 წელს აპირებენ – 97 ათ. ლარით დაფინანსებას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით 4 970, 8 ათ. ლარითაა განსაზღვრული; მათ შორის – საკრებულოს დაფინანსება – 1 107,9 ათ. ლარით, მერიის – 3 592, 9 ათ. ლარით.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

როგორ ეხმარება ხარაგაულის თვითმმართველობა ძალადობაგამოვლილ პირებს

ხარაგაულის საკრებულოს წევრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასკოლო კვების დაფინანსებას მოითხოვენ

2024 წლიდან სამხედრო აღრიცხვის მუნიციპალური სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება