3 დეკემბერს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გამართა.
„გამოფენა-გაყიდვა პროექტის „დედები შშმ შვილებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, – ამბობს „ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი რუსუდან გურგენიძე, – პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩვენი ორგანიზაცია ევროპის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.
სამი თვის განმავლობაში შაბათ-კვირას შშმ ბავშვების მშობლები ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლობდნენ მაკრამეს, ქსოვას, ბიჟუტერიის შექმნას. დღეს მათ მიერ შექმნილი ნივთები გამოიფინა. ასევე გამოფენილია შშმ ბავშვების ნამუშევრები, ეს ნამუშევრებიც დღის ცენტრის ბენეფიციარებმა შექმნეს.
ამ პროექტის ფარგლებში შაბათ-კვირას ასევე ფუნქციონირებდა საკვირაო დღის ცენტრი შშმ ბავშვებისათვის, სადაც ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „მწვანე სახლის“ მოწვეული ფსიქოლოგები მუშაობდნენ შშმ ბავშვებთან. ძალიან მოკლე დროში მოხდა დიდი ცვლილება ბავშვების ქცევებში, ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა აუცილებლობა იმისა, რომ დღის ცენტრის ამოქმედება ხარაგაულში საჭიროა.
დღესვე გაიყიდება ამ ბავშვების მიერ შექმნილი საახალწლო აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება დღის ცენტრის ამოქმედებას ხარაგაულში. ასევე ვაპირებთ, სახალხო დაფინანსებით მოვიძიოთ თანხები, გადავამზადოთ სპეციალისტები და ვიმუშავოთ იმისათვის, რომ ხარაგაულში შშმ ბავშვებისათვის დღის ცენტრი გაიხსნას“.
გამოფენაზე ზრდასრულთა განათლების ცენტრის მაკრამეს წრის ტრენერმა მარინა ვეფხვაძემ წარმოადგინა ამ წრეზე შექმნილი წიგნი ,,სამი გოჭი“, რომელიც სპეციალურად შშმ ბავშვებისათვის შეიქმნა და მათ საჭიროებებზეა მორგებული.
„წიგნი აწყობილია პაზლებით, რომელიც ბავშვების წვრილი მოტორიკის განვითარებას ემსახურება. მასში ასევე გამოყენებულია სხვადასხვა ფერები, გეომეტრიული ფიგურები და აქსესუარები. მათი საშუალებით შშმ ბავშვები მათ გარჩევას სწავლობენ“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
რუსუდან გურგენიძემ გამოფენაზე მადლობა გადაუხადა ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს, ხარაგაულის მერიასა და „მწვანე სახლის“ ფსიქოლოგებს.
გამოფენის ბოლოს პროექტში მონაწილე შშმ ბავშვებს ხარაგაულის მერიის დაფინანსებით შეძენილი საჩუქრები გადაეცათ.
გამოფენა გაყიდვა-გაყიდვა ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში 4 დეკემბერს დაიხურება.
თამთა გოგოლაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
„მუნიციპალიტეტებში ბავშვთა საჭიროებები კვალიფიციურმა ორგანიზაციებმა უნდა იკვლიონ“
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.