„ჩემი ხარაგაულის“ ორგანიზებით, 13 ოქტომბერს, ხარაგაულის ბიბლიოთეკის დარბაზში მკითხველებთან შეხვედრა გაიმართა მედიაორგანიზაცია „ქუთაისი პოსტის“ პროექტის – „თავისუფალი მედია სიტყვის თავისუფლებისთვის“ – ფარგლებში.

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით; რა მოხდებოდა, რომ არ იყოს დამოუკიდებელი მედია და რა გველოდება მომავალში, – ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, დისკუსია ამ თემებზე გაიმართა.

შეხვედრის სპიკერმა, ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ საბჭოთა წარსულის მძიმე მაგალითები მოიყვანა, – თუ როგორ წაშალა ცენზურამ ადამიანების ცხოვრება, როგორ ამახინჯებს ცენზურა აწმყოს და ამღვრევს მომავალს.

– დღესაც უამრავი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ, – ამბობს დავით ლიკლიკაძე, – თითოეულ ჩვენგანს – მასწავლებელი იქნება, ჟურნალისტი თუ ექიმი, გვევალება, ჩვენს ირგვლივ ბევრი რამ შევცვალოთ, რომ ხვალ უკეთესად ვიცხოვროთ. ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებთ და ქვეყნის განვითარებაში მედიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

საბჭოთა პერიოდში ცენზორის თანამდებობაც კი არსებობდა. მაშინ რთული იყო აზრის თავისუფლად გამოხატვა, საღად მოაზროვნე ადამიანებს უკვალოდ აქრობდნენ. დღეს ცენზურის ფორმები შეიცვალა. ადამიანების გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობენ. განსხვავებული აზრისთვის, მაგალითად, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს გათავისუფლებით, ოჯახის წევრის შევიწროებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით და ა.შ. ემუქრებიან.

დღეს „რუსული რბილი ძალა“ ბომბით კი არ გვებრძვის (თუმცა, ბომბებიც გამოვცადეთ რუსეთისგან), არამედ პროპაგანდითა და დეზინფორმაციით ჩვენი აზროვნების შეცვლას ცდილობენ; ახალი ტექნოლოგიებით გვიბიძგებენ, არა მარტო დეზინფორმაცია დავიჯეროთ, არამედ მისი გამავრცელებლებიც გავხდეთ.

სამი-ოთხი წლის წინ ფეისბუქში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „იტალიაში 83 წლის მონაზონი ქალიშვილობას ჰყიდის“. იყო ხორხოცი, სიცილი, მაგრამ ეს სულაც არ აღმოჩნდა სასაცილო და იყო მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია.

 

მედიის განვითარების ფონდმა ეს საკითხი შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ ფოტოზე გამოსახულია ესპანელი მონაზონი, რომელიც 1982 წელს გარდაიცვალა და მას, თავისი სიწმინდით, ესპანეთში უდიდეს პატივს სცემდნენ. ინფორმაცია დამახინჯებულად გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ საზოგადოებამ იფიქროს, – აი, რა ცუდი ყოფილა ევროპა.

ხარაგაულელი გლეხი ან მასწავლებელი რომ საღამოს სახლში დაღლილი მივიდა და წაიკითხა, – იფიქრა, რა საშინელებაა ევროპაში, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ამას ხომ არ იკადრებენ. ასეთი დეზინფორმაცია მიმართულია იქითკენ, რომ შენ აღარასოდეს გაიხედო ევროპისკენ. ასეთი დამანგრეველი შედეგი მოაქვს ტყუილს.

წვეთ-წვეთად ვიღებთ არასასურველ შედეგებს, – გამიზნულს იქითკენ, რომ ქვეყანა დაშორდეს დასავლურ ღირებულებებს. ადამიანი თუ საღად აზროვნებს, როგორ უნდა გაიხედოს რუსეთისკენ, სადაც ომები, პრობლემები, გაჭირვება და შიმშილია.

არც ერთი რუსი მილიარდერი რუსეთში არ ცხოვრობს; მაგალითად, ლევან ვასაძის შვილები ლონდონში სწავლობენ და ეს კაცი გვეუბნება, ევროპისკენ არ გაიხედოთ, თორემ ჩოხას შემოგახევენ და ბაგრატის ჩუქურთმას გაიტაცებენო. ადამიანები ვაზროვნებთ და უნდა გავაანალიზოთ, – რომ თუ რუსეთში ჯობია, რატომ ჰყავს მაშინ მას ოჯახი ევროპაში?!

დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის მართვა ადვილია. დამოუკიდებელი მედია გვეხმარება რეალური ინფორმაციის მიღებაში, რომ არ აღმოვჩნდეთ პროპაგანდის მსხვერპლი.

სოციალური ქსელი გაჯერებულია ისეთი ანტიდასავლური თემებით, რამაც შეიძლება ჩვენს ღირებულებებს ზიანი მოუტანოს და სტერეოტიპები, მსხვრევის ნაცვლად, გაამყაროს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება. საკუთარი აზრი უნდა გამოხატოს ყველამ, თუ მისი მოსაზრებები არ არის ანტისახელმწიფოებრივი.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წელს კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ათი წლის წინ 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე ვიყავით, ახლა 89-ე ადგილზე ვართ. ეს საგანგაშოა.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ – „ქუთისიპოსტის“ ამ პროექტის ფარგლებში იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში დავდივართ და მოქალაქეებს ღია სივრცეებში ვხვდებით. საჩხერეში პოლიციელი მოვიდა და მკითხა, რა საკითხზე ვიყავი ჩასული. რატომ იყო ეს მისი საქმე?! თავისუფლად გადაადგილების, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს“.

დავით ლიკლიკაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციას დროულად ან საერთოდ არ აწვდიან და ამ კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით კი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

„ქუთაისიპოსტის“ დამფუძნებელი თეა ზიბზიბაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერია მისი მედიაორგანიზაციის ჟურნალისტებს ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიმართვას სთხოვს და ხშირად, პასუხის მიღებისთვის კანონით განსაზღვრულ ათდღიან ვადას არღვევს. „გვეკარგება მნიშვნელოვანი დრო და რაც მთავარია, მოქალაქეებს სამთავრობო მედიებიდან კონკრეტული ფაქტების შესახებ არასწორი ინფორმაცია მიეწოდებათ“, – ამბობს თეა ზიბზიბაძე.

ხარაგაულში ორგანიზებულ შეხვედრაზე მყოფი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ის დრო გაიხსენა, როდესაც წინა ხელისუფლების დროს „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას უკრძალავდნენ და საჯარო ინფორმაციას არ აწვდიდნენ. ის საეჭვოდ მიიჩნევს ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კვლევას, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. მისი თქმით, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმაციას ჟურნალისტებს, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის“.

„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე გამართულ შეხვედრებში დამოუკიდებელი მედიის ჩართვის მნიშვნელობას ვერ იაზრებს. ამით აზარალებს მოსახლეობას და საზოგადოებას პროფესიულ დონეზე მომზადებული, სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს.

„ჩემი ხარაგაულის“ მკითხველის ინფორმირებისთვის აბსოლუტურად ერთნაირი ხელისშეშლაა, – ადმინისტრაციული შენობა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებისთვის დაკეტილია თუ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან, – ამბობს ლაურა გოგოლაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, კანონს არ არღვევენ და გვპასუხობენ, მაგრამ ჩვენს შორის ურთიერთობა არის ცალმხრივი.

ამის გამო მოქალაქეები, „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველები ზარალდებიან. ვერ თანამშრომლობს მერია ჩვენთან. საკრებულო აღარ გვაწვდის ინფორმაციას რიგგარეშე სხდომების შესახებ. ჩვენგან ორგანიზებულ შეხვედრებზე კი გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო პირებს ყოველთვის ვიწვევთ იმიტომ, რომ არ შეიძლება ცალ-ცალკე ყოფნა.

ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მივმართავ – ითანამშრომლეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთადერთ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციასთან „ჩემი ხარაგაული“, – რომ ფაქტები და მოვლენები მაღალპროფესიულ დონეზე, დროულად და კვალიფიციურად გავაშუქოთ და ამით მუდმივად ინფორმირებული იყოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა“.

„ჩემი ხარაგაული“ პროფესიულ წრეებში ერთ-ერთ საუკეთესო მედიაორგანიზაციად ითვლება და თქვენ შეგიძლიათ ამით იამაყოთ, – მიმართა შეკრებილ საზოგადოებას დავით ლიკლიკაძემ, – 25 წლის განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებენ და ითვლებიან პიონერებად, ცენტრალური მედიაორგანიზაციების გვერდით.

რას დაკარგავს თითოეული მოქალაქე, თუ მედია არ იქნება თავისუფალი? – უამრავი პრობლემა, რომელიც მედია გაშუქებით მოგვარდა ქვეყანაში, ვერ მოგვარდებოდა. მედია რომ არ ყოფილიყო, წინა ხელისუფლება არ შეიცვლებოდა.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას რომ არ გაეშუქებინა, მაგალითად, ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ზვარეში დასაქმებულთა პრობლემები, ამას ცენტრალური მედიები ვერასდროს გაიგებდნენ. „ჩემი ხარაგაული“ მარტო ხარაგაულისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს აშუქებს.

ცალკე საზოგადოებაც განწირულია და მედიაც. დამოუკიდებელი მედია საზოგადოების დასაცავიცაა. მოსახლეობამ  სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უნდა დაიცვას. დამოუკიდებელი მედია ყოველთვის არის ნებისმიერი ხელისუფლების სამიზნე. ამიტომ ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლებმა, უნდა დავიცვათ მედია, რადგან მედია გვიცავს ჩვენ“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე ნახეთ ვიდეორგოლები:

შეხვედრის ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.