USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში პარტნიორი სკოლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. „მოსწავლეთა თვითმმართველობების როლი და ფუნქციები“ – ამ თემაზე ტრენინგი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
ტრენინგში ამ პროგრამაში ხარაგაულიდან ჩართული ექვსივე პარტნიორი სკოლის (ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3, ბორითის, ბორის, კიცხისა და მარელისის) მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
„თვითმმართველობის წევრებს მათი როლისა და ფუნქციების უკეთ გააზრებაში ვეხმარებით, – ამბობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის იმერეთის რეგიონის მენეჯერი ნუგზარ კოხრეიძე, – მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამა „ღია თვითმმართველობის“ შესახებ, რომელიც სკოლის თვითმმართველობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კარგად გააცნობიერონ, რა როლი, ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობას სასკოლო ცხოვრებაში. მათი როლი კი საკმაოდ სერიოზულია – მოსწავლეთა თვითმმართველობა გასცემს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ, სამეურვეო საბჭოს წარუდგენს წინადადებებს სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ქმნის სასკოლო კლუბებს.
მოსწავლეთა თვითმმართველობას თავისი წარმომადგენელი ეყოლება სკოლის სამეურვეო საბჭოში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ის ავტომატურად ხდება სკოლაში მიმდინარე პროცესების – სასკოლო გეგმის შეფასების, ფინანსური და საკადრო პოლიტიკის მართვის, სკოლის სამომავლო განვითარების ხედვისა და მიზნების ჩამოყალიბების, სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავების, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის თანამონაწილე.
თავის მხრივ, სკოლის დირექცია მოსწავლეთა თვითმმართველობის მხარდამჭერი უნდა იყოს“.
ბორითის სკოლის მოსწავლე ელენე გორგაძე, რომელიც სკოლის თვითმმართველობაში წელს მეორედ აირჩიეს, ამბობს, რომ ტრენინგზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღო. „შევეცდებით, უფრო გავაქტიურდეთ და სასკოლო ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი, ნაყოფიერი და ეფექტური გავხადოთ. ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ. აქტიურად ჩავერთვებით სამეურვეო საბჭოს საქმიანობაშიც“, – ამბობს ელენე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, PH International – საქართველო მეორე წელია, ახორციელებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას. აღნიშნულ პროგრამას აფინანსებს USAID და მისი მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა.
პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეირჩა 650 სკოლა და მათი სია განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცდა. პროგრამაში იმერეთის რეგიონში შერჩეულია 93 სკოლა.
პროგრამა 5 წლის განმავლობაში იმუშავებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
ამავე თემაზე
სამოქალაქო საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებით გაძლიერდება
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების