ხარაგაულის გიმნაზიის ხუთი უფროსკლასელი – მარიამ თაბუკაშვილი, თამარ ჭიპაშვილი, დავით ჩადუნელი, თეო ჭიპაშვილი და მარიამ მდივნიშვილი, გაცვლითი პროგრამით, ევროპის ხუთ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის ისინი თრუსოს ხეობის მართლმადიდებლურ ბანაკში „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ შეარჩიეს.
ახალგაზრდები გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის რამდენიმე ქალაქს ესტუმრენ. მათი ვიზიტის მიზანი ქართული კულტურის წარმოჩენა გახლდათ. უცხოეთიდან დაბრუნებული მოსწავლეები შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.
„ჩვენი მოგზაურობის განრიგი წინასწარ იყო შედგენილი – მხოლოდ შვეიცარიასა და გერმანიაში უნდა ჩავსულიყავით, – გვიამბობს დავით ჩადუნელი, – გერმანიაში გვითხრეს, რომ კიდევ სამ ქვეყანას ვესტუმრებოდით. ძალიან გაგვიხარდა. დიდი გამოცდილება მივიღეთ, დავუმეგობრდით უცხოელებს. მათ ქართული კულტურა გავაცანით და შევაყვარეთ.
შვეიცარიის ქალაქებში – ბაზელსა და ბერნში ვიმყოფებოდით, შემდეგ – სოფელ ნუნნინგენში. ყველგან თვალშისაცემი სისუფთავეა. ალბათ, იქ კანონს არც არავინ არღვევს. ირგვლივ სიმშვიდე და სიწყნარეა. ამ მოგზაურობამ თავდაჯერებულობა შემმატა. უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, საქართველოს სახელი კარგად წარმომეჩინა და უცხოელებს ჩვენს ქვეყანაზე კარგი შთაბეჭდილება შექმნოდათ. ევროპაში ჩვენ ერთგვარი „ელჩები“ ვიყავით“.
„გერმანიის ქალაქ კლოსტერ არნსტეინში ჩასულებს ქართველი მონაზვნები დაგვხვდნენ, – ამბობს მარიამ თაბუკაშვილი, – ჩვენთან ერთად თრუსოს ხეობის ბანაკის ორგანიზატორი არქიმანდრიტი იოანე (ფერაძე) იმყოფებოდა. შვეიცარიაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაგვხვდენ. ყოველი დილა იწყებოდა წირვით, სადაც ჩვენ ვგალობდით. არასდროს დამავიწყდება, პარიზში ცეკვის დროს ემიგრანციაში მყოფი ქართველები რომ მოვიდნენ და ჩაგვეხუტენ.
შვეიცარიაში ქართველმა ემიგრანტებმა გვიმასპინძლეს. საელჩოში კერძები ქართული სამზარეულოდან დაგვახვედრეს. ევროპაში მოგზაურობისას ყველაზე მეტად ქართული კერძები გვენატრებოდა. შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა სევდიანად გვითხრეს, – რა კარგია, სამშობლოში რომ ბრუნდებითო.
უცხოელებს უკვირდათ, როგორ შეგვეძლო სულ ცეკვა და სიმღერა, ამდენი ენერგია საიდან გვქონდა. ჩვენი თანატოლები გვთხოვდნენ, გვასწავლეთ ქართული სიმღერებიო.
ვფიქრობ, ჩვენი მიზანი, რომ უცხოელები საქართველოთი დაგვეინტერესებინა, შევასრულეთ“.
„სკოლებში, ღია ცის ქვეშ, მოხუცთა თავშესაფარში კონცერტებს ვმართავდით, – ამბობს თეონა ჭიპაშვილი, – ევროპაში გატარებული ეს თორმეტი დღე ახალი შეგრძნებებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე იყო. ქართველები, ვისაც კი შევხვდით, განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას იჩენდნენ“.
„შვეიცარიაში ფიროსმანის გამოფენაზე ვიმყოფებოდით და ამის გამო თავი ძალიან ამაყად ვიგრძენი, – გვიყვება მარიამ მდივნიშვილი, – გაგვიმართლა, რომ იმ დღეებში მუზეუმში პიკასოს ნახატების გამოფენა გაიხსნა. ჩვენი კონცერტის შემდეგ შვეიცარიელ თანატოლებს ფრენბურთი ვეთამაშეთ და გავიმარჯვეთ.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ინგლისური ენის მეტყველებაში გავიწაფე. დავრწმუნდი, რომ მომავალი პროფესია, – ინგლისური ენის ფილოლოგობა, სწორად ამირჩევია. ევროპაში მოგზაურობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო“.
თამარ ჭიპაშვილი: – პარიზში თუ აღმოვჩნდებოდით, ნამდვილად არ გვეგონა. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩვენთან ერთად ზესტაფონელი, სამტრედიელი, ქობულეთელი და დედოფლისწყაროელი თანატოლები იმყოფებოდნენ. ჯგუფში სულ თორმეტი ვიყავით. მათგან ხუთი ხარაგაულელი.
მიხარია, რომ უცხოეთში დამოუკიდებლად მოგზაურობის გამოცდილება მივიღე. ევროპის ხუთ ქვეყანაში დაუვიწყარი თორმეტი დღე გავატარეთ. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ვიზიტი დაგეგმა და განახორციელა.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.