ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ხუთი უფროსკლასელი – მარიამ თაბუკაშვილი, თამარ ჭიპაშვილი, დავით ჩადუნელი, თეო ჭიპაშვილი და მარიამ მდივნიშვილი ათი დღით, გაცვლითი პროგრამით, გერმანიასა და შვეიცარიაში გაემგზავრნენ.

ხარაგაულის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის დეკანოზი პავლეს (ცერცვაძე) ინფორმაციით, ეს მოსწავლეები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის თრუსოს ხეობის მართლმადიდებლურ ბანაკში „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ ყოფნის დროს შეარჩიეს.

„უკვე სამი წელია, ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეები, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ამ ბანაკში მონაწილეობენ.

თრუსოს ხეობის ბანაკის ორგანიზატორია არქიმანდრიტი იოანე (ფერაძე). იქ ბავშვები არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ უამრავ შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში ერთვებიან. ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეები შემოქმედებითი ნიჭით შეირჩნენ. მადლობა ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს და მადლობა ბანაკის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის“, – ამბობს დეკანოზი პავლე.

„ივლისში თრუსოს ხეობის ბანაკში ყოფნის დროს ჩვენთან შვეიცარიიდან სასულიერო პირები მობრძანდნენ, – ამბობს თეო ჭიპაშვილი, – სწორედ ამ დროს შეგვარჩიეს რამდენიმე მოსწავლე. ეს გაცვლითი პროგრამა ქართული კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად. მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ ქობულეთში, სადაც რეპეტიციებისთვის ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს“.

მშვიდობიან მგზავრობას, ბედნიერ და წარმატებულ ვიზიტს ვუსურვებთ ხარაგაულელ მოსწავლეებს.

თამთა გოგოლაძე