თბობის სეზონის მოახლოებასთან ერთად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ახალი საზრუნავი და ხარჯი ემატება – ოჯახის შეშით მომარაგება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მაცხოვრებლები სათბობად კვლავ შეშას იყენებენ.
ჩრდილელი რუსუდან ჩაჩანიძე ამბობს, რომ ზამთრისთვის შეშის შესაძენად 1000 ლარზე მეტი თანხაა საჭირო. ოჯახების უმრავლესობას კი ამის საშუალება არ აქვს. რუსუდანი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში სათბობად შეშას აღარ უნდა მოვიხმარდეთ, რადგან ხე-ტყის მასობრივად ათვისება ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს. ამიტომ ის ამბობს, რომ სოფლების გაზიფიცირების დაჩქარება აუცილებელია.
როგორ ავიღოთ შეშის მოსაპოვებლად ბარათი, ვის და როგორ მივმართოთ, რა სიახლეები იგეგმება სატყეო სექტორში – ამ საკითხებზე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსს გიორგი ბახტიძეს ვესაუბრეთ.
გიორგი ბახტიძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2023-2024 წელს თბობის სეზონისთვის 2 900 კბმ ტყეკაფი გამოიყო. მისივე თქმით, ტყეკაფები შეირჩა ისე, რომ საშეშე მერქნის გარეშე არც ერთი სოფელი არ დარჩეს.
„პრობლემა გვაქვს ნადაბურსა და ციცქიურში, რადგან ამ სოფლებში შეშაზე დიდი მოთხოვნაა, – ამბობს გიორგი ბახტიძე, – გასულ წელს ამ ორი სოფლისთვის საშეშე მერქანი საჩხერიდან მოვითხოვეთ. წელს, ვცდილობთ, ეს აღარ დაგვჭირდეს.
ხე-ტყის დამზადების ბილეთისთვის მოქალაქე შესაბამის თანხას „ლიბერთი ბანკში“ გადაიხდის. ამ ბარათის მოქმედების ვადა სამი თვეა და მასზე დატანილია ტყეკაფზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი.
ამის შემდეგ მოქალაქე მეტყევეს დაუკავშირდება, რომელიც განუსაზღვრავს მის საცხოვრებელ სახლთან ახლოსმდებარე ტყეკაფს. შეშის დამზადების შემდეგ მეტყევე ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის მისი წარმოშობის დოკუმენტს გამოგიწერთ. საშეშე მერქანი ტყიდან ამ დოკუმენტის გამოწერიდან 12 საათის განმავლობაში უნდა გაიტანოთ.
ერთ ოჯახს 7 კბმ შეშის მოპოვების უფლება აქვს. ერთ კბმ რცხილისა და წიფელის საშეშე მერქნის ბარათისთვის 6 ლარია გადასახდელი, მუხის საშეშე მერქნისთვის – 7 ლარი, ხოლო რთხმელის საშეშე მერქნისთვის – 5 ლარი.
მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას – ტყეში შეშის დამზადებისა და მისი ტრანსპორტირების ხარჯს, რაც წლიდან წლამდე იზრდება იმის გამოც, რომ ტყეკაფები თანდათან უფრო ძნელადმისადგომ ადგილებში გამოიყოფა.
ამ მდგომარეობამდე ტყის მასობრივმა ჩეხვამ მიგვიყვანა. ტყეკაფის გამოყოფისას გასათვალისწინებელია ფერდის დახრილობა, ხეების სიხშირე, მათი ჯიშები, ასაკი და სხვ.
ამ ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი ე.წ. „საქმიანი ეზოების“ შექმნაა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ თეთრაწყაროში „საქმიანი ეზოს“ მშენებლობა მალე დაიწყება და ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„საქმიანი ეზოდან“ ნებისმიერ ოჯახს შეეძლება დამზადებული საშეშე მერქნის ყიდვა. სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხარაგაულში ერთ კბმ საშეშე მერქნის (წიფელა) ღირებულება ასი ლარია. ეს შედარებით იაფია, რადგან ამჟამად ზამთრისთვის სამყოფი შეშის შესაძენად 1000-1500 ლარია საჭირო“.
გიორგი ბახტიძის ინფორმაციით, 2026 წლიდან მუნიციპალიტეტებში „საქმიანი ეზოები“ მასიურად ამოქმედდება. შეშის დამზადებასა და მის ტყიდან გამოტანაზე პასუხისმგებელი სატყეო სააგენტო იქნება.
ხარაგაულის სატყეო უბანი მალე საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების შეშით მომარაგებას დაიწყებს. მეტყევეები დაამზადებენ და ხარაგაულში დაასაწყობებენ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქანს.
გიორგი ბახტიძე ამბობს, რომ დღეისათვის ყველაზე პრობლემური პატარა სახვლარის ტყეკაფამდე მისასვლელი გზაა. ამ ტყეკაფამდე მხოლოდ საურმე გზა მიდის. სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მოლაპარაკებები მიდინარეობს, რომ ამინდის გაუარესებამდე ეს გზა ერთობლივი ძალებით მოაწესრიგონ.
სატყეო სააგენტომ ხარჯები გასწია იმისთვის, რომ მოსახლეობა უშეშოდ არ დარჩეს. ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი ყველას მოგვიწოდებს, რომ საშეშე მერქანი კანონიერად მოვიპოვოთ და ტყის შენარჩუნებას ხელი შევუწყოთ.
ნინო კაპანაძე
გთავაზობთ ხარაგაულში მოქმედი სატყეო უბნების ტყის მცველთა ტელეფონის ნომრებს:
რიკოთხევის სატყეო უბანი – ერასტი ღამბაშიძე- 595 000 362;
ბორითის სატყეო უბანი – პაპუნა ჭიპაშვილი – 595 00 30 64;
საქასრიის სატყეო უბანი – ლევან სახვაძე – 598 23 07 83;
ვარძიის სატყეო უბანი – კახაბერ ხიჯაკაძე – 599 898 847;
კიცხის, ფარცხნალის, ხიდარის, ვანისა და სხლითის სატყეო უბანი – გოგი ბერაძე – 557 304 275;
წიფის სატყეო უბანი – ერასტი ღამბაშიძე- 595 000 362;
მოლითის სატყეო უბანი – მერაბ ტალახაძე- 595 600 434;
პატარა სახვლარის სატყეო უბანი – გიორგი სახამბერიძე – 595 07 99 98.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.