აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების პროგრამა სკოლებში გასულ წელს დაინერგა.
მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ჩართულია ექვსი სკოლა – ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3, კიცხის, ბორის, ბორითისა და მარელისის საჯარო სკოლები. სულ ამ პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 650 სკოლა მონაწილეობს.
რა სიახლეები იგეგმება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ახალ სასწავლო წელს, რა შედეგებით დასრულდა გასული წელი და რა გამოწვევებია პროგრამის მიმდინარეობაში, – ამის შესახებ სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი იმერეთში, „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი ლანა თოთაძე გვესაუბრება.
„ახალ სასწავლო წელს მაქსიმალური ყურადღება სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების გააქტიურებას დაეთმობა. იგეგმება ტრენინგები და შეხვედრები მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე სასკოლო საზოგადოებასთან. ხშირ შემთხვევაში, თვითმმართველობები ფურცელზე არსებობენ და სასკოლო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ მათ აქვთ უფლებები. ეს უფლებები შეიძლება გამოიყენონ სკოლის მართვის პროცესში და გააუმჯობესონ სასკოლო გარემო.
გასულ წელს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „ტექნიკის კონკურსში“ იმერეთის 93 სკოლიდან ექვსმა სკოლამ გაიმარჯვა; მათ შორისაა ხარაგაულიდან კიცხის საჯარო სკოლა. შესაბამისად, ის გახდება მუნიციპალიტეტში „ლიდერი სკოლა“.
სიახლეა ის, რომ „ლიდერი სკოლები“ თავიანთ მუნიციპალიტეტებში დაიმეგობრებენ ამ პროგრამაში ჩართულ ოთხი სკოლას და ორ არაპარტნიორ სკოლას. დამეგობრებული სკოლები ესტუმრებიან „ლიდერ სკოლებს“; დაიგეგმება ერთობლივი პროექტები და აქტივობები.
წელს კვლავ გამოვაცხადებთ „ტექნიკის კონკურსს“. გამარჯვებული სკოლები საინტერესო პროექტებს განახორციელებენ. ჩატარდება ბიზნეს ფორუმები, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლისა და ბიზნესსექტორის დაახლოებას. სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, შექმნან ისეთი პროექტები, რომლითაც ადგილობრივი ბიზნესი დაინტერესდება და დააფინანსებს.
დაგეგმილია გაერთიანებული შეხვედრები და ვიზიტები არაერთ საინტერესო ადამიანთან. ოქტომბერში პროგრამაში ჩართული სკოლები შეხვდებიან წარმატებულ მოსამართლეებს და ამ პროფესიით დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღონ. პროექტის ფარგლებში ვეხმარებით ახალგაზრდებს, რომ ადრეული ასაკიდან დაფიქრდნენ, რა პროფესიის არჩევა სურთ.
ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენი პარტნიორია ჯეოლაბი, რომელიც „თიბისი ბანკთან“ ერთად გეგმავს ზამთრისა და საზაფხულო სკოლების მოწყობას. ტექნოლოგიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ.
წლის განმავლობაში სკოლებს აქვთ გაწერილი სამუშაო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ისინი გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს. ზაფხულში გვქონდა საინტერესო ვიზიტები საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის სკოლებისთვის, პროფორიენტაციის მიმართულებით.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის კოლეჯი, ასევე კოლეჯი „ივერია“ და სამკერვალო საწარმო „იმერი“. მოსწავლეებმა ნახეს, რომელი პროფესიების დაუფლებაა შესაძლებელი ამ კოლეჯებში, როგორ მუშაობს საწარმო და გაიარეს კონსულტაციები.
წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად თითოეული სკოლა ორ ან მეტ აქტივობას ამზადებს. პროექტში იმერეთიდან ჩართულმა 93-ვე სკოლამ ჯამში 400-ზე მეტი აქტივობა განახორციელა. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი წარმატება, რადგან ამ პროგრამაში ჩართულები არიან არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მთლიანად სკოლა და სათემო საზოგადოება.
გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში შევქმენით სპეციალური პროექტი „ღია თვითმმართველობა“, – შევკრიბეთ იმერეთის მხარის 93 სკოლის თვითმმართველობების წარმომადგენლები. პროექტის მონაწილეებს თამაშ-თამაშით ვასწავლიდით, რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
წლის ბოლოს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, გამოვავლინეთ მოსწავლეთა თვითმმართველობის საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებიც ყველა იმ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ სკოლაში, რაც წესდებით არის განსაზღვრული.
პირველ ადგილზე გავიდნენ ჭიათურის სოფელ რგანის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრები, მეორე ადგილი დაიმსახურა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, ხოლო მესამე ადგილი დაიკავეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საზანოს #3 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ერთ-ერთი აქტივობაა თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებთან. ხშირ შემთხვევაში ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ზესტაფონის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ერთ-ერთ დასახლებაში ნაგვის ურნების განთავსებას ითვალისწინებდა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, ამ დასახლებაში ურნები განთავსდა.
ვფიქრობ, ასეთი წარმატებული პროექტების განხორციელების პროცესში მოსწავლეები თავდაჯერებულები ხდებიან, ახალ სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ; სწავლობენ დაგეგვმას, კომუნიკაციას, დეტალებზე ორიენტირებულები ხდებიან; შეუძლიათ როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური მუშაობა.
წინა წლებში სკოლებში აქცენტი, ძირითადად, თეორიულ სწავლებაზე კეთდებოდა. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას საშუალება მიეცათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მთავარი მიზანია, რომ სკოლა იყოს დემოკრატიული, მოსწავლეები სკოლის ცხოვრებაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, ითანამშრომლონ სხვადასხვა უწყებასთან და თემის საჭიროებასთან მორგებული ინიციატივები წამოიწყონ, რომლის გადაწყვეტის შემდეგ ნახულობენ, რომ მათ ინიციატივას პოზიტიური ცვლილება მოჰყვა.
ამით ისინი ხვდებიან, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები ქვეყნის განვითარებაზე,“ – ამბობს ლანა თოთაძე.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, სამოქალაქო კლუბის წევრები ნუნუკა ჩაჩანიძე და ვერონიკა ჩაჩანიძე, კლუბის ხელმძღვანელი ეკა მელქაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.