იმპიჩმენტი არის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმა, რომელსაც, პირველ რიგში, შესაბამისი თანამდებობის პირის გადაყენება მოჰყვება.

საქართველოს კონსტიტუცია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას უშვებს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

იმპიჩმენტის საფუძვლებია: კონსტიტუციის დარღვევა ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.

ამ საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში გადაყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

პროცედურის პირველი ეტაპია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 (სულ მცირე 50 დეპუტატი).

აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკითხი 7 დღის ვადაში გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს.

საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და 1 თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.

თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 (ანუ, სულ მცირე 100 დეპუტატი). ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება და 45 დღის ვადაში გაიმართება რიგგარეშე არჩევნები.

ვინაიდან 2017-2018 წლების ან შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებდა 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საგამონაკლისო წესს, ხოლო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან გაუქმდა, 2024 წლამდე გასამართი რიგგარეშე არჩევნები წარიმართება კონსტიტუციის ძირითად ნორმაში გაწერილი პროცედურით – არაპირდაპირი წესით.

კერძოდ, ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს 300 წევრიანი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ პარლამენტის ყველა წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და საკრებულოების შემადგენლობიდან პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

პრეზიდენტი აირჩევა კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3 მხარდაჭერით (200 ხმა).

თუ პარლამენტმა სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება.

წყარო