2023 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სოციალური პროგრამები ამოქმედდა:
1) იშვიათი დაავადებების მქონე ერთ წლამდე ასაკის ბავშვების სპეციფიური საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
2) ინვიტროგანაყოფიერების თანადაფინანსების პროგრამა;
3) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა;
4) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა.
როგორ არჩევენ ახალ პროგრამებს, ყველაზე ხშირად რის დაფინანსებას ითხოვენ და რა საჭიროებების წინაშე დგანან ხარაგულელები, – ამ შეკითხვებით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნანა კიკნაძეს მივმართეთ.
– ახალ სოციალურ პროგრამებს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე ვნერგავთ. წლის განმავლობაში, როდესაც მოქალაქე პრობლემით მოგვმართავს და შესაბამისი პროგრამა არ გაგვაჩნია, საკითხს ვინიშნავთ, შემდგომში კი ვმსჯელობთ, ვითვლით, ვაანალიზებთ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და ახალ პროგრამას ამის მიხედვით ვადგენთ.
ყველაზე ხშირად მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისა და ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად მოგვმართავენ. ასევე ხშირია სტიქიით დაზარალებული ოჯახების მომართვიანობა. წინა წლებთან შედარებით, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლების ფინანსური დახმარების თანხაც გაიზარდა.
– ქალბატონო ნანა, თქვენი სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 3 ივლისს საკრებულოს წარუდგინეთ, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა დახმარების ქვეპროგრამიდან 2023 წელს 6 არასრულწლოვანს 6 700 ლარით დაეხმარეთ. კონკრეტულად რა სახის დახმარება გაეწია არასრულწლოვნებს?
– 2020 წლიდან ხარაგაულში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა. შევიმუშავეთ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდამჭერი პროგრამა. ასეთ ოჯახებს, ძირითადად, ისეთ საჭიროებას ვუფინანსებთ, რაც მათ გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
ხშირია ფაქტები, როდესაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებში სიტუაცია, ფინანსური თუ სხვა სახის დახმარების მიუხედავად, მშობელთა არასაკმარისი უნარიანობის გამო, ვერ შეიცვალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამიტომ, მშობლების უნარიანობის ასამაღლებლად, ტრენინგებს ვგეგმავთ.
2024 წლიდან ვაპირებთ არასრულწლოვანთა გრძელვადიანი პროგრამის შემუშავებას. აგვისტოში, როცა მომავალი წლის ბიუჯეტს წარვადგენთ, ამ პროგრამის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.
სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ამ პროგრამის შედგენა კონკრეტული პრობლემის აღმოჩენის შემდეგ გადავწყვიტეთ. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები მოიძია.
აღმოჩნდა, რომ ერთ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სკოლაში თანატოლების მხრიდან ბულინგის გამო არ დადიოდა, მეორე შემთხვევაში კი მას საკუთარი მდგომარეობის რცხვენოდა და საზოგადოებასთან ურთიერთობას, სკოლაში სიარულს თავს არიდებდა.
– თქვენი სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაცია წითელ ჯვართან თანამშრომლობთ, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ამის შესახებ.
– წითელმა ჯვარმა ორჯერ გადმოგვცა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც პირველ ეტაპზე სათნოების სახლის ბენეფიციარებს გადავეცით. ამ ღონისძიებაზე მოვიწვიეთ სოციალურად დაუცველი იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც სათნოების სახლის მომსახურებით ვერ სარგებლობენ. სასაჩუქრე პაკეტები ამერიკელი ბავშვების ხელით იყო დამზადებული. ასევე კომპანია „ვაიკიკმა“ გამოგვიგზავნა ტანსაცმელი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს გადავეცით.
წითელ ჯვართან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხარაგაულელ ახალგაზრდებს შეასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სტიქიური კატასტროფების დროს. ამ ჯგუფის დაკომპლექტება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკრებულოს მივანდეთ და რამდენიმე მოსწავლემ გადამზადების სურვილი გამოთქვა.
– ქალბატონო ნანა, შინმოვლის პროგრამა, რომლის განსახორციელებლად წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინასების სახით 70 ათასი ლარი გამოიყო, როგორ გაგრძელდება 2024 წელს?
– მოგეხსენებათ, შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა 2022 წელს ასოციაცია „ანიკას“ მიერ ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსება დაიწყო.
მომავალი წლისთვის, სავარაუდოდ, პროფრამა სრულად მუნიციპალიტეტებმა უნდა დააფინანსონ. შინმოვლის პროგრამის განხორციელება როგორ გაგრძელდება, ეს აგვისტოში, მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენისას გვეცოდინება.
გასულ თვეში ცვლილება განხორციელდა მოქალაქეთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში. ამიერიდან ბინის ქირა აუნაზღაურდებათ იმ მოქალაქეებს/ოჯახებს, რომლებიც სტიქიური უბედურების შედეგად მომატებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და საცხოვრებელი ადგილიდან გაყვანას ექვემდებარებიან.
ამ დრომდე ბინის ქირას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ უსახლკაროებსა და ძალადობის მსხვერპლ პირებს ვუნაზღაურებდით. ასეთ ოჯახებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ვარეგისტრირებთ.
მერიის შუამდგომლობით გარემოს დაცვის სააგენტოდან მოდიან გეოლოგები და წერენ საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ დასკვნას.
თუ სახლში ცხოვრება სახიფათოა, დაუყოვნებლივ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ვარეგისტრირებთ და ბინის ქირას მანამდე ვუხდით, სანამ ეს სააგენტო სახლს არ შეუძენს.
შესაძლოა, სპეციალისტებმა ოჯახს პრევენციული ღონისძიებების გატარება მოსთხოვონ. ადრე საცხოვრებელი ადგილის კვლევას არავინ ატარებდა. შესაძლოა, საცხოვრებელი სახლი, არასწორი ექსპლუატაციით გამო, ავარიული გახდა; მაგალითად, არასწორი ჰიდროიზოლაციით, ჟოლობების არარსებობით და სხვ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მდგომარეობას ჩვენგან დოკუმენტაციის გაგზავნის შემდეგ ადგილზე სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში ოჯახს 25 ათასი ლარის ფარგლებში სახლს შეუძენს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
გაეცანით სოციალურ პროგრამებს, რომელთა დაფინანსებაც 2023 წელს ხარაგაულის ბიუჯეტიდან იგეგმება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.