2023 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროგრამები ამოქმედდა. კონკრეტულად რა პროგრამები დაფინანსდება 2023 წლის ბიუჯეტში და რამ განაპირობა მათი დანერგვის აუცილებლობა, – ამის შესახებ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ნანა კიკნაძეს ვესაუბრეთ.
„წელს დავნერგეთ იშვიათი დაავადებების მქონე ერთ წლამდე ასაკის ბავშვების სპეციფიური საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ამ მიზნით 3 ათ. ლარია განსაზღვრული. ეს პროგრამა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარეა – დაიბადა ბავშვი, რომელსაც აქვს იშვიათი დაავადება – ცილის აუტანლობა. გასული წლის ბოლოს ამ ახალშობილისთვის სპეციალური ძვირადღირებული საკვები გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამიდან შევიძინეთ.
სიახლეა ინვიტროგანაყოფიერების თანადაფინანსების პროგრამა. გადავწყვიტეთ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მქონე წყვილებს 2 ათ. ლარით დავეხმაროთ. ამ ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტი 20 ათ. ლარია.
2023 წლიდან ვიწყებთ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დანერგვას. კვლევებით დასტურდება, რომ აუტისტური სპექტრის მქონე გაცილებით ბევრი ბავშვია, ვიდრე რეალურადაა დიაგნოსტირებული. ამიტომ, სოფლის საექიმო ამბულატორიების მედპერსონალთან, ა/ო „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ და საბავშვო ბაღების სპეცპედაგოგებთან თანამშრომლობით, გადავწყვიტეთ ამ დაავადების დიაგნოსტირებისა და შემდგომი თერაპიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება.
შემდეგი სიახლეა პროგრამა, რომელიც გულისხმობს შემდეგს – მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვს, რომელიც ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდება, ყოველთვიურად 50 ლარს ჩავურიცხავთ.
2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა დაიწყო. 2023 წელს ამ პროგრამის თანადაფინანსებისთვის 70 ათ. ლარი დავგეგმეთ.
შევიმუშავეთ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა.
ამ პროგრამის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, ოჯახების გაძლიერება, მათთვის საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.
ამავე პროგრამის ფარგლებში, მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგების ჩატარებას ვგეგმავთ. ამ ტრენინგებში მონაწილეობა ნებისმიერ მშობელს შეუძლია. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად 50 ათ. ლარი დავგეგმეთ.
სიახლე უკვე არსებულ პროგრამებშიც განვახორციელეთ:
შშმ პირთა მხარდაჭერის ქვეპროგრამაში მომვლელის თანხა, რომელიც ამ დრომდე ყოველთვიურად 30 ლარი იყო, 50 ლარამდე გავზარდეთ.
მარჩენალდაკარგული – დედით ან მამით ობოლი 21 წლამდე ასაკის პირებისთვის მხარდაჭერის მიზნით ამ დრომდე ერთჯერადად ას ლარს გავცემდით. 2023 წლიდან ასეთი პირები ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ.
მოქალაქეებმა, მუნიციპალური სოციალური პროგრამებით სარგებლობისთვის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს უნდა მიმართონ.
2023 წელს სოციალური დაცვის პროგრამებისთვის ხარაგაულის ბიუჯეტში 1 675 200 ლარია დაგეგმილი. მუნიციპალიტეტში გრძელდება:
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (წლიური ბიუჯეტი 490 ათ. ლარია), რაც ითვალისწინებს: ოპერაციის, მედიკამენტების, სამედიცინო კვლევისა და მომსახურების დაფინანსებას. კერძოდ:
ა) ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას, არაუმეტეს 1000 ლარისა, იმ თანხის 50%-მდე, რომელიც არ ანაზღაურდება კერძო დაზღვევის ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;
ბ) ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში გაიცემა თანხა 1500 ლარამდე;
გ) სამედიცინო გამოკვლევის დაფინანსება 500 ლარამდეა;
დ) ერთჯერადი მხარდაჭერა 150 ლარამდე მედიკამენტის შესაძენად ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტებში;
ე) ერთჯერადი მხარდაჭერა 150 ლარამდე მედიკამენტის შესაძენად პარკინსონის დიაგნოზის მქონე პაციენტებში;
ვ) ერთჯერადი მხარდაჭერა 150 ლარამდე მედიკამენტის შესაძენად ბრონქიალური ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციის დიაგნოზის მქონე პაციენტებში;
შშმ პირთა მხარდაჭერის პროგრამით (წლიური ბიუჯეტი 80 ათ. ლარია) გათვალისწინებულია:
ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა – უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება წელიწადში არაუმეტეს 500 ლარისა. ამ პროგრამის წლიური ბიუჯეტი 226 300 ლარია.
ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების ფინანსური მხარდაჭერისთვის წლიურად 28 ათ. ლარი განისაზღვრა. ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ტრანსპორტის ხარჯისთვის ყოველთვიურად 200 ლარით დაფინანსდებიან;
ლეიკემიით დაავადებულ პირებს, წელიწადში ერთხელ 600 ლარი ჩაერიცხებათ.
მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ბიუჯეტიდან 45 ათ. ლარი გამოიყო.
მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 001-ს არ აღემატება და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი, წელიწადში ერთხელ თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარს მიიღებენ.
მარტოხელა მშობლების მხარდაჭერა – მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ. ამ პროგრამის წლიური ბიუჯეტი 17 ათ. ლარია.
ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის (წლიური ბიუჯეტი 60 ათ. ლარი) ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული ხარაგაულელი უსინათლოები; ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილები. ამ პირებზე ყოველთვიურად 50 ლარი გაიცემა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მხარდაჭერა (წლიური ბიუჯეტი 8 500 ლარი) გაეწევა: ომში დაღუპულთა იმ ოჯახებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კრიტერიუმები (არ ჰყავთ მშობლები, მეუღლე, შვილები); 2008 წლის 8 აგვიტოს ომში დაღუპულის ოჯახს.
ხანდაზმულთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (წლიური ბიუჯეტი 3 ათ. ლარი) ითვალისწინებს
100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულთა ფინანსურ მხარდაჭერას, საიუბილეოდ, 1000 ლარის ოდენობით.
სადღესასწაულო დღეებში ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით წლის განმავლობაში 70 ათ. ლარია დაგეგმილი, შემდეგ ჯგუფებზე:
– ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 200 ლარი;
– ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებზე – 200 ლარი;
– 1989 წ. 9 აპრილს დაზარალებულებზე – 300 ლარი;
– დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით – 200 ლარი;
– აუტიზმზე ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით – 200 ლარი;
ღირშესანიშნავი თარიღების აღსანიშნავად დაგეგმილია საკვები პროდუქტების, გვირგვინების, თაიგულებისა და საჩუქრების შეძენა ან ფულადი მხარდაჭერა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის.
სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობა (წლიური ბიჯეტი 20 ათ. ლარი) ითვალისწინებს შემდეგს:
– სოციალურად დაუცველი (65000 ქულის ჩათვლით) გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურებისთვის გაიცემა 250 ლარი;
– უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისთვის გაიცემა 300 ლარი.
ახალშობილთა ოჯახების მხარდაჭერა (წლიური ბიუჯეტი 24 ათ. ლარი) – პირველი ბავშვის შეძენისას 100 ლარი; მეორე ბავშვის შეძენისას – 150 ლარი და ყოველ მომდევნო ბავშვზე ემატება 50 ლარი. ტყუპების შეძენისას ფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება 500 ლარით; სამი და მეტი ტყუპის შეძენისას – 1500 ლარით.
გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის დაკრძალვა (წლიური ბიუჯეტი ათასი ლარი)
სარიტუალო მომსახურებისთვის გაიცემა 250 ლარი.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა მხარდაჭერა (წლიური ბიუჯეტი 20 ათ. ლარი) – გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 500 ლარისა.
მუნიციპალიტეტში ასევე მოქმედებს შემდეგი პროგრამები: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა; უსახლკარო და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა (წლიური ბიუჯეტი – 150 ათ. ლარი); უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სათბობი მასალით უზრუნველყოფა (წლიური ბიუჯეტი 27 400 ლარი); გადაუდებელი რეაგირების პროგრამა (წლიური ბიუჯეტი 30 ათ. ლარი); უფასო სასადილო – 215 ათ. ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.