ხარაგაულში სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარებას 2023 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 590 ათასი ლარი ხმარდება. რამდენად აქვთ განცდა, რომ ამ თანხის შესაბამის მომსახურებას ვიღებთ როგორც სპორტის, ისე ტურიზმის მიმართულებით, – ამ შეკითხვით რამდენიმე ხარაგაულელს მივმართეთ.
გივი კურტანიძე: – ჩემი შვილი ფეხბურთის წრეზე დადის და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვარჯიში და ფორმები უფასოა. ახლახან სპორტსკოლასა და „თბილისის დინამოს“ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ხარაგაულელ ნორჩ ფეხბურთელებს ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ. ამისთვის ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა სასარგებლო და შედეგიანი იქნება. ტურიზმის ცენტრის საქმიანობაზე ინფორმაცია არ მაქვს და ამიტომ შეფასებისგან თავს შევიკავებ.
ნათია კაციტაძე: – ჩემი შვილი, 4 წლის ასაკიდან, ზესტაფონში დამყავს ტანვარჯიშის წრეზე. წელს ვეღარ შევძელით, რომ ზესტაფონში გვევლო. მომავალი წლიდან აუცილებლად უნდა განვაახლოთ.
აქ რომ იყოს ამის შესაძლებლობა, ძალიან კარგი იქნება. როგორც ვიცი, მწვრთნელი ვერ მოიძიეს. ტურიზმის კუთხით ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, ხარაგაულში ამ მიმართულებით რა და როგორ ხდება.
ნინო ბუხნიკაშვილი: – ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა სპორტსკოლის სხვადასხვა წრეებშია გაერთიანებული, რაც ძალიან მახარებს. ვთვლი, რომ სპორტული აქტივობები ხელს უწყობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. წრეები საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველანაირი პირობა და ხელშეწყობა აქვთ როგორც სამსახურის ხელმძღვანელის, ასევე მწვრთნელებისგანაც.
ჩემი უმცროსი გოგონა კალათბურთზე დადის, ვაჟი დარბაზში სისტემატურად ვარჯიშობს.
ვფიქრობ, ყველა ხარაგაულელი მშობლის სურვილია საცურაო აუზის არსებობა. წლების წინ მშობლებს, გარკვეული დროის განმავლობაში, შვილები ზესტაფონის საცურაო აუზზე ორგანიზებულად დაჰყავდათ. გააზრებული მაქვს, რომ ხარაგაულში საცურაო აუზის მშენებლობა და მისი გამართულად ფუნქციონირება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ხარაგაულელი ბავშვებისთვის საჭიროა.
ტურიზმის მიმართულებით მწირი ინფორმაცია მაქვს და ამ საკითხზე აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ.
საბა ებანოიძე: – ხარაგაულში სპორტის მიმართულება უფრო აქტიურია. ხშირად მხვდება ახალი ამბები იმასთან დაკავშირებით, რომ ხარაგაულის სპორტული წრეების გუნდებმა წარმატებას მიაღწიეს.
ტურიზმი ხარაგაულში, ჩემი აზრით, პრაქტიკულად რეგრესისკენ მიდის. 5-10 წლის წინ ეს სფერო უფრო ცოცხალი იყო. დღეს ვერ ვიხსენებ სიახლეს, რომელიც ხარაგაულში ტურიზმის განვითარებასთან არის დაკავშირებული.
თავისუფალი უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს, სადაც მე ვსწავლობ, აქვს ასეთი საგანი – საველე პრაქტიკა. სტუდენტები ლანდშაფტის შესასწავლად ბუნებაში მივდივართ. ხარაგაულში შარშანაც ვიყავით და წელსაც ჩამოვალთ. წელს ჯგუფის კოორდინატორი ვიქნები.
სტუდენტთა საველე პრაქტიკა ტურიზმთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა, მოტივირებული ვარ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.
ამავე თემაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.