ერთი წელია, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს რევაზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორ აფასებს თავად ერთწლიან საქმიანობას, რას და როგორ შეცვლიდა ბიუჯეტიდან მეტი დაფინანსების შემთხვევაში, – ამ და სხვა შეკითხვებით რევაზ შერგელაშვილს მივმართეთ.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში“ 29 წრე ფუნქციონირებს, სპორტის 14 სახეობის მიხედვით: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, კარატე ტაიკვანდო, კარატე კუნგ-ფუ-სანდა, სპორტული კარატე, მძლეოსნობა, მკლავჭიდი, რაგბი, კინგ-ბოქსინგი.
სპორტული ჯგუფები მოქმედებს ხარაგაულის სპორტულ სკოლაში, ბორითში, ხევში, კიცხში, ბორში, ვერტყვიჭალაში, ნადაბურში, ღორეშაში, ვახანსა და მოლითში.
ამ წრეებში სულ 450 მოსწავლე ვარჯიშობს, მათგან 61 გოგონაა. გოგონები ხარაგაულში მოქმედ ყველა სპორტულ წრეში არიან გაწევრიანებული, გარდა ფეხბურთის, რაგბის, ქართული და ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა.
ხარაგაულის სპორტსკოლაში მოსწავლეებს სპორტულ წრეებში 8 წლის ასაკიდან იღებენ.
„სპორტისა და შიდა ტურიზმი ცენტრში“ 71 თანამშრომელია დასაქმებული. მათგან 29 მწვრთნელია. 2023 წლისთვის ამ ცენტრის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 590 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ამ თანხიდან 520 400 ლარი (88%) თანამშრომელთა ხელფასებზეა განსაზღვრული.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირების გარდა, ამ ცენტრს საკუთარი შემოსავალი ტრენაჟორებისა და სტადიონის გაქირავებიდან აქვს; მაგალითად, ზესტაფონის ფეხბურთელთა გუნდი ხარაგაულის სტადიონზე ერთი ვარჯიშისთვის 300 ლარს რიცხავს. ტრენაჟორებს რაც შეხება, ერთთვიანი პაკეტი 40 ლარი ღირს.
წარმატებები
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი რევაზ შერგელაშვილი ამ ცენტრის სპორტსმენების მიღწევებით კმაყოფილია. ის ამბობს, რომ თითქმის ყველა სპორტული წრის მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონატებში მონაწილეობენ და თითოეულ შეჯიბრზე 2-3 მოსწავლე საპრიზო ადგილებს ყოველთვის იკავებს.
2023 წლის 5 თვეში ხარაგაულის სპორტსკოლის მოსწავლეები ორ-ორჯერ თავისუფალი ჭიდაობის, კარატესა და კალათბურთის ტურნირებში მონაწილეობდნენ; ოთხჯერ – ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირში; ექვსჯერ – ძიუდოში; ხუთჯერ ჩაერთვნენ მკლავჭიდის შეჯიბრებებში; კინგ-ბოქსინგში, კუნგ-ფუ-სანდასა და მაგიდის ჩოგბურთში – თითოჯერ; ორჯერ გაიმართა შეჯიბრება ფეხბურთში ხარაგაულსა და ბორითში. ხარაგაულელი ნორჩი ფეხბურთელები ჯემალ ხერხაძის სახელობის თასის გათამაშებაში არიან ჩართულები.
რევაზ შერგელაშვილს ყველაზე მეტად ეამაყება ის, რომ ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე გოგონათა შორის მესამე ადგილი ხარაგაულის სპორტსკოლის წრის ძიუდოისტმა, ნინო ჭყოიძემ დაიკავა. ნინოს, ორგანიზაციის წესდების საფუძველზე, ფულადი ჯილდო გადასცეს. ის, ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს და ვარჯიშს იქ აგრძელებს.
გამოწვევები
სპორტულ წრეზე ვარჯიში, შეჯიბრებებში მონაწილეობა და ფორმები მოსწავლეებისთვის უფასოა.
„ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, სპორტის რომელ სახეობებს ითხოვენ მშობლები ან ახალგაზრდები ხარაგაულში, რევაზ შერგელაშვილი გვპასუხობს, რომ მათი უმთავრესი მოთხოვნა ხარაგაულში საცურაო აუზის გახსნაა, რამდენიმე მშობელს ტანვარჯიშის წრის ამოქმედება სურს.
გასულ წლებში ხარაგაულში გოგონებისთვის ტანვარჯიშის წრე ფუნქციონირებდა. სამწუხაროდ, ეს წრე მწვრთნელის წასვლის გამო გაუქმდა. მთავარი პრობლემა სპეციალისტის მოძიებაა. მწვრთნელების ხელფასი ხარაგაულის სპორტსკოლაში 500 ლარია და რევაზ შერეგელაშვილი მიიჩნევს, რომ მოწვეული პროფესიონალი მწვრთნელი ამ ფასად ხარაგაულში არ იმუშავებს.
რევაზ შერგელაშვილი ამბობს, რომ მეტი დაფინანსების შემთხვევაში, სპორტულ ინვენტარს შეიძენდნენ. თუმცა, სპორტული ფედერაციები წლის განმავლობაში, ხარაგაულის სპორტსკოლას ინვენტარს ჩუქნიან. ახლახან ბორის სკოლაში ტაიკვანდოს სექციას ტატამი გადასცეს. სპორტსკოლას რაგბის ფედერაცია სისტემატურად ამარაგებს ბურთებითა და მოსწავლეთა ფორმებით.
ფეხბურთის ხარისხიანი ბურთები და ძიუდოისტთა კიმანოები საკმაოდ ძვირია. თუმცა, როგორც კი მწვრთნელი ინვენტარის შეძენას მოითხოვს, მაშინვე აკმაყოფილებენ.
გასაახლებელია ტრენაჟორები. წელს სარბენი ბილიკის შეძენა იგეგმება.
რევაზ შერგელაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის სპორტულ სკოლაში მაღალი დონის პროფესიონალი მწვრთნელები არიან დასაქმებულნი. ყველა მათგანს მოსწავლეებთან მუშაობისთვის საჭირო ცენზი მინიჭებული აქვთ. ამ კატეგორიის გარეშე ისინი სპორტსკოლაში ვერ დასაქმდებოდნენ. ფეხბურთის ორ მწვრთნელს – გოჩა გელაშვილსა და ზალიკო მესხს კი ზრდასრულ სპორტსმენებთან მუშაობის უფლებაც აქვთ.
სპორტსკოლაში ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც თავად „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი ამბობს, კონტინგენტის სიმცირეა.
სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება, – განსაკუთრებით სოფლებში. მაგალითად, 2022-2023 სასწავლო წელს ხარაგაულის სპორტსკოლაში გოგონებისთვის ფეხბურთის წრე ფუნქციონირებდა. თავდაპირველად ფეხბურთში ვარჯიშის სურვილი ექვსმა გოგონამ გამოთქვა, სასწავლო წლის ბოლოსთვის კი ვარჯიშებზე მხოლოდ ორი მათგანი დადიოდა. ამიტომ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ფეხბურთის წრე გაუქმდა.
„მუნიციპალიტეტში მოქმედი რომელიმე სკოლიდან სპორტული წრის გახსნაზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოთხოვნა არ შემოსულა, – ამბობს რევაზ შერგელაშვილი, – წერილობით თუ მოგვმართავენ, ადგილზე შევამოწმებთ ინფრასტრუქტურას, მოსწავლეთა რაოდენობას და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ.
ახლახან „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიასთან მემორანდუმი გავაფორმეთ. ამ მემორანდუმის ფარგლებში სექტემბრიდან აკადემიის მწვრთნელები ხარაგაულში ფესტივალს გამართავენ და ხარაგაულელ ნორჩ ფეხბურთელთა თამაშებს დაესწრებიან. მათი მიზანი საუკეთესო ფეხბურთელების გამოვლენა და მათი ხელშეწყობაა.
ხარაგაულში ტურიზმის განვითარების გეგმა არ არსებობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარებას რაც შეეხება, რევაზ შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქმიანობა გასააქტიურებელია.
„სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გაქვს ხარაგაულში ტურიზმის განვითარების გეგმა და, შესაძლოა, ამის გამოც, ხარაგაული ტურისტების არჩევანი ნაკლებადაა, – ამბობს რევაზ შერგელაშვილი, – ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები აქტივობებს, ძირითადად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეებისთვის აწყობენ“.
2023 წლის ხუთ თვეში ამ ცენტრისგან განხორციელებული აქტივობები ასეთია:
ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებს, ველურ ბუნებაში მოქცევის წესებთან ერთად, კონკრეტული ისტორიული თუ ბუნების ძეგლის ისტორიას აცნობენ.
კარვების ბანაკი ლეღვანში
2023 წლის 1 აგვისტოდან, ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, ლეღვნის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასული წლის მსგავსად, კარვების ბანაკი გაიმართება.
ლეღვნის ახალგაზრდული „კარვების ბანაკი“ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს მიიღებს. ამ ბანაკისთვის მოსწავლეებს სკოლების დირექტორები შეარჩევენ. თითო ნაკადზე ბანაკში ყოფნა სამი დღით განისაზღვრა.
ბანაკის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით. იგეგმება სპორტული აქტივობები და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკის ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება. საჭიროების შემთხვევაში ბანაკის მონაწილეებს მოემსახურება ექიმი.
ლეღვანში „კარვების ბანაკის“ მოსაწყობად ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარია განსაზღვრული.
აგვისტოში ნოდარ ახალკაცის სახელობის თასზე მინი ფეხბურთში ტრადიციული შეჯიბრებაა დაგეგმილი. ამ სპორტულ ღონისძიებაში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები ჩაერთვებიან.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.