თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო ჟურნალის – „გზავნილი ხარაგაულიდან“ – პრეზენტაცია გაიმართა.
ეს ჟურნალი გამოიცა პროექტის – „გზავნილი საქართველოს რეგიონებიდან“ ფარგლებში, რომლის ავტორი და ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძეა, პროექტის ასისტენტი – თსუ-ს მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი ლიანა მარქარიანი.
მაია ტორაძის თქმით, ამ პროექტის მთავარი მიზანია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა პრაქტიკულად განახორციელონ ის, რასაც საგნის – ბეჭდური მედია – ფარგლებში სწავლობენ, – მოიპოვონ ინფორმაცია, ადგილზე გაეცნონ როგორ სოციალურ გარემოში ცხოვრობენ ადამიანები საქართველოს რეგიონებში, რა პრობლემები და გამოწვევები აქვთ.
ეს პროექტი, ათი წელია, ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან უკვე 30 „გზავნილი“ გამოიცა.
„გზავნილი ხარაგაულიდან“ მომზადების პროცესში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან ითანამშრომლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს მეორე გზავნილია ხარაგაულიდან. ხარაგაულის შესახებ პირველი ჟურნალი ამ პროექტის ფარგლებში 2016 წელს გამოიცა.
2023 წლის გამოცემა – „გზავნილი ხარაგაულიდან“ მოგვითხრობს ხარაგაულის წარსულისა და აწმყოს შესახებ; ადამიანურ ისტორიებს; თანამედროვე კულტურული და სპორტული ცხოვრების, ახალგაზრდების პრობლემების შესახებ, გამორჩეულ და ცნობილ ხარაგაულელებზე, დაცლილ სოფლებსა და მიგრაციაზე.
ჟურნალის მთავარი რედაქტორია თამარ კირკიტაძე, რედაქტორი – მარიამ მთივლიშვილი. ისინი პირველივე გვერდზე გვამცნობენ, რომ „მათთვის დაუვიწყარი იქნება ხარაგაულში გატარებული დღეები, ფეხით მოვლილი სოფლები და აქ მცხოვრები ადამიანები. ესაა „გზავნილი ხარაგაულიდან“, რომლის ყოველი გვერდი თან წამოღებული სიყვარულითაა გამთბარი“.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ხელში გამოზრდილი სტუდენტური ჟურნალი „გზავნილი ხარაგაულიდან“ საზოგადოებამ გაიცნო და თავისი უძვირფასესი მკითხველი შეიძინა, – ამბობს მარიამ მთივლიშვილი, – უპირველეს ყოვლისა, მადლობა ქალბატონ მაია ტორაძეს, რომლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, უკვე დიდი ხანია, ბევრი სტუდენტი ამ ჟურნალებზე მუშაობით უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებასა და ცოდნას იღებს, იცნობს და იყვარებს ბეჭდურ მედიას.
მადლობა ლიანა მარქარიანს, რომლის გარეშეც ეს პროექტი ასეთი გამორჩეული ვერ იქნებოდა.
ბედნიერი ვარ, ამ ჟურნალის რედაქტორობა რომ მერგო წილად. იმედი მაქვს, რომ „გზავნილი ხარაგაულიდან“ შეძლებს თითოეული მკითხველის გულამდე მისვლას და გახდება ერთგვარი გიდი მათთვის, ვისაც ხარაგაული ჯერ არ უნახავს“.
ამ პროექტის შესახებ მაია ტორაძე და „გზავნილი ხარაგაულიდან“ რედაქტორები საქართველოს პირველი რადიოს გადაცემა პიკის საათში მიიწვიეს.
უნივერსიტეტში ჟურნალის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალის რესპონდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ავტორი სტუდენტები და პროექტის მხარდამჭერი პირები – ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე.
ჟურნალის პრეზენტაციაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა. მან „გზავნილი ხარაგაულის“ სარედაქციო კოლეგია ხარაგაულში მოიწვია და ჟურნალის დამატებითი ეგზემპლარების დაბეჭდვის სურვილი გამოთქვა.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „გზავნილი ხარაგაულიდან“ ხარაგაულის რეალობას კარგად ასახავს. ამიტომ ის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ხარაგაულელი მკითხველებისთვის.
„ჟურნალის დამატებითი ეგზემპლარების დაბეჭდვის საკითხებს პროექტის ხელმძღვანელთან და რედაქტორებთან შევათანხმებთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – თავად უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გამოთქვა ხარაგაულში ჩამოსვლის სურვილი.
ვფიქრობ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება. ზაფხული ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის. ამიტომ, სავარაუდოდ, ჟურნალის პრეზენტაციას და უნივერსიტეტის რექტორის ხარაგაულში სტუმრობას შემოდგომისთვის დავგეგმავთ“.
ვიდრე ჟურნალის „გზავნილი ხარაგაულიდან“ დამატებითი ტირაჟი დაიბეჭდება, მისი გაცნობა ელექტრონულად შეგიძლიათ.
ჟურნალის პრეზენტაციის პარალელურად, უნივერსიტეტში მოეწყო ხარაგაულში გადაღებული ფოტოების გამოფენა. ეს ფოტოები სტუდენტებთან ერთად ხარაგაულში ჩამოსულმა ფოტოხელოვანმა ბადრი ვადაჭკორიამ სპეციალურად ამ ჟურნალისთვის გადაიღო.
ჟურნალის პრეზენტაციას სიუჟეტი მიუძღვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემამ „ახალი დღე“.
ფოტოზე: „გზავნილი ხარაგაულიდან“ რედაქტორები თამარ კირკიტაძე და მარიამ მთივლიშვილი ჟურნალის პრეზენტაციაზე
ნახეთ ვიდეოგზავნილი ხარაგაულიდან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი