მეთოთხმეტე დღეა, ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებაა.
ათი მაღაროელი შიმშილობს. ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი, ხოლო ერთ-ერთმა თვალები ამოიკერა.
მაღაროელთა ინტერესების დასაცავად უფლებადამცველები გაერთიანდნენ. საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ დღეს, 19 ივნისს, პარლამენტის წინ მაღაროელთა მხარდამჭერ აქციას აანონსებს.
ამ აქციას თავად მაღაროელები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.
ჭიათურაში გაფიცვის პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულებთან მოლაპარაკებები დაიწყო.
18 ივნისს, კომპანიის მენეჯმენტის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკება გაიმართა. დასაქმებულთა მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
– 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება – 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
– პირველ ეტაპზე ხელფასის გაზრდა 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
– კომპანიაში აუდიტის ჩატარება.
„ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, – „ჯორჯიან მანგანეზში“ დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის.
კომპანიას მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია წარმოების დროულად განახლება“.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ღირსეული შრომის პლატფორმა“ აცხადებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მძიმე ინდუსტრიის მფლობელმა კომპანიებმა უნდა შეწყიტონ მაქსიმალური მოგების მიღება მინიმალური დანახარჯებით.
მოკლევადიანი გეგმაა, რომ დასაქმებულთა მოთხოვნები უპირობოდ უნდა დაკმაყოფილდეს.
სახელმწიფოს შრომისა და გარემოს დაცვითი პოლიტიკა რეალურად უნდა შეეწინააღმდეგოს მძიმე ინდუსტრიის ზონებში დასაქმებულთა მასობრივ ჩაგვრასა და გარემოს განადგურებას.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.