ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში რვა თვის წინ მიწა ჩაიქცა და საცხოვრებელი სახლები ჩაიყოლა. ახლახან ამ სტიქიის მიზეზების დამდგენი კომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. კომისიის დასკვნას ითხვისელები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

 

შრომით და წვალებით აშენებული სახლი ერთ დღეს მიწაში ჩაიმარხა, როგორ ვიქნები…

ითხვისში, მეგრელიშვილების უბანში მცხოვრები ჟორა მეგრელიშვილის სახლი მიწამ ჩაიტანა.  ბატონი ჟორა ამბობს, რომ ეს კატასტროფა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან მადანის არასწორად მოპოვებამ გამოიწვია.

„კომისიის დასკვნაში წერია, რომ მიწის ჩაქცევა მადანის გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში მოპოვებამ გამოიწვია, – ამბობს ჟორა მეგრელიშვილი, – ამას არ ვეთანხმებით, რადგან მადანის მოპოვება სოფელში 2007-2009 წლებშიც გრძელდებოდა. კომისია გვეუბნება, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ არაფერ შუაშია და ჩვენთვის ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფო აპირებს.

82 ათასი ლარი შემომთავაზეს. ბოდიში, მაგრამ ამ თანხით, მაგათ ტუალეტი რომ აქვთ, ისეთსაც ვერ ავაშენებ. მოვითხოვ, რომ ყველაფერი რეალურად შეფასდეს. 40 წლის წინ აქ ერთი სახლი ჩავარდა. 2007-09 წლებში სოფელში მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა. მაშინ მოსახლეობას ფულადი კომპენსაცია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მისცა.

ახლა მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობთ მეზობელთან. ქირის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გვიხდიან. წვრილფეხი ზოგი გავყიდე. შრომით და წვალებით აშენებული სახლი ერთ დღეს მიწამ ჩაიტანა, როგორ ვიქნები“…

ითხვისში რომ სახლი დაენგრათ, თეონა მაჭავარიანის ოჯახი ქალაქში გადმოვიდა და ბინა დაიქირავა. ის მეუღლესთან, მამამთილთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. თეონა ამბობს, რომ ის და მისი თანასოფლელები საკომპენსაციო თანხის ოდენობას არ ეთანხმებიან.

„ბევრი შეკითხვა მაქვს – გასულ საუკუნეში თუ გამოიფიტა მიწა, მაშინვე რატომ არ გაგვასახლეს? როგორ შეიძლება მიწისქვეშა აფეთქებებზე მეტად ნალექმა დაგვაზარალოს? – კითხულობს თეონა, – ვითხოვთ, მოგვცენ იმდენი თანხა, რომ სახლების აშენება შევძლოთ“.

 

კომისიის დასკვნა ითხვისელების ღირსეული განსახლების გარანტიებს ვერ ქმნის

დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად ბრძოლას სათავეში ორგანიზაცია „მომავლის ჭიათურა“ ჩაუდგა. მასთან ერთად კომისიის დასკვნას აპროტესტებს – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“, „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“.

„მომავლის ჭიათურას“ დამფუძნებელი ნოდარ ჩაჩანიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, ჭიათურაში ითხვისი ერთადერთი სოფელი არაა, რომელიც სტიქიური უბედურების ადგილად იქცა. მისი თქმით, მიწის ჩაქცევა სხვა სოფლებშიც მოსალოდნელია.

„კომისიის დასკვნაში გარკვეული ფაქტები სწორადაა მოცემული, – ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე, – თუმცა, მიწის ჩაქცევის ძირითად გამომწვევ მიზეზად გასული საუკუნის 70-იან წლებში მადანის მოპოვებას ასახელებენ. დასკვნაში არ არის გამოკვლეული მადანის დღევანდელი მოპოვების გავლენა. ითხვისელების ნაწილი ამბობს, რომ მადანის მოპოვება ბოლო წლებშიც გრძელდებოდა.

2008-09 წლებში „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას გარკვეული ფულადი კომპენსაცია გადაუხადა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გვაქვს. გამოდის, რომ კომპანიამ მაშინ პასუხისმგებლობა აიღო. ახლა კი, შესაძლოა, სახელმწიფო „ჯორჯიან მანგანეზს“ „ხელს აფარებს“.

რვა თვეა, კომისიის დასკვნას ველოდებოდით და რა მივიღეთ?! „ჯორჯიან მანგანეზი“ და სახელმწიფო ცდილობენ, ეს პროცესი გაწელონ და მოსახლეობა რაც შეიძლება მცირე თანხაზე დაითანხმონ.

ითხვისის მოსახლეობა ეჭვობს, რომ ძველი, დალუქული მაღაროები გაიხსნა და მადანის მოპოვება განახლდა. ეს დანაშაულია და სამართალდამცავების ჩართვაა საჭირო. ვეჭვობთ, რომ გარკვეულ უბნებზე მადანის მეორადი მოპოვება მიმდინარეობდა და წელს მიწის ჩაქცევა ამან გამოიწვია“.

გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი რადიკალური შეფასებებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ახლა მთავარი დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.

„ითხვისელებს დახმარება სჭირდებათ, – ამბობს ბატონი გიორგი, – დასკვნის რომელ გვერდზე რა წერია, ეს მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მეცნიერული ტერმინოლოგით რას ვლაპარაკობთ, მოქალაქეებს არ აინტერესებთ. დისერტაციაში, რომელიც 2003 წელს დავიცავი, დავამტკიცე, რომ ითხვისში მიწის ჩაქცევა გასულ საუკუნეში მადანის მოპოვების შედეგი იყო. მას შემდეგ ახალი ფაქტები არ მიკვლევია და, ამის გარეშე, ვერ ვიმკითხავებ“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, სალომე შუბლაძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ გასულ საუკუნეში მადანის მომპოვებელი კომპანიის სამართალმემკვიდრეა და პასუხისმგებელია ყველა იმ პროცესებზე, რაც ამ მადანის მოპოვებას უკავშირდება.

„ითხვისში მიწის ჩაქცევა და სახლების დანგრევა მადანის ძველმა მოპოვებამ გამოიწვია თუ ახალმა, ფაქტი ერთია – უსახლკაროდ დარჩენილი 20 ოჯახი გაასახლეს და 106 ოჯახი განსახლების არეალშია.

აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი – ითხვისელები სხვადასხვა ადგილებში განაგრძობენ ცხოვრებას, თუ მათთვის ერთი ტერიტორია გამოიყოფა. აქ შემოდის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – გამოუყოს მათ ისეთი ადგილი, რომ სოფლის მთლიანობა არ დაირღვეს.

ზოგ ოჯახს, შესაძლოა, საკომპენსაციო თანხის მიღება სურს, ზოგს – აშენებული სახლი. სახლების შეფასების მეთოდოლოგია უნდა იყოს ერთგვაროვანი – რა ფასდება და როგორ. გვერდით სოფელში რა ღირს სახლები, ეს არ უნდა იყოს შეფასების კრიტერიუმი.

ითხვისში ახლა მოსახლეობა საფრთხის წინაშეა. უნდა შეიქმნას განსახლების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია ან ჯგუფი, რომელიც განსახლების პოლიტიკის ჩარჩოს შეიმუშავებს. ჩვენ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და მათ უფლებებს დავიცავთ“.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„კომისიის დასკვნა ითხვისელების ღირსეული განსახლების გარანტიებს ვერ ქმნის, რადგან კომისიას არ შეუფასებია, რა ბედი უნდა ეწიოს სოფელს/უბანს – უნდა მოხდეს მთლიანი თემის განსახლება და განხორციელდეს წიაღის მოპოვება, თუ არსებობს მოლოდინი, რომ დანარჩენი მაცხოვრებლებისთვის სოფელში დარჩენა უსაფრთხოა.

ბუნდოვანია, რა სტანდარტებით, წესებით და რა ვადებში მოხდება დაზარალებულების განსახლება. ამ ეტაპზე მხოლოდ სახლების საბაზრო ღირებულება ფასდება, რაც, სავარაუდოდ, საკმარისი ვერ იქნება ახალი საცხოვრებელი სახლების ასაგებად.

დასკვნის მომზადების პროცესში არ მონაწილეობდა თავად ითხვისის მოსახლეობა, კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია დახურული იყო. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდებოდა საკვანძო დოკუმენტაციაზე, მათ შორის მათთვის უცნობი იყო, რა შინაარსის ექსპერტული შეფასებები მომზადა მათივე სახლების შესახებ.

ბუნდოვანია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებაზე. დასკვნაში მიწის ჩაქცევის მთავარ მიზეზად დასახელებულია გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში წარმოებული მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები და ატმოსფერული ნალექები. კომისიის დასკვნა ითხვისში მიწის ჩაქცევის გამომწვევ მიზეზებს შორის არ ასახელებს „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებულ მოპოვებით სამუშაოებს“.

„ვშიშობდით, რომ კომისია ყველაფერს ბუნებრივ მოვლენებს დააბრალებდა და კარგია, რომ ეს ვერ გაბედეს, – ამბობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, კომისიამ დაწერა, რომ მიწის ჩაქცევა მადანის მოპოვების შედეგია. ითხვისში, ფაქტობრივად, გვირაბებია და ჩაქცევები პერიოდულად გაგრძელდება. ესეც დასკვნაში წერია.

თუმცა, ამ დასკვნას კიდევ ახლავს ის, რომ ყველაფერს კვლევა სჭირდება. ძალიან ზედაპირული შეფასებებია. ამიტომ მოვითხოვეთ, რომ კომისიის ექსპერტებთან ერთად ვიმუშაოთ. აშკარად ჩანს, რომ ბოლომდე არ აქვთ ნათქვამი ის, რაც ადგილზე ნახეს.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ყველაფერი „ჯორჯიან მანგანეზის“ ბრალია და კომპენსაცია არა სახელწიფომ, არამედ კომპანიამ უნდა გადაუხადოს. ეს ჩემი საკვლევი თემა არ არის, თუმცა, ვფიქრობ, რომ სამთო საბადო ეკუთვნის კომპანიას და ის ვალდებული იყო, ეზრუნა ძველი გამომუშავებული გვირაბების უსაფრთხოებაზე.

კომისიის დასკვნით ვერ გავიგეთ, მიწის რა ნაწილშია სიცარიელეები. ყველა სიცარიელე წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს თუ არა.

ეს გვირაბები მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. უნდა ჩატარდეს მათი კონსერვაცია და გვირაბები ფუჭი ქანებით ამოივსოს, რომ არ ჩაიქცეს. ეს მსოფლიო პრაქტიკაა. თუმცა, ჭიათურაში ეს მეთოდი გამოყენებული არ არის. გვირაბების ამ სახით კონსერვაცია დიდ ხარჯებს მოითხოვს.

ახლა ყველაზე მთავარია, მოსახლეობის სასწრაფოდ განსახლება და მათთვის ღირსეული კომპენსაციის მიცემა. ახლა ყველამ ამ საკითხზე უნდა ვიზრუნოთ“.

კომისიამ საცხოვრებელი სახლები სამ კატეგორიად დაყო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოკვლეული 86-ვე ოჯახი საშიშროების რისკის წინაშეა. შეაბამისად, რეკომენდირებულია გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე მათი ეტაპობრივად გადაყვანა.

როგორი იქნება ითხვისიდან მოსახლეობის განსახლების შემდგომი ნაბიჯები, – ამის გასარკვევად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ ინფორმაციას მოპოვებისთანავე გაცნობებთ.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სოფლად მცხოვრებ ოჯახებს დაჯარიმება კი არა, ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ