ხარაგაულში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა.

ამ ლეგიონში მიღება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზეა შესაძლებელი. ხარაგაულელი ახალგაზრდები სალაშქრო და სამხედრო მომზადების თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, სწავლობენ პირველად სამედიცინო დახმარებას, კრიტიკულ სიტუაციებში და ბუნებრივი კატაკლიზმების დროს მოქცევის წესებს.

მაზნიაშვილის ლეგიონის ერთ-ერთმა მეთაურმა სალომე ვეფხვაძემ ამ ლეგიონის საქმიანობის შესახებ ორი წლის წინ შეიტყო. სალომე ამბობს, რომ სამხედრო საქმე, სირთულეების დაძლევა ბავშვობიდან აინტერესებდა. ამიტომ საბაზისო კურსის შესწავლის შემდეგ ლეგიონში დარჩენა და მეთაურობა გადაწყვიტა.

სალომე მიიჩნევს, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და კრიტიკულ სიტუაციებში მოქცევის წესები ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. მისი აზრით, ლეგიონში ორთვიანი კურსის გავლა ახალგაზრდებში პატრიოტულ სულისკვეთებას აძლიერებს, სამხედრო და სალაშქრო საკითხებში მათ თვალსაწიერს ზრდის, ხელს უწყობს სამხედრო კარიერის გაგრძელებაში.

სალომეს დაკვირვებით, კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები მეტად პასუხისმგებლიანები და დამოუკიდებლები ხდებიან, ვიდრე ამ კურსის დაწყებისას იყვნენ.

თეორიული კურსისა და პრაქტიკული საველე სწავლების შემდეგ ახალგაზრდები გამოცდას აბარებენ. ის, ვინც გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, ლეგიონერი ხდება. სურვილის შემთხვევაში, ლეგიონერი სიღრმისეულ სამხედრო და სალაშქრო სწავლებებს გააგრძელებს. მას უფლება აქვს ლეგიონის ყველა აქტივობაში ჩაერთოს.

სალომე ვეფხვაძესთვის ყველაზე მნიშნელოვანია ის, რომ მაზნიაშვილის ლეგიონში სწავლის მსურველ გოგონათა რიცხვი იზრდება. მისივე თქმით, მთავარია, სურვილი, მოტივაცია და ერთობა. მაზნიაშვილის ლეგიონში ყოფნა კარიერის დაგეგმვისთვის ახალი შანსი და შესაძლებლობაა.

ხარაგაულში ამჯერად თეორიული და პრაქტიკული სწავლების საბაზისო კურსი 22-მა კურსანტმა დაასრულა. გამოცდა 22-ვე მათგანმა ჩააბარა. შარშან 36 კურსანტიდან ლეგიონერი 31 მათგანი გახდა.

წარმატებებს ვუსურვებთ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ხარაგაულელ კურსანტებს.

ნინო კაპანაძე