კესო ჩხიკვაძემ უნგრეთის მთავრობის სტიპენდია და ბუდაპეშტში, კორვინუსის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

ის სამი წელი პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის.

„საკმაოდ ძლიერი კონკურსი გავიარე, – ამბობს კესო ჩხიკვაძე, – სტიპენდიისა და დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსში 2022 წლის ოქტომბერში ჩავერთე. სტიპენდია რომ მიმეღო, ამისთვის ჯერ გასაუბრება ადგილზე, საქართველოში, ილიაუნში გავიარე, შემდეგ – კორვინუსის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიასთან.

საკმაოდ დიდხანს ველოდი პასუხს. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა.

ბუდაპეშტში, კორვინუსის უნივერსიტეტში სწავლა აგვისტოს ბოლოს იწყება. მომავალ სამ წელს იქ გავატარებ“.

კორვინუსის უნივერსიტეტი 1920 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია უნგრეთში ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

კესო ჩხიკვაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“კურსდამთავრებულია. კესო 2021-2022 წლებში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX) ამერიკაში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში სწავლობდა.

ის ამჟამად ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია.

ვულოცავთ კესოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.