ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი ომარ გაგოშიძე დაინტერესდა, თუ რა სამუშაოები შესრულდება გასული წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე დარჩენილი 7, 2 ათასი ლარით.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, 7,2 ათასი ლარი მიიმართება მშენებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, რომელიც ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებამ“ შეასრულა, – კონკრეტულად ეს არის მოსახლეობის ღობეების შეკეთებისა და გზის დახრეშვის თანხა.

ომარ გაგოშიძის თქმით, თუ შესყიდული და გაკეთებულია საქმე, ახლა საკრებულო რაღა შუაშია. „ხომ შეიძლება, რომ უმრავლესობას გაგვიჩნდეს მოსაზრება, რომ სხვაგვარად უნდა გაკეთებულიყო ის ღობე. საკრებულო ნოტარიუსია, თუ რა ხდება?“- იკითხა დეპუტატმა.

დეპუტატ თორნიკე ავალიშვილის თქმით, ის მხარს უჭერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ნაშთიდან თანხების გამოყოფაზე კი ბევრი კითხვის ნიშანია.

„საკრებულოს გახსნის დღიდან დავიწყეთ ხელფასების მომატებით. ხარაგაულში უამრავი პრობლემაა, ღიად არის დარჩენილი ხიდრისა და ზვარის საბავშვო ბაღების გახსნისა და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირების საკითხი. მოსაგვარებელია მრავალბინიანი კორპუსების შიდა ინფრასტრუქტურა. მოსწავლეთა სახლმა გამგებლის დავალებით 2 400 ლარი რესტორანს გადაურიცხა. აგერ მაქვს ხელშეკრულება თავისი სასაქონლო ზედნადებით. თქვენ მობილიზებული ხართ იმისთვის, რომ დარღვევების ფონზე ხმა მისცეთ საბიჯეტო ცვლილებას. ასე ვერც ბიუჯეტს გავართმევთ თავს და დაინგრევა ხარაგაული. დადგება დრო, გამოჩნდება ხალხი, რომელიც ბევრ რამეს დაუმტკიცებენ თანაგუნდელებს. მოსმენისთვის დიდი მადლობა. გაყიდულ თამაშებს და დადგმულ სპექტაკლებს არ ვესწრები,“ – აღნიშნა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს სხდომაზე და ფრაქციის წევრებთან ერთად საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

ზვარის მაჟორიტარი დეპუტატის, ვლადიმერ ტალახაძის განმარტებით, ზვარის საბავშვო ბაღისთვის მრიცხველის შესაძენი თანხა ორთვენახევრის წინ ჩაირიცხა, ხოლო მრიცხველი, მისივე თქმით, ორი დღის წინ დაიდგა.

„ჩემი აზრით, სექტემბრიდან გვექნება ახალი ბაღების გახსნის შესაძლებლობა,“ – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ გელაშვილმა.

ნინო კაპანაძე