2023 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის საბაზო დონე, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა.
ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია. აპრილში ფასები ზეთზე, ბოსტნეულზე, რძესა და პურზე შემცირდა. თუმცა, გაიზარდა ხილის, ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასები. მომატებულია ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ფასები ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 11.3%-ით, საავადმყოფოების მომსახურებაზე კი 7.6%-ით გაიზარდა.
ინფლაციის მატებისას მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება. ადამიანები ელემენტარულ ყოფით საკითხებს ვეღარ აგვარებენ. ამასწინათ, მარტოხელა პენსიონერმა დაიჩივლა, ცოცხი ვეღარ ვიყიდე, რადგან 365 ლარი პენსიიდან 200 ლარი წამლებში დამეხარჯა, დარჩენილი თანხა ზეთის, კარტოფილის, პურის ფქვილის შესაძენად და დენის გადასახადისთვის გადავანაწილეო.
ხარაგაულში მცხოვრები ორი შვილის დედა ნათია შარიქაძე მასწავლებლად მარელისის სკოლაში მუშაობს. ის ამბობს, რომ მისი ოჯახის საერთო ხარჯები შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატება.
ნათიას ხელფასი ათას ლარამდეა. ოჯახი მხოლოდ მის ხელფასზე არაა დამოკიდებული. თუმცა, ძნელია, ყველა საჭიროებას გაწვდნენ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ყოველთვიურ გადასახადებს სათბობის ხარჯი ემატება.
ნათია ღმერთს მადლობას სწირავს, შვილები რომ ჯანმრთელად ჰყავს, რადგან მისი თქმით, ავად გახდომა ახლა პურის ფულის გარეშე დარჩენას ნიშნავს. სამედიცინო მომსახურება უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისთვისაა, ისიც – ნაწილობრივ.
ნათია შარიქაძე ფიქრობს,რომ ხარაგაულში ყველას ერთნაირად გვიჭირს – დასაქმებულებსაც და უმუშევრებსაც.
82 წლის მარტოხელა პენსიონერის, ნუნუ კამკამიძის შემოსავალი 365 ლარი პენსია და 60 ლარი სოციალური შემწეობაა. ის ამბობს, რომ თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს – 200 ლარზე მეტი წამლებში ეხარჯება. წელს, ხანგრძლივი ზამთრის გამო, შეშის ხარჯი მოემატა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მას შეშით ამარაგებს; თუმცა, როგორც ქალბატონი ნუნუ ამმბობს, ეს „ზღვაში წვეთია“.
მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ყველაზე უკეთ სასურსათო მაღაზიების მეპატრონეებმა იციან.
ოც წელზე მეტია, მოლითში სასურსათო მაღაზია აქვს მერაბი ლაცაბიძეს. ის ამბობს, რომ პენსია და საჯარო მოხელეების ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მათი შემოსავლები პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს ვეღარ ეწევა.
მერაბი ლაცაბიძე წუხს, რომ ზოგი მისი მეზობელი ისეთი გაჭირვებულია, წლებია, ნისიას ვერ ისტუმრებს – მაღაზიაში მისატანი ფული უცბად გასვენებაში, ქორწილში, ან წამლის შესაძენად დასჭირდა. მისი თქმით, ვალით ცხოვრება არავის უხარია. წინა წლებს რომ ადარებს, ვაჭრობის საქმე უკან-უკან მიდის. მოლითიდან ახალგაზრდების უმრავლესობა საზღვარგარეთ წავიდა.
მერაბ ლაცაბიძე ამბობს, რომ ქვეყანა – რეგიონები და დიდი ქალაქები – ერთიანად უნდა განვითარდეს. ის ფიქრობს, რომ ეს მაღაზია ბათუმში ან თუნდაც ზესტაფონში რომ ჰქონდეს, უკეთესად იცხოვრებდა.
ნინო მაღრაძის ოჯახმა ორი წლის წინ ხარაგაულში სასურსათო მაღაზია რომ გახსნა, იმედიანად იყვნენ განწყობილები. მაღაზიაში გამოკრულ წესს – ნისია არ გაიცემა – ნინო ვერ იცავს და რომ ხედავს, გაჭირვებულ, შეწუხებულ ადამიანს, პირველადი მოხმარების საკვებს – შაქარს, მარილს, პურს, კარტოფილს, მაინც ნისიად ატანს.
კიცხი ერთ-ერთ ძლიერ სოფლად ითვლებოდა. თუმცა, დღეს აქ მოსახლეობას ისევე უჭირს, როგორც სხვა სოფლებში, – ასე ფიქრობს კიცხელი ნათია ნიქაბაძე, რომელიც მაღაზიაში მუშაობს. მას თანასოფლელებისგან წლობით გადაუხდელი ნისიები რვეულიდან რვეულში გადააქვს. მოსავალიც აღარ მოდის და ამიტომ შედეგი შრომის უკუპროპორციულია.
არა მხოლოდ რეგიონსა და დიდ ქალაქებს, არამედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის არათანაბარ განვითარებაზე საუბრობს ნადაბური-ხევის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე. ის ამბობს, რომ ძირულას ხეობის სოფლებიდან ნადაბური ყველაზე ნაკლებმოსავლიანია. თუ ადრე ამ ხეობის სხვა სოფლების მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციით ირჩენდა, ნადაბურელებისთვის, ცენტრალურ გზასთან სიშორის გამო, ესეც ხელმიუწვდომელი იყო.
ქალბატონი დოდოს თქმით, ახლა მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, რადგან სოფელში ყველა შრომისუნარიანი ადამიანი, დროებით, რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმდა. ამ ოჯახებს საჯარო მოხელეებზე მეტი შემოსავალი აქვთ.
დოდო ხაჩიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შემოსავლის სწორად განაწილება. მისი ოჯახი დანაზოგს ვერ აკეთებს, ზოგჯერ თვეში ხარჯი შემოსავალსაც აღემატება და გაზრდილ სამომხმარებლო ფასებზე დაწევა უჭირს. თუმცა, ძირითადად, ხელფასი ჰყოფნით. ამავე დროს სეზონზე 500-600 ლარის ჟოლო მოჰყავს და ეს დამატებითი შემოსავალია.
მას, როგორც ხარაგაულის საკრებულოს წევრს, ხშირად უწევს სხვადასხვა სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა და ეკონომიური მდგომარეობის კუთხით სოფლებს შორის დიდ სხვაობას ხედავს. იმის მიუხედავად, რომ რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმება დროებითია, ბევრმა იქ მომუშავემ ახალი ხელობა შეისწავლა და სხვაგან დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდა. ეს კი, დოდო ხაჩიძის თქმით, მათი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი