ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 17 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის #994 და 2 ივნისის #1132 განკარგულებების საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 20 იანვრის #39 განკარგულებაში, რის შედეგადაც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 689 870 ლარი.

აქედან 199 947 ლარი მიმართულია დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მის მიმდებარე დევდარიანის, გურამიშვილის და ჭიპაშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად, 489 923 ლარი – დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციოდ.

2015 წლის პირველი იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთი, 56,3 ათასი ლარის განაწილდა შემდეგი ოდენობით:

2014 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამით დარჩენილი 7,2 ათასი ლარი მიიმართა მიმდინარე წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ხარჯებში მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოების შესასრულებლად;

5,0 ათასი ლარი გამოეყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს“;

22,5 ათასი ლარი – ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“;

5,0 ათასი ლარი – ა(ა)იპ  რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს;

2,0 ათასი ლარი ა(ა)პ კულტურის ცენტრს;

3,0 ათასი ლარი – შპს ,,ხარაგაული -2011“ -ს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებისათვის;

4,5 ათასი ლარი გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებისათვის მომსახურეობის შესასყიდად მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში;

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 17 ივნისს 7,1 ათასი ლარი გამოეყო ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს“. ამ თანხიდან 2 100 ლარი განსაზღვრულია პირველ ივნისს ღორეშაში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა წარმომადგენლებთან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეხვედრის ხარჯების დასაფარად; მათ შორის, – 1 800 ლარი საჭიროა ფურშეტისთვის, 300 ლარი – საჩუქრებისთვის.

ტურიზმის სამსახურისთვის გამოყოფილი 7,1 ათასი ლარიდან 5 ათასი ლარი განსაზღვრულია ოლიმპიური ცეცხლის შემოტანის ცერემონიისთვის.