დღეს, 4 მაისს, ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავებს პატივს მიაგებენ.
ეს მრავალწლიანი ტრადიცია დღეს განსაკუთრებული და გამორჩეულია – გაიხსნება მემორიალური დაფა, რომელზეც 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების გვარ-სახელებია ამოტვიფრული.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოზის (ბოგვერაძე) ინფორმაციით, მემორიალი ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თინათინ სვანიძე-ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევარის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით იხსნება.
მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ათამდე ქვეყნიდან, ტექსელის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოდან.
მემორიალური დაფა საქართველოს საპატრიარქოსა და ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოზის ლოცვა-კურთხევით დაიდგმება.
გახსნის ცერემონიის შემდეგ მეუფე აღასრულებს სულის მოსახსენებელ პანაშვიდს. ასევე განსვენებულ ქართველ ებრაელთა სულთათვის ლოცვას აღავლენს ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი იაკობ გაგულაშვილი.
მემორიალის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე.
ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ.
ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან.
1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.
ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს მათი გერმანელ ოფიცრებზე თავდასხმით დაიწყო. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა.
გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის თითქმის აღარავინაა ცოცხალი. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი ევგენი არტემიძე ომის დაწყებიდან 69 წლის თავზე, 2010 წლის 22 ივნისს, 90 წლისა გარდაიცვალა.
პროექტის – „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა“ ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თინათინ სვანიძე-ვენკო.
პროექტის ორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი. პროექტის პარტნიორები და თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში, ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, კუნძულ ტექსელის ადგილობრივი თვითმმართველობა, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია.
ფოტოზე: კუნძულ ტექსელზე დაღუპულთა გმირების საფლავთან, 2022 წ. (ფოტო აღებულია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს გვერდიდან)
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.