ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომლის ფარგლებში გვინდა ერთხელ კიდევ შევახსენოთ საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და შეუცვლელობა, ვაქცინაციის როლის განსაკუთრებულობა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე) უერთდება ამ მეტად მნიშვნელოვან კვირეულს, ვინაიდან ეს არის ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისა და იმუნიზაციის სისტემების გაძლიერების შესაძლებლობა.
თითოეულ ადამიანს შეუძლია და ევალება კიდეც, ხელი შეუწყოს ვაქცინაციის პროცესს და შესაბამისად იმ მძიმე დაავადებების ელიმინაციას, რომლის აცილება შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება იმუნიზაციით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამ წარმატების შენარჩუნება აუცილებელია.
იმუნიზაცია მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციისა და სიცოცხლის დასაცავად. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც სრულყოფილად იცავს ადამიანს. ამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.
არსებობს დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები). იმუნიზაცია იცავს ამ დაავადებებით გამოწვეული ინვალიდობისა და სიკვდილისგან.
მათ შორისაა დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰეპატიტი В, ტუბერკულოზი, ჰემოფილუს ინფლუენზა B ტიპი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პნევმოკოკური ინფექცია, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, საშვილოსნოს ყელის კიბო და სხვ.
აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციის წყალობით ბევრი ინფექციური დაავადების ახალი შემთხვევები სულ უფრო იშვიათია, ხოლო ზოგიერთი მათგანის არსებობა აღარც კი გვახსოვს.
ამიტომ აუცილებელია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში გადამდები დაავადებების ხელახლა აღმოცენების რისკი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ავადობის, უნარშეზღუდულობის და სიკვდილობის ზრდას. ეს კი მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყანას, ჯანდაცვის სისტემებსა და მშობლებს.
ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს ჯანმრთელად. ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
კალენდრით გათვალისწინებულია 13 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენზა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები, ადამიანის პაპილომავირუსი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ვაქცინაცია ადამიანის ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა, მშობლები თავიანთი შვილების აცრით იცავენ მათაც და გარშემომყოფ ადამიანებსაც, მათ შორის იმათაც, ვისთვისაც აცრა უკუნაჩვენებია რაიმე მიზეზის გამო – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ბავშვის აცრა იწყება სამშობიარო სახლში დაბადებიდან პირველ 24 საათში (ჰეპატიტი „ბე“), 0-5 დღე (ბცჟ), და გრძელდება იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით.
აუცილებელია დროული ვაქცინაცია. იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი.
ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის წინააღმდეგაც ჩაუტარდა აცრები. ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.
ბავშვი ამ მნიშვნელოვან პროცესს თვითონ ვერ წარმართავს. მშობლის ვალია, დროულად მიიყვანოს იგი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, ხელი შეუწყოს ექიმს პროფილაქტიკური აცრების დროულად და სრულყოფილად ჩატარებაში, არ გადადოს ან ჩააგდოს აცრა თვითნებურად ე.წ. „ცრუ უკუჩვენებების“ (გაციება, სურდო, ხველა, ტემპერატურა ნაკლები 380-ზე) გამო.
ყველა შემთხვევაში უნდა მივიდეს დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც ექიმი გადაწყვეტს, აცრას თუ არა ბავშვი. ქვეყანაში შემოსული ვაქცინები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და უსაფრთხოების მაჩვენებლით, მინიმუმამდეა აცრისშემდგომი არასასურველი მოვლენები (ტემპერატურა, აცრის ადგილის შეწითლება, შესიება, მტკივნეულობა და სხვ.).
იმუნიზაციის უსაფრთხოება – თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, სახელმწიფო ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და თანმიმდევრულია იმ სტრატეგიისა, რომელიც განსაზღვრულია ამა თუ იმ დაავადების შემცირების ან აღმოფხვრისათვის.
საქართველოში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების სახელმწიფო კალენდრის ფარგლებში მოწოდებული ვაქცინები ძალზე მაღალი ხარისხის და უსაფრთხოებისაა და გამოიყენება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში.
ვაქცინის მაღალი ხარისხის გარანტირებისათვის სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე სერთიფიცირებულ ან/და დასავლეთის ქვეყნებში რეგისტრირებულ ვაქცინებს.
აქედან გამომდინარე, ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის, აბსოლუტურად უსაფრთხო, ინახება ოპტიმალურ ტემპერატურაზე სპეციალურ მაცივრებში, ტრანსპორტირებისას დაცულია „ცივი ჯაჭვის“ პრინციპი.
მინდა ყურადღება გავამახვილო ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც შედარებით ახლად დანერგილია და გულისხმობს 10-11-12 წლის გოგონების აცრას, ეს კი მათ დაიცავს ისეთი მძიმე და რეპროდუქციული ასაკის ქალების სიკვდილიანობის ხშირი მიზეზისგან, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო.
ამ ვაქცინას რატომღაც მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს; ხშირად გაუგებარი და დაუსაბუთებელია აუცრელობის მიზეზი და ის, თუ რატომ უნდა თქვას მშობელმა უარი აცრაზე, რომელიც მის გოგონას ამ საშინელი დაავადებისაგან დაიცავს.
მინდა მოგმართოთ, ნუ დაუჯერებთ მითებს (რომ თითქოს ეს ვაქცინა უშვილობას იწვევს, ამის საპირწონედ გეტყვით, რომ ეს ვაქცინა დიდი ხანია დანერგილია მსოფლიოში და უკვე დედები არიან ამით აცრილი გოგონები), არაკომპეტენტურ პირებს, მეზობლებს, ნათესავებს და სხვ.
მოიძიეთ ინფორმაცია სამედიცინო პორტალებიდან, დღეს არის ამის საშუალება, შეგიძლიათ ნებისმიერ კითხვაზე მიიღოთ პასუხი ასევე ჩვენს დაწესებულებაში იმუნიზაციის სამსახურში კომპეტენტური პირებიდან.
ჩემი თხოვნაა, ნუ დატოვებთ თქვენს გოგონებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი აცრის გარეშე; მიაკითხეთ ამცრელ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც დაგხვდებათ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ვაქცინა და ჩაუტარეთ აცრა, რომ შემდეგ თქვენი ქალიშვილისგან საყვედურს ასცდეთ.
მინდა მივმართო მოსახლეობას – შეამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების იმუნიზაციის სტატუსი, რათა დარწმუნდეთ, რომ სრულყოფილად არიან აცრილი. აცრა უფასოა და უსაფრთხო! იგი თქვენი ჯანმრთელობის გარანტია!
ვაქცინები ნებისმიერ ასაკში უზრუნველყოფს დაცვას. ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება გიცავთ თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს სერიოზული და პოტენციურად ფატალური დაავადებებისგან!
აცერი და დაიცავი! ვაქცინები მოქმედებს! აცრები გვიცავს!
ნინო ბუხნიკაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის კოორდინატორი
ამავე თემაზე
დროული ვაქცინაცია ბავშვთა ჯანმრთელობის ქვაკუთხედია – გოჩა გიორგიძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი