იმუნიზაციის ევროპული კვირეული ყოველწლიურად აპრილის ბოლოს აღინიშნება.

მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. კვირეულს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

რა სიახლეებია წელს იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით, როგორია იმუნიზაციის კვარტალური მონაცემები იმერეთის რეგიონში და რა ღონისძიებები იგეგმება კვირეულთან დაკავშირებით, – ამაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის რეგიონის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება:

– იმუნიზაციის კვარტალური მონაცემები ცალკეული რუტინული ვაქცინაციის მოცვის მიხედვით მუშავდება, მაგალითად როგორი მოცვაა წითელას, წითურას, ყბაყურას აცრასთან დაკავშირებით და ა.შ.

იმერეთის რეგიონში ამ მონაცემების დამუშავებით არაერთგვაროვანი სურათი გვაქვს, – ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკეთესი  მდგომარეობაა, რომელიღაც კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად ბცჟ ვაქცინით ან ჰეპატიტი B მოცვის მაჩვენებლით, ზოგან კი შედარებით ნაკლები.

ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჰექსა 3 რომ ავიღოთ, გვაქვს ისეთი მუნიციპალიტეტები, სადაც მაჩვენებელი დაბალია, გეგმა კი მაღალი. ჩასატარებელია გარკვეული სამუშაოები, როგორც გეგმის კორექტირებასთან, ასევე მოცვის თვალსაზრისითაც.

ჰექსა 3 – თან მიმართებაში დაბალი მოცვაა ჭიათურაში, საჩხერეში, ხარაგაულში. ასევე შედარებით უფრო კრიტიკული გვაქვს მდგომარეობა წწყ (წითელა, წითურა, ყბაყურა) აცრის მიმართულებით.

წითელა, წითურა მოგეხსენებათ ისეთი დაავადებებია, რომლებიც ამ სეზონზე უფრო აქტიურდება და უკვე გვაქვს წითელათი დაავადების ერთეული შემთხვევები, მათ შორის იმერეთშიც,  რომელიც  შეიძლება პროგრესირდეს. ამ დაავადებას შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები რომ მზად დახვდნენ, დროულად უნდა იყვნენ ვაქცინირებულები.

სამწუხაროდ, ამ ვაქცინით მოცვის შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგალითად, წყალტუბოს, თერჯოლისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.

კოვიდ-19-ის ფონზე რუტინული ვაქცინაცია გასულ წლებში უფრო რთულად მიმდინარეობდა. წელს ვცდილობთ, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ვაქცინაციით მართვადი დაავადებების გააქტიურება. ამ რისკისა და პრობლემის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო, covid-19-დან გამომდინარე.

ვცდილობთ, წელს იმუნიზაციის კვირეული მასშტაბურად აღვნიშნოთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს გადავეცით რეკომენდაციები. მიმდინარე კვირაში მუნციპალიტეტებიდან ველოდებით ჩასატარებელი აქტივობების ჩამონათვალს.

კვირეულის ფარგლებში, ძირითადად, უნდა ჩატარდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლის სამედიცინო პერსონალთან, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებსა და აღმზრდელებთან, რომლებსაც უნდა მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების დროული ვაქცინაცია არის მათი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი.

ასევე ვგეგმავთ რუტინული ვაქცინაციების მოცვის მაჩვენებლების განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობებთან ერთად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, რომ მათაც ჰქონდეთ გარკვეული მგრძნობელობა, თუ როგორ სრულდება ესა თუ ის ვაქცინაცია მათ მუნიციპალიტეტში, რა რჩება რისკებად და რა არის გამოსავალი. შესაძლოა, გავაკეთოთ საინფორმაციო ტელე-სიუჟეტები თუ სტატიები ადგილობრივ მედიებში და ა.შ.

რუტინული ვაქცინაცია კოვიდ ლოქდაუნების შემდეგ გააქტიურებულია. ვიმედოვნებ, 2023 წლის ბოლოს ძირითად მიმართულებებზე მინიმუმ 95-%-იანი მოცვა გვექნება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მუნიციპალიტეტებში აქტიურად აგრძელებენ ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამას, რომელიც პაციენტებში იკვლევს C ჰეპატიტს, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზს.

C ჰეპატიტის ხასიათიდან გამომდინარე მას „ალერსიან მკვლელს“ უწოდებენ. მას არ აქვს მკაფიო  მწვავე სიმპტომური გამოვლინება პაციენტში. შეიძლება ადამიანს ისე დაუდგეს ციროზისა და ღვიძლის კიბოს სტატია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს. ამიტომ  ძალიან გააქტიურებულია C ჰეპატიტი ს სკრინინგის კომპონენტი, რომელიც საქართველოში ორ წელზე მეტია ხორციელდება.

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დაავადებული პაციენტების გამოვლენას სკრინინგით; შემდეგ მას ენიშნება დამატებითი გამოკვლევები, მკურნალობა და პროგრამის მესამე ეტაპი ეს არის „მიდევნების ეტაპი“.

ადამიანური ბუნებაა, რომ თუ ის მწვავე ტკივილს არ გრძნობს, ექიმთან არ მიდის. C ჰეპატიტის შემთხვევაში აუცილებელია მიდევნება. ჩვენი ეპიდემიოლოგები უკავშირდებიან სკრინინგით გამოვლენილ დადებით პაციენტებს და მათ  აწვდიან დამატებით ინფორმაციას, აძლევენ რეკომენდაციას, თუ რომელ კლინიკებს უნდა მიმართონ სამკურნალოდ.

ეს დამარწმუნებელი ეფექტური კომუნიკაცია იძლევა დადებით შედეგს და ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა მიმართვიანობა სამკურნალო დაწესებულებებზე.

ინტეგრირებულ სკრინინგს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ვახორციელებთ.  ხარაგაულში ამ მიმართულებით თანხები უკვე გამოყოფილია და ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო მუნიციპალიტეტია. ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ფაქტობრივად, ყოველდღიურად, კარდაკარ დადიან, რომ ეს სერვისი უფასოდ მიაწოდონ მოსახლეობას. ამისთვის მადლობა თითოეულ თანამშრომელსა და მათ ხელმძღვანელ ალექსანდრე ტაბატაძეს.

ყოველკვირეულად იმერეთში კოვიდ-19-ის დაახლოებით 150-180 შემთხვევა ფიქსირდება. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ისევ უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს ვაქცინაციისკენ. ვისაც აქვს სიმპტომები, გამოიყენოს პირბადე, მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას. უნდა გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს გარშემომყოფებს, რომლებიც შეიძლება უფრო მოწყვლადი იყვნენ ამ დაავადების მიმართ.

თამთა გოგოლაძე