გედსამანია-უბისა-ხევის მონაკვეთზე მუნიციპალური ტრანსპორტი 10 აპრილიდან მოძრაობს.

ხუნევის, ხევისა და ბორითის თემის სოფლების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს მათთვის დიდი შეღავათია. მოქალაქეები დილით და შუადღისას გედსამანიიდან ხუნევის გავლით სოფელ ხევამდე და ხევიდან ახალი ავტობანის გავლით ვერტყვიჭალამდე; შემდეგ – ვერტყვილის, საქასრიის, ბორითისა და მაქათუბნის გავლით – უბისამდე და უკან სოფელ გედსამანიამდე გადაადგილდებიან.

თუმცა, ადგილობრივების თქმით, კარგი იქნება, თუ ეს ტრანსპორტი საღამოს საათებშიც იმოძრავებს.

გედსამანიის სკოლის მასწავლებელი ირმა მუმლაძე ამბობს, რომ სამუშაო საათები დღის ორ საათზე უმთავრდება და ამის შემდეგ ზესტაფონსა და ხაშურში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამგზავრება უწევს. ირმასთვის ხუნევში საღამოს საათებში დაბრუნება პრობლემაა.

„ჩემნაირ დღეში არიან ის ადგილობრივები, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებისთვის მეზობელ მუნიციპალიტეტებში მიდიან, – ამბობს ირმა მუმლაძე, – კარგი იქნება, ახალდანიშნული მუნიციპალური მიკროავტობუსი საღამოს საათებშიც თუ იმოძრავებს. მოსახლეობისთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნება“.

„დილით დამშვიდებული და დაწყნარებული მოვყვები უბისიდან ხუნევში ამ მუნიციპალურ ტრანსპორტს, – ამბობს ხუნევის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ჭუბაბრია, – მადლობა ყველას, ვინც ეს მიკროავტობუსი დაგვინიშნა.

თუმცა, ხუნევიდან უბისაში დაბრუნება ძალიან მიჭირს. მუშაობას საღამოს ექვს საათზე ვამთავრებ და მერე ვერტყვიჭალამდე როგორმე უნდა ჩავიდე, რომ ავტობანზე მოვხვდე და უბისამდე ვიმგზავრო.

ასეთ მდგომარეობაშია ჩემი რამდენიმე თანამშრომელი. ყველა ხომ საბავშვო ბაღის წინ არ ცხოვრობს. შიდა ტრანსპორტის საღამოს საათებში გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

დღეს მაგალითად, (11 აპრილი) 12:00 საათიდან რიკოთის ავტობანი დაიკეტა და აღარ ვიცი, სახლში როგორ დავბრუნდე. ავტობანზე დასაქმებულებს რომ ემსახურება ტრანსპორტი, იმათ უნდა ვთხოვო და უბისამდე იქნებ გამიყოლონ“.

ხუნევის სკოლის დირექტორი გოჩა ჩადუნელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, გედსამანია-ხევი-უბისას ახალდანიშნული მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ მოსახლეობის აზრი არ გამოუკითხავს. მისი თქმით, დილით ხუნევიდან ვერტყვიჭალაში მომავალი ექთანი, ხაშურიდან და ზესტაფონიდან წამოსული მასწავლებლები ამ ტრანსპორტით სარგებლობენ და კმაყოფილები არიან. გოჩა ჩადუნელი მიიჩნევს, რომ თუ ეს ტრანსპორტი, საღამოს საათებში, მესამე რეისსაც შეასრულებს, კარგი იქნება.

ხომ არ გეგმავენ გედსამანია-უბისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსისთვის საღამოს საათებში რეისის დამატებას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.

„ხუნევისა და ბორითის თემების სოფლების მოსახლეობასთან კონსულტაციები მანამდე გავიარეთ, სანამ ამ მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნაზე ტენდერს გამოვაცხადებდით, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – თუ რამე ახალი გარემოება და საჭიროება წარმოიშვა, დავაზუსტებთ, შევისწავლით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“.