ემიგრანტი ლელა თოლორდავა ქუთაისელი ჟურნალისტია.

ამ დილით ლელამ სოციალური ქსელით გამოაქვეყნა სულშიჩამწვდომი პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ფრანჩი, ახლა ღამის 4 საათია და შენს სასთუმალთან მოდარაჯე შვილის ადგილი ესტაფეტასავეთ გადმომილოცეს…

არ შეგეშინდეს, ლელა, შენს ხელში არ მოკვდება დედა!!! – ასე ვამხნევებთ ერთმანეთს უკვე მეექვსე ღამეა…

დღე არ გვაშინებს სიკვდილი… ღამე ბევრად სასტიკი და სატანჯველია…

ხანგრძლივ აგონიაში არისო , პარასკევს გადაჭრით ნათქვამს, „ამ ღამეს ვეღარ გადაიტანს“- ო ასე აბათილებს ექიმი…

პარასკევის მერე, ბებოს სიკვდილის მოლოდინში ვართ… ყველა სასიციცხლო პარამეტრი ნოლზეა დასული, მაგრამ სულს არ ეთმობა სხეული… თუმცა, კანონზომიერებას წინ ვეღარაფერი აღუდგება… მოსახდენი მოხდება…

მეშვიდე დღეა, ვისმენ განხილვებს, დღეს თუ მოკვდება როდის უნდა დაასაფლაონ… კვირის ყველა დღე დასაშვებად მიიჩნევა, კვირის გარდა… ამ კვირას, 9 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს კათოლიკური სამყარო…

აღდგომის კვირაში სიკვდილი სანატრელიაო, გუშინ ანთებული თვალებით თქვა გაბრიელამ (ბებოს ძმის ცოლი), სიკურამენტე პარადისო (უეჭველი სამოთხეში ) – ში მოხვდებაო…

დედა, ისედაც სამოთხეში დაიდებდა ბინას, სიკეთის და სიყვარულის მეტი არაფერი გაუციაო…

ფრანჩი, სამოთხისკენ მიმავალ გზას ადგას შენი სული… შენი მისამართი თითქმის განსაზღვრულია… აი, ჩემი კი მხოლოდ ღმერთმა იცის…

იცი, რა გაუსაძლისია ეს ყოფა?! ისეთი გაუსაძლისია ამაზე ფიქრსაც კი ვემალები… ნეტა, შემეძლოს სამშობლოში დაბრუნება?! ნეტა, შემეძლოს აქ დავასრულო ჩემი ბადანტეობა…

მინდოდა, ვამბობდი, თავს ვიიმედებდი, რომ შენი გარდაცვალების მერე უკანმოუხედავად გავიქცეოდი აქედან…
მინდოდა, ვამბობდი, თავს ვიიმედებდი, მაგრამ…

ათასი მაგრამი მაშინებს, ფრანჩი… ის რეალური სურათი მაშინებს, რომელსაც შორიდანაც კი ვხედავ… გაუსაძლისი, დუხჭირი ყოფა… რომ წავიდე და ისევ უკანმოსაბრუნებელი გავხდე?! ცარიელი ხელით რომ მიდიხარ, აბა რას ელი?!

ხო… ხო, ვერც ემიგრანტობამ მასწავლა ხელმომჭირნეობა… არანაირი დანაზოგი … პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ „შავი დღისთვის ორი კაპიკი უნდა გადადო“… ვერ გადავდე…

დედას თავის დასაფლავების ფული დიდი ხანია მობარებული აქვს ჩემთვისო, ძმებს გამოუცხადა დამ… საიდან?! როგორ?! გაოცდნენ ბიჭები… როცა გადასახადების გადასახდელად მაგზავნიდა, 50 ევროს ზედმეტად მაძლევდა, უკანასკნელ გზაზე გასაცილებელი ბილეთისთვის შემინახეო…

ფრანჩი, რა ჭკვიანი ყოფილხარ. ნეტა, ადრე გამეცანი, საღ ჭკუაზე რამდენს ვისწავლიდი შენგან…
თუმცა, დედაც ძალიან ჭკვიანი მყავს, მისთვის რომ დამეჯერებინა, ასეთ დღეში კი არ ჩავვარდებოდი…
მამაშენივით ზედმეტად ხელგაშლილი ხარო, საკუთარ თავზე უნდა იფიქო, ყველა მიხედავს მის თავსო…
მოკლედ, რაც გვჭირს, საკუთარი თავით გვჭირს, ხელს ნურავისკენ ნუ გავიშვერთ…

იქნებ ამ მდგომარეობამ ჭკუა მასწავლოს, შენ რას იტყვი, ფრანჩი?! მომაკვდავისგან რჩევას რომ ვითხოვ, ტრაგიკომიკური მდგომარეობის ხაზგასმაა, მაგრამ მეორეს მხრივ რეალობაზე თვალის გასწორებაც ხომაა…

დიახაც, ვუსწორებ რეალობას თვალს და საკუთარი თავის წინაშე ჩადენილ დანაშაულს ვაღიარებ!!!

ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მომესმა, თენდება, ფრანჩი… 6 აპრილის დილა თენდება…

შენ ისევ მძიმედ სუნთქავ, ისევ სიკვდილს ებრძვი… ვინ იცის, იქნებ უკანასკნელი დილა გითენდება… მეექვსე ალიონი დადგა ამაზე ფიქრში…

მომაკვდავისთვის ღამე არასდროს მითევია, პირველი შენ ხარ… რაც აქ ვარ და მოხუცის მომვლელად ვიქეცი, ჩემს ხელში არავინ მომკვდარა… ორივე ბაბუ ცოცხალი დავტოვე, მხოლოდ შენი გაცილება მომიწევს…

ჩემო ფრანჩი, ჩემო საბრალო ფრანჩესკუნია, არ გინდა, მოახდინო სასწაული და გაახილო ჩამქრალი თვალები?!
არ გინდა?!
P.S. ალბათ, ასეთი ელეგანტური იქნებოდა ჩემი ფრანჩი

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

ორი წლის წინ ემიგრანტმა ჟურნალისტმა ლელა თოლორდავამ გამოსცა წიგნი„ბადანტე“