ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი დარეჯან ფერაძე სოციალურ ქსელში ასევე ემიგრანტ ლელა თოლორდავას წიგნის „ბადანტეს“ შესახებ შთაბეჭდილებებს აქვეყნებს.
„ლელა, წავიკითხე შენი „ბადანტე“, – წერს წიგნის შესახებ დარეჯან ფერაძე, – ორი დღეა სიცილ-ტირილის მონაცვლეობით ვათენებ და ვაღამებ. სარკაზმგარეულ შენეულ იუმორზე ხან გიჟივით ვხარხარებ, ხან სიბრაზისაგან, ოლღა ბებიასავით ვაქოქოლებ შენს „სისხლისმსმელ“ გრაციელას და უკანასკნელი სიტყვებით ვამკობ; ხან ცრემლად ვიღვრები, „ვაიმე, ვაიმეს“ ძახილით რომ ფარავ შვილების მონატრებისა და შიშნარევი მოლოდინის უკიდეგანო სევდას…
ყველას ერთნაირი ისტორია გვაქვს. წერ შენზე და ასე მგონია, ჩემი 13-წლიანი ემიგრანტული არსებობის (და არა ცხოვრების) მემატიანე ხარ. დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობს ყველა, ვინც წაიკითხა, ახლა კითხულობს, ან ხვალ წაიკითხავს…
ეს არ არის მარტო ლელა თოლორდავას ისტორია. ესაა იმ ათიათასობით ქალის, ქართველი დედის ისტორია, რომელთაც საქართველოში გამეფებულმა განუკითხაობამ და სიდუხჭირემ საკუთარი ჭერი, შვილები, ქმრები, მშობლები დაატოვებინა და ოჯახების გადასარჩენად მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მიმოფანტა…
სამშობლო ერთია და ვერავინ შეცვლის, მაგრამ ქვეყნის სათავეებში მოკალათებულმა „ერთმა მუჭა წურბელებმა“ (როგორც შენ ამბობ), გამოხრეს ჩვენი სამშობლო. ჩვენ კი, მისი მოქალაქეები, განურჩევლად, დაუნდობლად გაგვწირეს მონობისთვის. ამას ყველაფერს მთელი სიმწარით გრძნობ, როცა წიგნში დღიურიდან დღიურზე გადადიხარ და იტალიელ დომენიკოს სახლში გატარებულ უფერულ დღეებს აფერადებ და ახალისებ მშობლიურ სოფელში გატარებული ბავშვობის საუცხოო მოგონებებით, ქუთაისის კოლორიტი ადამიანების ისტორიებით, „უმარილო“ და „წყალწაღებული“ გრაციელას საპირწონედ ქართული სტუმართმასპინძლობისა და ხელგაშლილობის, სიკეთით სავსე ქართველი ემიგრანტების განსაკუთრებით, დედობილი დაჯის დაუღალავი მზრუნველობის მაგალითებით.
დღიურმა 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობაზე, ცხოველთა თავშესაფარზე, შენს ჟანაჩკაზე და შენს გიჟად ქცეულ დედურ ინსტიქტებზე ცხარე ცრემლით მატირა…
რომ არა სინიორა ვიტა, იტალიელებზე საშინელი წარმოდგენა შემექმნებოდა. თუმცა როგორც ყველგან, მთელ დედამიწაზე, იტალიაშიც არიან ცუდები და კარგები, კეთილები და ბოროტები…
კარგად მოუხდა თხრობას ორი ლელას შინაგანი ბრძოლის ინტრიგა, რომელიც მკითხველს წიგნის ბოლომდე მიჰყვება და ინტერესით ელოდება, ვინ გაიმარჯვებს მასში – ქალი თუ დედა? და მაინც დედაა პირველ ადგილზე – ლილეს და ლუკას ქართველი დედა…
გმირობის ტოლფასია, როცა შენს თავში პოულობ ძალას, ერთი ხელის მოსმით დაამსხვრიო „ბადანტეობისთვის“ შენივე ნებით შეკრული ბორკილები და გაექცე რეალობად ქცეულ ილუზიურ სამყაროს. შენ ეს შეძელი…
აღფრთოვანებული ვარ შენით. ბრავო, ლელა“!
თავის მხრივ ლელა თოლორდავა გასულ წლებში დარეჯან ფერაძესთან ურთიერთობას იხსენებს და მადლობას უხდის მას, რომ წიგნი „ბადანტე“ ამერიკას „აჩვენა“.
ქუთაისელი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიოში მცხოვრებ 85 წლის ბაბუა დომენიკოს უვლიდა და იქაურ ამბებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებდა. საქართველოში დაბრუნებულმა ეს ამბები წიგნად გამოსცა და „ბადანტე“ უწოდა.
„ბადანტე“ იტალიური სიტყვაა და ქართულად მომვლელს ნიშნავს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი