რიკოთის ავტობანის ჩაკეტვის გამო, ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობს. ავტომანქანების დიდი ნაკადი ამ გზაზე საცობებს ქმნის.

ამ გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

მძღოლები გადაადგილებას ფონა-ჩუმათელეთის გზაზეც ცდილობენ. თუმცა, ეს გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მის გავლას „ჯოჯოხეთს“ ადარებენ.

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მოვლა-პატრონობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიების – შპს „არალისა“ და შპს „ბორანის“ ვალდებულებაა.

როდის და როგორ აპირებენ მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოწესრიგებას ეს კომპანიები, – ამის გასარკვევად „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია შპს „არალთან“ და შპს „ბორანთან“ დაკავშირებას ცდილობს. მათგან პასუხებს მიღებისთანავე გაცნობებთ.

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციისთვის 2022 წლის 14 ოქტომბერს განმეორებით გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი, ამ დრომდე მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მშენებელი კომპანიებისგან წინადადებების მიღება 13 დეკემბერს დაასრულა.

როდის გაიხსნება 30 მარტიდან ჩაკეტილი რიკოთის ავტობანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ.

ფოტოზე: მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ფონის მონაკვეთი