დაბა ხარაგაულში ცენტრალურ ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მშენებლობისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი 2020 წელს 2 100 532 ლარზე გამოაცხადა. ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა ტენდერით შერჩეულმა „ჰიდროტექნოლოგიურმა ჯგუფმა“ მოაწყო.

მშენებლობის პროცესში, ხელშეკრულებაში 22 ცვლილება შევიდა. თითოეული მათგანი მშენებლობის დასრულების ვადის გახანგრძლივებას ეხებოდა. ბოლო ცვლილებით, მშენებლობის დასრულების ვადად 2023 წლის 20 თებერვალია მითითებული. შესრულებულ სამუშაოებზე ინსპექტირების ანგარიში შპს „პონტიკამ“ მოამზადა. 2023 წლის 6 თებერვალს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ „დასრულებული სამუშაოები ყველა სამშენებლო ნორმას პასუხობს“.

მიღება-ჩაბარების აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის უფროს ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი სისტემა ხარაგაულში, ჯერჯერობით, ექსპლუატაციაში არ შესულა;

„ექსპლუატაციაში გაშვებამდე ამ სისტემაზე სხვა, – არაცენტრალური ქუჩების კანალიზაციის ქსელი უნდა დაერთდეს და გამწმენდი ნაგებობები მოეწყოს. თუმცა, უცნობია, ეს როდის მოხდება და ჯერჯერობით, არც არის კონკრეტულად დაგეგმილი.

ამ სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. სამუშაოები, სავარაუდოდ, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. კანალიზაციის დასრულებული სისტემის ზედამხედველობა ჩვენს სამსახურს დაეკისრება“, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი.

„2023 წლის ბიუჯეტში ხარაგაულის წყალანირების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი დაგეგმილი არ გვაქვს, – გვითხრეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში,ამ ეტაპზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ძირითადად, ორიენტირებულია წყალმომარაგების სამუშაოებზე; როდესაც ყველა ქალაქი და სოფელი იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით, წყალანირების სისტემის მშენებლობაზე ამის შემდეგ გადავალთ. ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის გამო, ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა წინსწრებით მოეწყო, რადგან შემდეგ გზის ხელახალი დაზიანება არ მომხდარიყო“.

ხარაგაულში ამჟამად მოქმედი კანალიზაციის ქსელი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გაკეთდა. ის ამჟამად ამორტიზებული და დაზიანებულია. კანალიზაციის ქსელის მოვლა-პატრონობა ააიპ „ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების  გაერთიანებას“ ევალება. ამ ორგანიზაციის დირექტორი ზაზა კაციტაძე ამბობს, რომ ქსელს, გარკვეულ უბნებზე, ხშირად სჭირდება გაწმენდა.

„მოსახლეობა ძალიან დაუდევარია. გაწმენდისას ბიჭებს ისეთი რამ ამოაქვთ მილებიდან, რომ სიტყვით არ ითქმება. თვითონ სისტემაც ძალიან მოძველებულია და ხშირად ზიანდება“, – ამბობს ზაზა კაციტაძე.

სოლომონ მეფის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის ჩასასვლელთან, კანალიზაციის სისტემა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ არასასიამოვნო სუნი დიდ მანძილზე იგრძნობა.

მაღაზიაში დასაქმებული გულო ტალახაძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ქუჩაში გაჩერებაც კი შეუძლებელია. „კიდევ კარგი აქ, შენობაში სუნი ნაკლებად შემოდის. მოვლენ, თითქოს გაწმენდენ, მაგრამ პრობლემა კვლავ რჩება, ვერ აკეთებენ. როგორც მითხრეს, ამას სისტემის შეცვლა და სპეციალური ტექნიკა სჭირდება. წვიმის დროს ამ ტერიტორიაზე დიდი წყალი დგება და სანიაღვრე არხი ვერ ატარებს“.

მძიმე მდგომარეობაა 9 აპრილის ქუჩაზეც, სადაც კანალიზაციის ჭიდან ხშირად ფეკალური მასები ქუჩაში გადმოდის. „ჩვენი ეზოს შესასვლელთან კანალიზაციის ჭა ახლახან მოაწყვეს. თუმცა, როგორც ჩანს, არასწორად, – დროდადრო სისტემა ფეკალიებს ვეღარ ატარებს და ჭაზე ზემოდან გადმოდის. მოვა სამსახური, რაღაცას გააკეთებენ, თუმცა რამდენიმე ხანში პრობლემა ისევ თავს იჩენს“, – ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მარი კვირიკაშვილი.

დაბა ხარაგაულში მცხოვრები გიორგი მაქაძე, უკვე წლებია, ხარაგაულში კანალიზაციის ქსელის გაუმართაობაზე საუბრობს. „გაუსაძლისი მდგომარეობაა. გასული საუკუნის 60-იან წლების კანალიზაციის სისტემა გაზრდილ მოთხოვნას ვეღარ უძლებს და ხშირად ზიანდება. ამას ემატება დაზიანებული სანიაღვრე სისტემაც.

ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლაც რომ ჩახვიდეთ, გადათხრილი და დაზიანებულია. მერის სახელზე შევიტანე განცხადება, ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. მიპასუხეს, რომ ამ ტერიტორიაზე კანალიზაციის მოსაწესრიგებლად საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია და მალე მოაწესრიგებენ“, – ამბობს გიორგი მაქაძე.

ჩვენგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული აქვს კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების შემდეგი სამი პრობლემური მონაკვეთის მოსაწესრიგებლად, – 1)სოლომონ მეფის ქუჩაზე საბავშვო ბაღის ჩასასვლელთან;
2)სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიმდებარედ;
3)სასაფლაოსთან, წერეთლის ქუჩის დასაწყისში.

სამივე ამ პრობლემური მონაკვეთისთვის, ჯამში, 134 338 ლარია განსაზღვრული,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი ამბობს, რომ 9 აპრილის ქუჩაზე კანალიზაციის პრობლემის შესახებ მერიისთვის არავის მიუმართავს და ამიტომ ეს საკითხი მისთვის უცნობია.

„ამჟამად უკვე მომზადებული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტში საჭირო თანხის მოძიებაზე ვმუშაობთ, – ამბობს დავით დევდარიანი, – სავარაუდოდ, ტენდერებს მაისში გამოვაცხადებთ, თუ რაიმე ხელისშემშლელმა გარემოებამ არ იჩინა თავი. მძიმე სამუშაოა, მიწის ქვეშ ათასი კომუნიკაცია გადის, რომლის ნახაზებიც აღარ არსებობს. მიწის სიღრმეში, პრაქტიკულად, ბრმად გვიწევს მუშაობა და ძალიან რთულია. ამასთან ერთად, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემა კერძო საკუთრებაზე გადის. მესაკუთრე კანალიზაციის ცენტრალური სისტემის მის საკუთრებაში გატარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამიტომ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – ამბობს დავით დევდარიანი.

პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემა დავით გაჩეჩილაძის კერძო საკუთრებაზე გადის. კომენტარისთვის მასაც მივმართეთ, თუმცა მან ამ საკითხზე საუბრისგან თავი შეიკავა.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: დაზიანებული კანალიზაციის სისტემა ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე;

დაზიანებული კანალიზაციის სისტემა სასაფლაოსთან, წერეთლის ქუჩის დასაწყისში.