რიკოთის მშენებარე ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მთის ფერდი ჩამოიშალა და მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დააზიანა. უკვე ექსპლუატაციაში შესული ავტობანის 161-ე კილომეტრზე, სოფელ ვერტყვიჭალასთან, მთის ფერდიდან მიწა ჩამოშვავდა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. ორივე შემთხვევა გასულ კვირაში მოხდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ფაქტებს უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებული მეწყერული პროცესებით ხსნის. სპეციალისტები ამბობენ, რომ რიკოთის ავტობანის პროექტირებისა და მშენებლობის ეტაპები არაპროფესიონალების მიერ წარიმართა და უარესი შედეგებია მოსალოდნელი. მოქალაქეები აღშფოთებას, ძირითადად, სოციალურ ქსელში გამოხატავენ.
ჰიდროინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი მერაბ დავითაია „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ რიკოთის ავტობანზე, ფაქტობრივად, არც ერთი გვირაბის პორტალი არ არის სწორად გაყვანილი და გამაგრებული.
„ყველა მიმდებარე ფერდები ისეა გაშიშვლებული, რომ ისინი გამაგრებას, პრაქტიკულად, არ ექვემდებარება, – ამბობს მერაბ დავითაია, – ყველა რეგიონის მიწას თავისი მახასიათებელი აქვს. დაპროექტებისას ყველაფერი უნდა გაითვალისწინო – საიდან ქრის ქარი, რა ოდენობის წვიმა მოდის.
დოკუმენტები, კი ბატონო, არსებობს, მაგრამ რიკოთის ავტობანი არაპროფესიონალების მიერ ზერელედაა დაპროექტებული. ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველ პირებთან არაერთხელ მისაუბრია. სამწუხაროდ, პროფესიონალების ნათქვამს არ იჯერებენ.
გვირაბში ისე უნდა შეხვიდე, რომ ფერდობების მდგრადობა არ დააზიანო. გვირაბების გაყვანისას, მყარი გრუნტის გაჭრა არასწორად მიმდინარეობს. მთის ფერდზე სამუშაოები ერთი მხრიდან მექანიკური წესით უნდა დაიწყოს და თანდათანობით გაგრძელდეს. მთის ორივე მხარის დანგრევა არ შეიძლება. ახლა რასაც აკეთებენ, ბეტონითა და ანკერებით, ის მეწყერს ვერ დაიჭერს. ბოლო წლებია, რიკოთის უღელტეხილზე დიდი თოვლი არ მოსულა. წელს მოვიდა და შედეგიც მივიღეთ.
უკვე ექსპლუატაციაში შესულ გვირაბებთან მანქანების ასასვლელ-ჩამოსავლელები არსად არ არის. რამე რომ მოხდეს, მანქანა უსაფრთხოდ ვერ მოტრიალდება. გვირაბები 60-80 მეტრ სიმაღლეზე გაჭრეს. რატომ, რისთვის?! შეიძლებოდა უფრო დაბალზე ყოფილიყო.
ამ ავტობანის პროექტირების პირველ ეტაპზე ჩართული ვიყავი და მაშინ ვთქვი, რომ გვირაბის სიმაღლე დაგვეწია, მაგრამ ვინ მომისმინა?! უფრო ნაკლები სიმაღლის შემთხვევაში ბუნებასაც ცოტა ზიანი მიადგებოდა და ნაკლები იქნებოდა გვირაბიდან გამოტანილი გრუნტი, ახლა რომ აღარ იციან, სად წაიღონ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმე მხოლოდ პიარკამპანიაა. გაშლიან რუკებს გზის პირზე და საქმიანი სახეებით გვიყვებიან, მშენებარე ავტობანზე რამდენი გვირაბი გახსნეს. ძირულაში მომხდართან დაკავშირებით თქვეს, – სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა, ამიტომ ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან სამუშაოების დასრულებისა და საზედამხედველო კომპანიისგან შესრულებული სამუშაოს დადასტურების შემდგომ მოხდებაო. მოსახლეობას, პირველ რიგში, ინფორმაცია გვჭირდება იმის თაობაზე, რამდენად უსაფრთხო იქნება ავტობანი. ვამბობ, როგორც პროფესიონალი, რომ ეს გზა მუდმივად პრობლემური იქნება“.
უბისა-შორაპნის მონაკვეთს თაღლითობაში მხილებული კომპანია აშენებს
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: I სექცია – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი, 11,7 კმ.; II სექცია – ხევი-უბისას მონაკვეთი, 12,2 კმ.; III სექცია – უბისა-შორაპნის მონაკვეთი,13 კმ.; IV სექცია – შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, 14,7კმ. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაცია“ ახორციელებს, ხოლო მშენებლობის ზედამხედველია ფრანგული კომპანია „ეგისი“ (EGIS-GRUP)
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო იდეა“ ამ მონაკვეთის მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების საქმიანობა 2021 წელს მოიკვლია. კვლევის მიხედვით, 2009 წელს, ფილიპინების გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამის ტენდერში გამოვლენილი თაღლითური საქმიანობის გამო, მსოფლიო ბანკმა „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაცია“ შავ სიაში შეიყვანა. მას რვა წლით აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა.
ამ კომპანიის მხრიდან სადავო საქმიანობა კენიაში, უგანდაში, ყირგიზეთში, ხორვატიასა და უკრაინაში შეინიშნება. თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უბისა-შორაპანის მონაკვეთზე 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობისთვის 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში 8 კომპანიას შორის უპირატესობა „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაციას“ მიანიჭა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაცია“ შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 2020 წელს ორჯერ გააფრთხილა. თებერვალში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უბისაში, მშენებელი კომპანიის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, მსუბუქად დაშავდა ჩინეთის ორი მოქალაქე, ხოლო საქართველოს ერთმა მოქალაქემ მძიმე დაზიანება მიიღო. 2020 წლის მაისში კი ბულდოზერის ოპერატორი ისე დაშავდა, რომ მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ზედამხედველ კომპანია „ეგისს“ რაც შეეხება, ა/ო „სამოქალაქო იდეის“ დასკვნის მიხედვით, 2018 და 2020 წლებში ისიც მსოფლიო ბანკის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.
2018 წელს საფრანგეთის პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება „ეგისის“ შვილობილი კომპანიის – „ეგის ავიას“ წინააღმდეგ. კომპანიას ბრალად ედებოდა უცხოელი ოფიციალური პირების მოსყიდვა. მოგვიანებით „ეგისმა“ ბრალი აღიარა და პროკურატურასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2.6 მილიონი ევრო გადაიხადა. 2020 წლის 17 ივნისს მსოფლიო ბანკმა „ეგისს“ სანქციები კვლავ დააკისრა.
„მცირე დოზით ჩამოშლები დასაშვებია“
რა კრიტერიუმებით შეირჩა თაღლითობასა და კორუფციაში მხილებული კომპანიები უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის მშენებლად და ზედამხედველად, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვიპასუხეს, რომ „აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ტენდერში მონაწილე დისკვალიფიცირებულ მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს“.
რატომ შვავდება მიწა და აქტიურდება მეწყერი რიკოთის მშენებარე ავტობანის ცალკეულ მონაკვეთებზე და რამდენად უსაფრთხო იქნება ავტობანის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი, – ამ შეკითხვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ასე განგვიმარტეს: „ხევი-არგვეთას მონაკვეთზე ზოგიერთი ადგილი მეწყერული იყო და ეს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტშიცაა აღნიშნული. ამიტომ მშენებლობის პროცესში ასეთი მცირე დოზით ჩამოშლები დასაშვებია.
უბისა-შორაპნის მშენებარე გზის ფერდის ჩამოშლას ამჟამად სპეციალისტთა ჯგუფი სწავლობს.
რიკოთის ავტობანზე გასაჭრელი 53 გვირაბიდან 41 გაჭრილია, მათგან 14-ში ავტოტრანსპორტი მოძრაობს, ასაშენებელი 96 ხიდიდან 63 აშენდა და 25 ექსპლუატაციაშია შესული. რიკოთის ავტომაგისტრალი საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით სატრანსპორტო ცენტრად ჩამოყალიბდეს“, – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე – ვერტყვიჭალასა და ძირულაში ჩამოშლილი მთის ფერდები
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.