მესამე თვეა, ხარაგაულის სატყეო უბანს გიორგი ბახტიძე ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ბოლო ექვსი წელი, ზესტაფონის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა, მანამდე – კერძო დაცვის სამსახურსა და ზესტაფონის პოლიციაში. გიორგი ბახტიძეს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსს ტყის დაცვისა და მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ვესაუბრეთ.
– გასული, 2022 წელი რომ შევაჯამოთ, ხარაგაულის ტყეკაფებში, ფაქტობრივად, 15 ათასი კბმ საშეშე მერქანია მოჭრილი. ხარაგაულის სატყეო უბნიდან კი 6 ათასი კბმ საშეშე მერქანის მოპოვებაზეა ნებართვა გაცემული, – ამბობს გიორგი ბახტიძე, – ამ ორ ციფრს შორის დიდი დისბალანსია, რაც, სამწუხაროდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე მიუთითებს. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მოთხოვნასა და კანონიერ მიწოდებას შორის ბალანსი აღდგეს.
საშეშე მერქნის მოხმარებას ვერ შევამცირებთ, თუ სოფლების გაზიფიცირება არ მოხდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება „საქმიანი ეზოს“ ამოქმედებაა. ტყეკაფებში დამზადებული საშეშე და სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ განთავსდება და მისი შეძენა ყველა იმ მოქალაქეს შეეძლება, ვისაც არ აქვს მისი ტყეში დამზადებისა და შემდგომში ტრანსპორტირების შესაძლებლობა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზო“ უკვე მოქმედებს. ასე რომ, ამ საკითხში გარკვეული ვარ. ხარაგაულში „საქმიანი ეზოს“ შესაქმნელად ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი.
ხარაგაულის სატყეო უბნის კვალიფიციურ და გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ვიფიქრეთ, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე ორი „საქმიანი ეზო“ მოეწყოს – ერთი ძირულას ხეობაში და მეორე ჩხერიმელას ხეობაში. ეროვნული სატყეო სააგენტოდან გვპირდებიან, რომ ჩვენს წინადადებას დააკმაყოფილებენ. ხევში შესაბამისი ტერიტორია უკვე შერჩეულია. აუცილებელია, რომ საქმიანი ეზოს ფართობი 1 ჰა იყოს და საავტომობილო გზის სიახლოვეს მდებარეობდეს.
ჩხერიმელას ხეობაში „საქმიანი ეზო“ საღანძილეში გვინდა რომ მოვაწყოთ. თუმცა, ჯერჯერობით, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თავისუფალი ფართი ვერ მოვიძიეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ ამ საკითხის მოგვარებაში გვეხმარება.
2023 წლის ბოლომდე საქართველოში ამოქმედდება 17 „საქმიანი ეზო“, სადაც მოსახლეობა საშეშე და სამასალე მერქნის შეძენას შეძლებს. ეროვნული სატყეო სააგენტო დაიქირავებს საშეშე და სამასალე მერქნის დამამზადებელს და მის საქმიანობას, კანონის მიხედვით, მკაცრად გააკონტროლებს.
– ბატონო გიორგი, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხომ არ გეგმავთ რაიმე ღონისძიებას? რა უნდა ვიცოდეთ მოქალაქეებმა ტყის დაცვის შესახებ, რა კუთხით აპირებთ საქმიანობას, რომ საზოგადოების ცნობიერება ტყის მნიშვნელობის შესახებ ამაღლდეს.
– ტყის დაცვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა მისი განაშენიანებაა. ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნა არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ 21 მარტს დილით დაიწყო რაღაც ღონისძიება და საღამოს დაასრულო. ტყის განაშენიანება ხანგრძლივი პროცესია – ერთი ნერგის გამოყვანას 2 წელი სჭირდება, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე გადარგვისთვის მზად იყოს. შემდეგ ფესვთა სისტემის განვითარებისთვის კიდევ ორი წელია საჭირო, რომ ტყეში გადარგვის შემდეგ გაიხაროს. ტყეში გადატანილ ნერგს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
სატყეო უბნები ამ კუთხით მუშაობენ. თუმცა, პრიორიტეტი დიდი ქალაქებია. არჩევანის წინაშე რომ დავდგეთ, ტყე ხარაგაულში გავაშენოთ თუ ქუთაისში, უპირატესობა ქუთაისს მიენიჭება. სატყეო სააგენტო, ტყის განაშენიანების მიმართულებით, საჭიროებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოქმედებს.
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეტყვით, რომ როცა გაერომ 1971 წელს ეს დღე დააწესა, მაშინ მსოფლიოში, დღევანდელთან შედარებით, მოსახლეობა ცოტა იყო და ტყის ფართობი – ამჟამინდელთან შედარებით – უფრო მეტი. ამის მიუხედავად, მაშინ მნიშვნელოვნად ჩათვალეს, რომ ტყის საერთაშორისო დღე დაედგინათ.
ბუნების დაცვის, კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის კუთხით მსოფლიოში დიდი გამოწვევებია. საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებშია გაწევრიანებული და ამ კუთხით გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული. მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ტყის უკანონო ჭრა და გავაძლიეროთ განაშენიანება.
ტყე გვაძლევს ჟანგბადს, ჰაერს მტვრისგან ფილტრავს, ტყე პირდაპირ კავშირშია წყლის რესურსების მარაგთან.
საქართველოში გვაქვს ფერდის ტყე, რომელიც ზვავისა და მეწყერისგან გვიცავს. ვნახეთ, რა პრობლემებიც შეიქმნა გზების მშენებლობისას, როცა ფერდობებზე ხეები გაიჩეხა. ტყე თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ერთი ნერგი დავრგოთ ტყის საერთაშორისო დღეს და ბუნების დაცვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი