4 მარტს სიმსუქნის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჭარბი წონა და სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა. სიმსუქნის ძირითადი მიზეზები არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობაა. ჭარბწონიანობა ერთ-ერთი რისკია დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისთვის.
სიმსუქნე ბავშვებშიც შეინიშნება. პედიატრი ნანი არევაძე ამბობს, რომ ჭარბი წონა, ძირითადად, მეტაბოლიზმით ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, არაჯანსაღი კვებითა და მემკვიდრული განწყობითაა გამოწვეული.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ბავშვები ჯანსაღად ვკვებოთ, – ამბობს ნანი არევაძე, – კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, თევზი. ბავშვის კვებაში ტკბილეული და ცომეული დაუშვებელია. არ შეიძლება ღამით ჭამა.
სამწუხაროდ, სკოლებში კვება არ არის. ამიტომ მოსწავლეები, დასვენების დროს, ლობიანსა და ფუნთუშას ყიდულობენ. ეს არაფრით არ შეიძლება. მოზარდმა ხილი და ბოსტნეული ბალანსირებულად უნდა მიიღოს. მშობელმა ეს პროცესი უნდა აკონტროლოს.
ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის ჩართვა ბავშვის ჭარბწონიანობის შემთხვევაში აუცილებელია. 10 წლის ბავშვი 40 კილოს არ უნდა იწონიდეს. ყოვლად მიუღებელია თვითნებური დიეტები. კარგია მოზარდის სპორტულ აქტივობებში ჩართვა“.
პათოლოგიური სიმსუქნის დასაძლევად ადამიანები ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ. ქუთაისელმა ჟურნალისტმა სერგო (ბუბა) ჩივაძემ ეს ოპერაცია ხუთი წლის წინ გაიკეთა. ბუბა ამბობს, რომ უმეტესად კომპიუტერთან იჯდა, მანქანით გადაადგილდებოდა და ამიტომ წონაში ძალიან მოიმატა.
„ბარიატრიული ოპერაცია ჩემს შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი იყო, – ამბობს ბუბა, – ოპერაციის შემდგომ წონის კონტროლი მაინც აუცილებელია. სპორტულ დარბაზში დავდივარ, ცომეულს აღარ ვიღებ.
ბარიატრიული ოპერაცია ძვირადღირებულია და სამწუხაროდ, არ ფინანსდება. ეს ხომ კოსმეტიკური ოპერაცია არ არის. ჭარბწონიანების შემთხვევაში საქმე ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენას ეხება და ასეთი მძიმე შემთხვევები გასათვალისწინებელია.
ადამიანი 300-400 კილოგრამს რომ იწონის, მისი წონის კორექცია დიეტით შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბარიატრიულ ოპერაციას საყოველთაო დაზღვევა აფინანსებდეს. ყველას ვეუბნები, ზედმეტ კილოგრამებს შემართებით ებრძოლონ და საქმე ოპერაციამდე არ მიიყვანონ“.
„პანდემიის შემდეგ ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი გაიზარდა, – ამბობს ქირურგი დავით აბულაძე, – სიმსუქნე განსაკუთრებით ქალებში შეინიშნება.
პათოლოგიური ჭარბწონიანობის დროს სხეულის მასის ინდექსი 35-ს აღემატება. ადამიანი თუ 1.70 სმ-ია და იწონის 110 კილოს, მაშინ ეს უბრალოდ ჭარბწონიანობაა, ხოლო თუ მისი წონა 150 კილოგრამს აღემატება, მაშინ საქმე პათოლოგიურ ჭარბწონიანობასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში ბარიატრიული ჩარევა საჭიროა.
სახელმწიფო ბარიატრიულ ოპერაციებს მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და კონფლიქტის ზონის სოფლებში მაცხოვრებლებს რეფერალური პროგრამიდან 70%-ით უფინანსებს. ამ ოპერაციის თანადაფინანსება ყველას სჭირდება. ეს ხომ ესთეტიური თვალსაზრისით არ კეთდება.
ჭარბწონიანობა არის დაავადება და საქართველოში ის ისევე უნდა ფინანსდებოდეს, როგორც სხვა ქვეყნებში. ეს ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ტარდება და მაღალტექნოლოგიური აპარატებია საჭირო. ადამიანი ცხოვრების ჯანსაღ წესს ამ ოპერაციის გარეშე იმიტომ ვერ უბრუნდება, რომ თავად წონა უშლის ხელს ფიზიკურ აქტივობაში.
ოპერაციამდე რომ არ მივიდეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ბავშვობიდანვე უნდა დავიცვათ. ბავშვს საჭმელი არ უნდა დავაძალოთ. იმერეთში იციან ეს განსაკუთრებით და უფრო მეტად ბებიებმა, ამიტომ პირველ რიგში მათ მოვუწოდებ, არ დააძალონ შვილიშვილებს საჭმელი.
აუცილებელია, რომ ჯანსაღი პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს. ჩემი პაციენტების უმრავლესობა საკმაოდ შეჭირვებული სოციალური ფენიდაანაა. მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ჯანსაღ საკვებზე, რომელიც სამ-ოთხჯერ ძვირია, ვიდრე ნახშირწყლებით მდიდარი პური და კარტოფილი“.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.