სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2023 წლის პირველი თებერვლიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გასტანს. გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან.

როგორ მიმდინარეობს გაწვევის პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ ხარაგაულის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსს, გრიგოლ (გია) ჭიპაშვილს ვესაუბრეთ.

– სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის კუთხით სერიოზული პრობლემები გვაქვს, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – გასაწვევთა 50%-ზე მეტი საქართველოდან გასულია და საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული. გასაწვევთა 70-80%-ს მოაქვს ორგანიზაცია „გირჩის“ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას მღვდელმსახურის წოდება აქვს მინიჭებული და „სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონით გადავადება ეკუთვნის.

გადავადებას ექვემდებარებიან ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები. ამას ემატება ისიც, რომ შესაძლოა, წვევამდელს, სხვადასხვა დაავადების აღმოჩენის გამო, სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ გაწვევა გადაუვადოს.

„გირჩისგან“ გაცემული დოკუმენტი, რომელიც კონკრეტული პირის მღვდელმსახურებას ადასტურებს, ამ დრომდე 50 ლარი ღირდა, ახლა 100 ლარი ღირს. თუმცა, ასი წვევამდელიდან 80-ს, სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის, ეს საბუთი მოაქვს.

გაწვევის სამჯერ გადავადებას ექვემდებარება მოქალაქე, რომელიც 2 ათას ლარიან მოსაკრებელს გადაიხდის.

სამხედრო სამსახურისგან მუდმივად თავისუფლდება მოქალაქე იმ შემთხვევაში, როცა ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა; არის დედისერთა.

უწყებებს, თავდაპირველად, სოფლებში მერის წარმომადგენლებს ვატანთ. შემდეგ პირადად მივდივართ ყველა ოჯახში; როგორც გითხარით, გასაწვევთა დიდი ნაწილი უცხოეთში იმყოფება. წვევამდელის ადგილსამყოფელის დასადგენად პოლიციას მივმართავთ. თუმცა, ისინი მხოლოდ საქართველოში მყოფი წვევამდელების მოძიებაში გვეხმარებიან.

ამჟამად ხარაგაულში 18-დან 27 წლის ასაკამდე სამხედრო სამსახურში გასაწვევი 64 მოქალაქე ირიცხება. საგაზაფხულო გაწვევის გეგმის მიხედვით, 20-მდე ახალგაზრდა უნდა გავიწვიოთ. საშემოდგომო გაწვევა, გასულ წელს, 82%-ით შევასრულეთ. ეს მაქსიმალური შედეგი იყო.

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაა. სამედიცინო-საექსპერტო შემოწმებაზე ხშირად ახალგაზრდას აღმოჩენია ისეთი დაავადება, რომლის შესახებაც იმ დრომდე არაფერი იცოდა. ვფიქრობთ, საგანგაშოა, რომ ახალგაზრდებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.

წვევამდელებს გამწვევ კომისიაზე ხშირად ეკითხებიან, თუ სად სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნა. ხშირად კომისია მათ სურვილს ითვალისწინებს. ხარაგაულელები, უმეტესად, თავდაცვის სამინისტროს ოსიაურის, ქუთაისისა და თბილისის სამხედრო ბაზებზე მიჰყავთ.

ჩვენ მათი პირობებით სისტემატურად ვინტერესდებით. სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ჰიგიენისა და კვების ნორმები დაცულია. ერთწლიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს ახალგაზრდებმა განზრახ თავი არ უნდა აარიდონ“.

ნინო კაპანაძე