„ახალგაზრდა დედებს საქართველოში სახელმწიფოსგან ეკონომიური ხელშეწყობა სჭირდებათ. ემიგრანტი დედების შვილები სევდიანები არიან“, – ამბობს ჩვენი სტუმარი, პედაგოგი, სამი შვილის დედა მზია კვინიკაძე.

– ქალბატონო მზია, გვიამბეთ როგორ შექმენით ოჯახი, რა ასაკში გახდით დედა და დედობის საუკეთესო ასაკად ქალის ცხოვრების რომელი პერიოდი მიგაჩნიათ?

– ქარელის რაიონიდან ვარ და აგარის გაჩერებაზე ვიდექი, როცა ჩემმა მომავალმა მამამთილმა, გოგი შავიძემ გამოიარა, მაშინ ის ხარაგაული-თბილისის ავტობუსის მძღოლი იყო. საჭესთან მისი შემცველი გიგა მაჭავარიანი იჯდა, გოგი კი გვერდით მომიჯდა და საუბარი გამიბა, თურმე სარძლოდ მოვეწონე. საქართველო პატარაა, აღმოჩნდა, რომ ჩემს სოფელში ცხოვრობდა ლეღვნიდან გამოთხოვილი თინა შარიქაძე. საერთო ნაცნობების წყალობით მე და ჩემი ქმრის ურთიერთობა დაიწყო და მალევე, 1988 წლის 24 დეკემბერს, შევქმენით ოჯახი.

23 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება დედობაა. მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა შვილების გაჩენაა და ბედნიერი ვარ, რომ სამი შვილის დედა ვარ.

დედობისთვის საუკეთესო ასაკი, ვფიქრობ, 25 წლიდანაა. სამშობიაროდან ბავშვი რომ გამოვიყვანე და ტირილი დაიწყო, მეც მასთან ერთად ვტიროდი; მეგონა, რომ ბავშვს არ უნდა ეტირა და მხოლოდ ჭამისთვის უნდა გაღვიძებოდა. 25 წლის შემდეგ უფრო სერიოზულდები და მიდგომებიც სხვანაირი გაქვს. თუმცა, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, პრობლემებს მით უფრო მარტივად უმკლავდები.

– 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. თქვენ სამი შვილის დედა ბრძანდებით. თქვენთვის როგორი გრძნობაა, იყო დედა.

– პირველ რიგში ეს დიდი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის წინაშე. ჩვენი ოჯახის უფროსი წევრები საღამოს ადრიანად იძინებდნენ და დილით ადრე დგებოდნენ. ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ შებინდების შემდეგ ზედმეტად არ უნდა ეხმაურათ.

ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის დამატებითი შეზღუდვა იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, წესრიგი ელემენტარული უნარებიდან იწყება. ყოველთვის ვცდილობდი, რომ შვილები ისე გამეზარდა, რომ სხვების მიმართ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ჰქონოდათ, მათთვის სწორი ჩვევები ჩამომეყალიბებია, რაც შემდგომ საზოგადოებაში გამოადგებოდათ.

– მოზრდილ შვილებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლიური სახლისგან მოშორებით უწევთ ცხოვრება, ხშირად აქვთ განცდა, რომ დედის ამაგის სრულყოფილად დაფასებას ვერ ახერხებენ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი მშობლის (ამ შემთხვევაში კი – დედის) ამაგის გადახდა?

– შვილებსა და მშობლებს ერთმანეთის წინაშე თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ. წინა კვირაში, როცა ხარაგაულში დიდი მოთოვა, საღამოს ჩემი შვილები, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ, ჩვენთან ჩამოვიდნენ, რადგან თავიანთ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ოჯახის წინაშე. მიმაჩნია, რომ მათ ეს თვისება სიცოცხლის ბოლომდე უნდა ჰქონდეთ. თუ შვილს საკუთარი მშობელი არ უყვარს და არ აფასებს, ის, დამიჯერეთ,  არც სხვას დააფასებს.

– თქვენი აზრით, იცვლება თუ არა დედაშვილური ურთიერთობა დროის ცვლილებასთან ერთად? რომ შეადაროთ თქვენი და დედათქვენის ურთიერთობა და თქვენი ურთიერთობა შვილებთან?

– ორი დედმამიშვილი ვართ, მე და ჩემი ტყუპისცალი და. დედა ადრე გარდამეცვალა და  მამა სახლში მარტო დარჩა. ყოველ- შაბათ კვირას მე და ჩემი და მორიგეობით დავდიოდით.  მიუხედავად იმისა, რომ მამა ჯანმრთელად იყო და სახლის საქმეებსაც აგვარებდა, არასოდეს მიფიქრია, რომ რომელიმე შაბათ-კვირას არ ჩავსულიყავი. ეს პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე მქონდა.

ახალი თაობა განსხვავებულია, სხვა დამოკიდებულებები აქვთ. დედის მიმართ სიყვარული, რა თქმა უნდა, კვლავ ძლიერია, თუმცა ურთიერთობები შეიცვალა. ვერ წარმომიდგენია, რომ მე ამერიკაში ვიცხოვრო და ჩემმა მშობლებმა და შვილებმა აქ. ეს საჭიროება დროებამ მოიტანა. ვფიქრობ, რომ ამის გამო ურთიერთობები ცივდება.

დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ადვილი არაა, განსაკუთრებით – დასაქმებული დედებისთვის. თქვენ რამდენად მარტივად შეძელით სამი შვილის აღზრდისა და თქვენი პროფესიული საქმიანობის ურთიერთშეთავსება?

ოჯახში დედამთილ-მამამთილი ძალიან მეხმარებოდნენ. მძიმე 1990-იანი წლებში, მათი ხელშეწყობით, ოჯახში დოვლათი ყოველთვის გვქონდა. უფროსი თაობა ოჯახში დიდი იმედია.

რთულია, დედობას სხვა პირადი საქმე შეუთავსო, თუმცა არა – შეუძლებელი. ვცდილობდი, რომ დრო ყველაფრისთვის გამენაწილებია, ყველა ვშომობდით და ოჯახში ჩვენ-ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვინაწილებდით.

– თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ხარაგაულში ან ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა დედების უფრო მეტად ხელშესაწყობად? რა სახის მხარდაჭერა სჭირდება ყველაზე მეტად ახალგაზრდა დედას?

– ჩემი აზრით, ახალგაზრდა დედებს, პირველ რიგში, ეკონომიური მხარდაჭერა სჭირდებათ. ახალგაზრდა ოჯახები სახელმწიფომ ეკონომიურად უნდა წაახალისოს, რომ დედას არ უწევდეს ფიქრი, მეორე დღეს შვილს რა აჭამოს ან რა ჩააცვას. თუ აქ  ნორმალური ეკონომიური პირობები ექნებათ, მშობლები საზღვარგარეთ აღარ წავლენ. ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლის ჩართულობა აუცილებელია. მხოლოდ ბებია-ბაბუის გაზრდილი შვილი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვერ იქნება. დედის ამაგს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

როგორია დედის როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე?

– ქვეყნის მომავალს დედა აყალიბებს. ჩვენი გაზრდილი შვილები მომავალი პედაგოგები, მშენებლები, სამხედრო პირები, ექიმები ხდებიან, ქვეყნის მართვაში იღებენ მონაწილეობას და სახელმწიფოს აყალიბებენ. ძალიან ვწუხვარ, როცა ტელევიზიით ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სათავეებში არიან, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, – ამ დროს ვფიქრობ, – როგორ ოჯახში არიან გაზრდილი ეს პიროვნებები.

იმ ადამიანებს ახალგაზრდები უსმენენ. სკოლაში მასწავლებლებმა ბავშვს რაც არ უნდა ვასწავლოთ, რომ ზრდილობიანი იყოს, ტელევიზორში სულ სხვა რამეს უყურებს.

დედასა და შვილებს გარკვეული მიჯაჭვულობა ახასიათებთ, რაც ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი გრძელდება. აი, ამ მიჯაჭვულობის მიმართ თქვენი მოსაზრება როგორია?

– ეს არის ქართული მენტალიტეტი, ასეთ შეკითხვას მხოლოდ ქართველი ჟურნალისტი თუ დასვამს. ევროპისა და ამერიკის მოსახლეობისთვის ეს გრძნობა უცხოა. მე მიჯაჭვულობას არ დავარქმევდი ამას. ქართული დედაშვილობა ეს არის ფენომენი, რომელსაც ვერაფერი შეედრება. ქართველი დედები შვილების ცხოვრებით მას შემდეგაც ვინტერესდებით, როცა შვილი სრულწლოვანი ხდება და ცხოვრების ასპარეზზე გადის.

თუმცა, აუცილებელია ის გარკვეულწილად გაათავისუფლო, მას აქვს თავისი ცხოვრება, რომელში ჩარევის უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. მან უნდა შექმნას ოჯახი და მას არჩევანში სრული თავისუფლება უნდა მისცე. თუმცა, დედა შვილზე ყოველთვის იფიქრებს. ამას, ჩემი აზრით, უფროსი ასაკის ქართველ დედებში ვერაფერი შეცვლის.

თამთა გოგოლაძე