ბევრი მეკითხება, რატომ არაფერს წერო რუსულ („უცხოური აგენტის“) კანონზე. რა უნდა დავწერო – აქ წერა რომ შველოდეს, აქამდე არ მივიდოდით, – ამბობს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

არ შველის ფეისბუქის პოსტები და ბლოგები კაგებედან მართულ, სრული ფრონტით მიმდინარე ჰიბრიდულ ომსა და საინფორმაციო სპეცოპერაციებს, რომელსაც ქვეყნის მხრიდან წინააღმდეგობა არ ხვდება.

ზნეობრივი კატასტროფაო – ამბობდა აკაკი ბაქარაძე საბჭოთა ყოფაზე, და დღეს სწორედაც რომ იმ საბჭოთა ზნეობრივ კატასტროფაში დავბრუნდით, ვერ მოვახერხეთ მორალური გაჯანსაღება.

დედაჩემს ბავშვობიდან „ხალხის მტრის შვილს“ ეძახდნენ, ოფიციალურად. მოვიდოდა ხოლმე სკოლაში ვიღაცა „კომისია“ თუ „რევიზია“ და ააყენებდნენ კლასში – აბა ადექით, ვინ ხართ ხალხის მტრების შვილებიო. მადლობა ღმერთს, რომ დედაჩემი მარტო არ იყო, ყოველთვის რამდენიმე ძალიან წესიერი, ქვეყნის უღალატო (და ამისთვის, „ხალხის მტრად“ შერაცხული და რეპრესირებული) მშობლების შვილი დგებოდა ხოლმე ფეხზე მასთან ერთად, და ფსიქოლოგიურად ამან გადაარჩინა ეგ თაობა.

მაშინ, „ხალხის მტრის შვილის“, „კონტრრევოლუციონერის“, „ტროცკისტის“ და „უცხოელი აგენტის“ იარლიყები უროსავით ურტყავდა თავში და ფსიქოლოგიურად (და ფიზიკურად) ანადგურებდა ქვეყნის მოქალაქეებს. და სწორედ მანდ ვბრუნდებით.

რეპრესირებული და მისი ოჯახი ხომ ნადგურდებოდა (ყოველ შემთხვევაში, ცდილობდნენ მათ განადგურებას, და თუ რამდენად გამოსდიოდათ ეს – სხვა საკითხია), მაგრამ დამსმენი და ქვეყნის მოღალატე – უფრო უარესად, საშვილიშვილოდ ინადგურებდა თავს.

ამ თვითგანადგურების რეჟიმში შესული საზოგადოების დანარჩენ („მე პოლიტიკა არ მაინტერესებს“) ნაწილს კი მიმდინარე ბოროტების არშეჩერების გამო ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი სირცხვილი ანადგურებდა მორალურად. ამიტომ იყო ეს მორალური კატასტროფა.

დღეს იგივე პროცესია, ისევ რუსული კაგებედან მართული, ისევ ქართველების ხელებით განხორციელებული, ისეთივე ურცხვი და სამარცხვინო, ავთვისებიანი, როგორც ერთი საუკუნის წინ.

მაშინდელი ორჯონიკიძეების, ბერიების და მახარაძეების რეინკარნაციული პერსონაჟები დღეს უფრო თანამედროვედ არიან ჩაცმულ-დახურულ-აღკაზმულები – ჯიპებით, ვილებითა და უახლესი აიფონებით (მაშინდელი მაუზერის საპირწონედ).

არ დაახანებს და მაგათ მოყვება კორუმპირებული წითელი პროფესურისა და ინტელიგენციის რეინკარნაციაც, და როგორც თავისი წინამორბედი, ისევე შეეცდება პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული სუფრაზე ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების თქმამდე დაიყვანოს.

ტრაგედია იქნება, თუ დღეს ეს შავი ძალა ბოლომდე გაიმარჯვებს. მათი გამარჯვების ფასი საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივობისა და მოსახლეობის ღირსების დამარცხებაა.

თუ ვითარება კარდინალურად არ შეიცვალა, შემდგომი 70 წლით თუ მეტით ქვეყნის მოსახლეობას კვლავ მოესპობა განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების შანსი და იქცევა რუსულ კორუმპირებულ ზნეობრივ კატასტროფაში ჩაძირულ ჭაობად. არადა, ჯერჯერობით – გამარჯვების სერიოზული შანსები აქვთ, რადგან ერი ვერაფრით გამოფხიზლდა.

მერკანტილიზმმა და ახლოყურებამ გადაწონა დღეს სახელმწიფოს ინტერესები რუსულ კაგებესთან მოთანამშრომლეების შემთხვევაში. არადა, ცოტა შორს რომ გაიხედონ, დაინახავდნენ, რომ ქვეყნის გაყიდვის ფასად შეძენილი ქონების მაგივრად, უმჯობესია წესიერი ადამიანის სახელი დაუტოვონ თავის შთამომავლობას. ამაზე ძვირფასს თავის შვილებსა და შვილიშვილებს ვერავინ ვერაფერს დაუტოვებს.

წყარო

ამავე თემაზე
რატომ უწოდებთ ამას „რუსულ კანონს“, თუკი ის ამერიკულის ქართული ვერსიაა

ვუახლოვდებით რუსეთს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ – ჯანაშია