თუ ჩემს ონლაინ სამეგობროში ვინმეს ჯერ კიდევ კითხვები გაქვთ იმ კანონზე, რის მიღებასაც ესენი აპირებენ:
– რატომ უწოდებთ ამას „რუსულ კანონს“, თუკი ის ამერიკულის ქართული ვერსიაა?
იმიტომ, რომ ასე, თეორიულად, შესაძლებელია ავიღოთ ამერიკის რომელიმე საკანონმდებლო ნორმა, მაგალითად სიკვდილით დასჯის შესახებ და ამ კანონით დავსაჯოთ ის ხალხი, ვინც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის.
ის ამერიკული კანონები (FARA), რასაც ახლა ატრიალებენ, ეხებათ უცხო ქვეყნების მთავრობებს ან კომერციული კომპანიების ინტერესების გამტარებლებს (მაგალითად, ლობისტურ ჯგუფებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკული კომპანიებისთვის გადასახადების დაწევისთვის ლობირებენ კონგრესს) და არა იმ ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებიც, ამერიკულ ორგანიზაციებში გაერთიანებულნი, ამერიკის ინტერესებისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებენ, დაფინანსების მიუხედავად.
– „რა პრობლემაა, თუკი გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას მოსთხოვენ არასამთავრობოებს?“ არანაირი. პრობლემა ისაა, რომ არასამთავრობო სექტორი და, ზოგადად, საერთაშორისო საგრანტო დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა საქართველოში, რაც ძალიან კარგად იციან „ქართულ ოცნებაში“.
ამ აფერისტული ხრიკების მიზანი, სინამდვილეში, გაუთვითცნობიერებელი ადამიანების დაბნევაა, მეტი არაფერი, ხოლო მთელი ამ პოლიტიკური ავანტიურის ამოცანაა, საქართველოში თავისუფლების ბოლო საყრდენების გამოცლა, სამოქალაქო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის სახით და, შესაბამისად, რუსული ყაიდის დიქტატურის გაფორმება, უკვე რუსეთის ვასალად ქცეულ ნახევრად-ქვეყანაში.
ამ განმარტებას სოციალურ ქსელში ლევან ცუცქირიძე, – აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, პარტია „ხალხის ძალის“ სახელით წარადგინეს საქართველოს პარლამენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნების შემოღებას და შესაბამისი სუბიექტების „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციის მოთხოვნას.
მართალია, კანონპროექტის ავტორები შეერთებული შტატების (FARA) კანონმდებლობას ციტირებენ, როგორც ერთგვარ ნიმუშს ამ კანონისა, მაგრამ რეალობაში მას უფრო მეტი საერთო რუსულ კანონმდებლობასთან აქვს, რამაც გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის პრაქტიკული განადგურება ამ ქვეყანაში.
ამ ინიციატივას რეალურად არ აქვს კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის სტანდარტთან, როგორც ამას პროექტის ავტორები ამტკიცებენ. საქართველოს არასამთავრობო სექტორი გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით ისედაც გამოირჩევა, ხოლო საგრანტო დაფინანსების გამჭვირვალობა შესაბამისი კანონმდებლობით უკვე რეგულირებულია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ასევე, უკვე წლებია, არსებობს საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა, სადაც საქართველოში გაცემული საგრანტო დაფინანსება წლების განმავლობაში ისედაც აღირიცხება.
სინამდვილეში, სახეზე გვაქვს პოლიტიკური მოქმედება დამოუკიდებელი, თავისუფალი სივრცეებისთვის „უცხოეთის აგენტის“ დამამცირებელი იარლიყის „მიკერებისა“ და მათი დისკრედიტაციისა და დასუსტებისთვის.
ამავე თემაზე
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი