ქორეოგრაფი ალიკა ტაბატაძე, 17 წელია, ძირულას ხეობას სოფლებში მცხოვრებ დაინტერესებულ ბავშვებს ქართულ ცეკვას ასწავლის. ხევის, ბორითის, ვერტყვიჭალის, ხუნევისა და ნადაბურის სკოლების მოსწავლეებს კვირაში რამდენიმე დღე ამეცადინებს.

„პატარა ვიყავი, ხევის სკოლაში ცეკვაზე რომ დავიწყე სიარული. ცეკვა ძალიან მიყვარდა. შემდეგ სკოლაში ცეკვის წრე დაიხურა და ხაშურში წავედი, სტუდიაც იქ დავამთავრე და ანსამბლშიც ვცეკვავდი. მერე თბილისში გადავედი, თუმცა ტრავმის გამო ცეკვა ვეღარ გავაგრძელე და ქორეოგრაფობა გადავწყიტე. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ სოფელ ხევში დავბრუნდი. ცეკვის წრე თავდაპირველად ხევის სკოლაში გავხსენი, შემდეგ ვერტყვიჭალაში, ცოტა ხნით – ღორეშაშიც ვასწავლიდი.

ახლა ბავშვების დაინტერესება უფრო მეტია, ვიდრე ადრე. ხევის სკოლაში 35 მოსწავლე მყავს, სხვა სკოლებში დაახლოებით ამდენივე; სკოლის კონტინგენტზე ვარ დამოკიდებული. ცეკვაზე, უმეტესად, დაბალი კლასების მოსწავლეები დადიან.

ცეკვა ხელს უწყობს სხეულის განვითარებასა და ელასტიურობას, რაც მოზარდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, ყველა მეცადინეობაზე ბავშვებს ქართულ ცეკვასა და ტრადიციებზე ვესაუბრო. ყველა ცეკვას თავისი შინაარსი და დატვირთვა აქვს. ამიტომ მოსწავლეებს არა მხოლოდ მოძრაობებს, არამედ ცეკვის ისტორიასაც ვასწავლი“, – ამბობს ალიკა ტაბატაძე.

მეცადინეობებს, ძირითადად, სკოლების სპორტულ დარბაზებში ატარებს. თუმცა, თუ სკოლაში სპორტული შეჯიბრებები ტარდება, ზოგჯერ მეცადინეობებიც უცდება.

„მხოლოდ ბორითსა და ვერტყვიჭალაშია ცალკე კლუბი, სადაც მაქვს შესაძლებლობ, რომ მეცადინეობა შედარებით კომფორტულად ჩავატარო. ნადაბურშიც არის ცალკე კლუბის შენობა, თუმცა ზამთარში იქ ძალიან ცივა; ამასთან ერთად, იატაკი ბეტონისაა, რაც მეცადინეობაში ხელს გვიშლის.

ბევრი ბიჭი დაინტერესებულია მთიულურის მოტივებით, იქ კი ტეხილებია, მუხლზე ცეკვა ამ პირობებში შეუძლებელია. კარგი იქნება, ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენი საჭიროებებით თუ დაინტერესდება და ცეკვის წრეებისთვის უკეთეს პირობებს შექმნიან. ცეკვას კეთილმოწყობილი დარბაზი სჭირდება, კედლებზე სარკეებითა და ძელებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა დაინტერესებაც უფრო მეტი იქნება.

ქობულეთსა და ბათუმში ყოველწლიურად ტარდება „ნარინჯისფერი ფესტივალი“, სადაც თითქმის ყველა სკოლიდან დამყავს მოსწავლეები. შარშან ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და მადლობის სიგელები და დიპლომები დაიმსახურეს. ფესტივალში მონაწილეობა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული; აუცილებელია ფორმების შეკერვა, რაც არც თუ ისე იაფია. ამიტომ ფესტივალში მონაწილეობის დროს მშობლებთან მაქვს კომუნიკაცია. ტრანსპორტირება, მონაწილეობა, ფორმები – ყველა ხარჯი მათ კისერზე გადადის.

უკეთესი ხელშეწყობის პირობებში, დიდი სურვილი მაქვს, ფესტივალისთვის ზონალური ანსამბლი ჩამოვაყალიბო, სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით. თუმცა, ეს ძალიან რთულია. ასეთ შემთხვევაში ერთი სამეცადინო სივრცე დაგვჭირდება, სადაც ბავშვები თვითონ მოვლენ.

მეცადინეობებზე ჩემი ავტომანქანითა და აპარატურით დავდივარ, მეცადინეობებზე მუსიკის ფონოგრამა გვჭირდება. ბავშვებისთვის ტრანსპორტირება ძალიან რთულია, მითუმეტეს ახლა, როცა რიკოთის ავტობანი ნელ-ნელა იხსნება და სოფლები ტრანსპორტის გარეშე დარჩა.

სოფლებში კულტურული წრეების ამოქმედება და ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ბავშვები ქართულ კულტურას აუცილებლად უნდა ეზიარონ“, – ამბობს ალიკა ტაბატაძე.

თამთა გოგოლაძე