ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მიზანია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად ჩაერთონ. ამ მიზნით ამ მოსწავლეებთან სპეცმასწავლებლები ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ, სკოლებში რესურსოთახები ფუნქციონირებს.
სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ესაჭიროება იმ მოსწავლეს, რომელსაც აქვს – ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური და მეტყველების განვითარების, სმენის, მხედველობის, ქცევითი და ემოციური დარღვევები; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; სწავლაში სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში 84 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. რამდენად სრულყოფილია სასწავლო პროგრამები და მეთოდები სსს მქონე მოსწავლეებისთვის; რისი გაუმჯობესება და დახვეწა სურთ საქმიანობაში; რამდენად უზრუნველყოფილია რესურსოთახი ყველა საჭირო ინვენტარით და რა სახის მხარდაჭერას საჭიროებენ სსსმ მოსწავლეთა ოჯახები, – ამ საკითხებზე ხევის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელს ლიზა ხაჩიძეს ვესაუბრეთ.
ლიზა მასწავლებელი, მეექვსე წელია, რაც სპეცმასწავლებლად მუშაობს. მან 1975 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულ-ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მას შემდეგ ხევის სკოლაში, 42 წელი, გერმანულ ენას ასწავლიდა.
სპეცმასწავლებლობის პირველ წელს ლიზა ხაჩიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველკლასელთან ოჯახში მიდიოდა და იქ ამეცადინებდა, რადგან ბავშვი მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იყო. მასწავლებლის რჩევით, ეს მოსწავლე კალიგრაფიის კონკურსში ჩაერთო და გაიმარჯვა კიდეც. ახლა ის მეშვიდე კლასშია და ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლეა.
ამჟამად ლიზა ხაჩიძე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე დაწყებითი კლასების ოთხ მოსწავლესთან მუშაობს და მათ ქართულს, მატემატიკასა და ინგლისურს ასწავლის.
„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი მოსწავლეს მშობელთან შეთახმებით ენიჭება, – ამბობს ლიზა ხაჩიძე, – ამ პროცესში ჩართულია სკოლის დირექცია, ფსიქოლოგი და ექიმი. სტატუსს მულტიდისციპლინური ჯგუფი ანიჭებს.
საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის გამო, ბევრი მოსწავლე, რომელსაც განვითარებაში ჩამორჩენა ან რაიმე სახის შეზღუდვა ჰქონდა, სკოლის მიღმა რჩებოდა. მოხარული ვარ, რომ ეს მიდგომები თანდათან იცვლება. სწავლების პროცესში, გაკვეთილზეც და სპეცმასწავლებელთან ურთიერთობისას ასეთ მოსწავლეებს რწმენა და მოტივაცია უძლიერდებათ, რომ უკეთესად მოინდომონ და ისწავლონ.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები გაკვეთილებს ესწრებიან. მათთვის ყველა საგნის მასწავლებელს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული. ასეთი მოსწავლე, გარკვეულ პერიოდს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, სპეცმასწავლებელთან რესურსოთახში ატარებს.
სპეცმასწავლებელი, გარდა იმისა, რომ კარგად უნდა ფლობდეს ასეთ მოსწავლეებთან მიდგომის მეთოდებს, შემოქმედი უნდა იყოს, ბავშვის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, ემოციური მდგომარეობა, ოჯახური პირობები უნდა იცოდეს. პირადად მე სხვადასხვა რესურსებს, თვალსაჩინოებას ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვამზადებ.
ხელშესახები შედეგები გვაქვს, – მოსწავლე, რომელიც სკოლაში შემოსვლისას პირველ კლასში გამართულად ვერ მეტყველებდა, ახლა დამარცვლით კითხულობს. ერთ მოსწავლეს ვუთხარი, ინგლისური ისე კარგად უნდა ისწავლო, ამერიკაში სამოგზაუროდ უნდა წახვიდე და მეც წამიყვანო-მეთქი. ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება მოსწავლისთვის დიდი სტიმულია. ყოველდღიური ზრდა ემჩნევათ და ეს ძალიან მახარებს.
თამაშით სწავლება, ხატვა და ძერწვა ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მნიშნელოვანია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობა, ყოველდღიური მონიტორინგი. წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეს ერთობლივად ვაფასებთ.
მშობლებთან თანამშრომლობა აუცილებელია. როგორ განამტკიცებს სკოლაში ნასწავლს სახლში, ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. სსს მქონე მოსწავლეთა ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან. პანდემიის დროს მათთან ონლაინგაკვეთილების ჩატარება გვიჭირდა, რადგან ინტერნეტპაკეტს ვერ ყიდულობდნენ.
ოჯახებს სასკოლო ნივთების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ რვეულებს, საწერკალამს, ფერად ფანქრებს რესურსოთახში ვახვედრებთ. ამაში სკოლის დირექცია ხელს მაქსიმალურად მიწყობს.
სპეცმასწავლებლებს ტრენინგები მუდმივად გვიტარდება. გარდა ამისა, ვცდილობ, სხვების გამოცდილება გავიზიარო, სიახლეები მოვიძიო.
ვცდილობთ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ. მათ თანაკლასელებს ვასწავლით, რომ ასეთ მოსწავლეებთან თანასწორი ურთიერთობები ჰქონდეთ. მოსწავლის პრობლემას თუ გაითავისებ და ნდობას მოიპოვებ, იქ ყველაფერი კარგად იქნება. მიხარია, ჩემი მოსწავლეები რომ მენდობიან“.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი