ორი წელია, ხევის საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შეფერხებულია. ამჟამად 10 აღსაზრდელი ხევის სკოლაში განთავსებულ სასკოლო მზაობის ჯგუფში ირიცხება. 17 აღსაზრდელი კი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი.

ხევის საბავშვო ბაღი რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდა. ამ ბაღისთვის ახალი შენობის ასაგებად ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ტენდერი 2022 წლის ბოლოს გამოაცხადა. ეს ტენდერი ჩაიშალა, რადგან პროექტის ბიუჯეტი დასაკორექტირებელი აღმოჩნდა. ხევის ბაღის მშენებლობისთვის ხელახალი ტენდერის გამოცხადების თარიღი უცნობია.

ავტობანის მშენებელი კომპანიის გარე კომუნიკაციების მენეჯერი დავით სუჯაშვილი ამბობს, რომ ბაღის პროექტის ბიუჯეტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თებერვლის პირველ რიცხვებში გადაგზავნეს. მისივე თქმით, ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ჭიანურდება და ამ პროცესის დაჩქარებაში ყველა სახელმწიფო უწყება უნდა ჩაერთოს.

ხევის სკოლის დირექტორი გვანცა ხადილაშვილი ამბობს, აღსაზრდელები და მათი მშობლები ძალიან დაზარალდნენ იმის გამო, რომ მეორე წელია, ბავშვები საბავშვო ბაღში ვეღარ დაჰყავთ. მით უფრო, რომ სკოლამდელი განათლების მიღება ყველა ბავშვისთვის აუცილებელია.

ამ სასწავლო წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებას, რომ ხეველი აღსაზრდელები ხუნევის საბავშვო ბაღში ეტარებინათ, მშობლები ვერ დათანხმდნენ. მართალია, ხევიდან ხუნევამდე მათი ტრანსპორტირება დაფინანსდებოდა, მაგრამ როგორც აღსაზრდელთა მშობლები ამბობენ, 3-4 წლის ბავშვების ყოველ დილა-საღამოს ხევიდან ხუნევამდე ტრანსპორტირება რთულია.

„სასკოლო მზაობის ჯგუფში შვილები, ძირითადად, სკოლაში დასაქმებულებს დაგვყავს, – ამბობს გვანცა ხადილაშვილი, – ამ ჯგუფში ბავშვების მოყვანა სხვებსაც სურთ; თუმცა, თავს იკავებენ, რადგან 9-დან პირველ საათამდე, კვების გარეშე, – მხოლოდ წახემსების პირობებში, – ტრანსპორტის დაქირავება უჭირთ“.

ფოტოზე – ამ ტერიტორიაზე, ხევის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ, უნდა აშენდეს ხევის საბავშვო ბაღის შენობა