ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღდგომის წმიდა და დიდი მარხვის დაწყებას; როგორც წმ. იოანე ოქროპირი იტყოდა: „ისევ გვიხმობს წმინდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს. კვლავ მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მოსაგრეებს.

ისევ სურს, რომ გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი, უმეტესნი სულიერებით განვბრწყინდეთ და ჩვენი შრომის საზღაურად გვირგვინით შევიმკოთ თავი. მართლაცდა, რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვრებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ“.

მარხვასთან ერთად ამ ბრძოლაში ადამიანს ერთი მოკავშირეც ჰყავს – ესაა ლოცვა. მათეს სახარებაში მაცხოვარი გვეუბნება: თუ გინდათ ბოროტი დაამარცხოთ და ამ ბრძოლაში გაიმარჯვოთ, ლოცვისა და მარხვის გარეშე ვერ შეძლებთ.

„მარხვამ და ლოცვამ აღამაღლა ზეცად ილია წინასწარმეტყველი, დაღუპვას გადაარჩინა ნინეველნი, მარხვამ დაიცვა დანიელი უვნებოდ ლომებით სავსე ორმოში. მარხვამ გადაარჩინა შეუწველად ცეცხლოვან ღუმელში სამი ყრმა. მარხვამ შემოსა უსაზღვრო დიდებით მოსე. მარხვამ აქცია წინასწარმეტყველად ელისე. რა შეიძლება ითქვას კიდევ მარხვის შესახებ? რომ არ ყოფილიყო მარხვა ხსნისა და მარადიული ცხოვრების მიღწევის გზა, ღმერთი არ დაადგენდა მას დასაბამიდან.

თუკი ადამი დაიცავდა მარხვას, სიკვდილი ვერ მიეკარებოდა მას, არ დაჰკარგავდა იგი ღირსებას, ღვთისაგან რომ ებოძა; არ განიდევნებოდა იგი სამოთხიდან და არ დაისჯებოდა ტანჯული ცხოვრებით, მაგრამ რადგან დაემორჩილა სტომაქის ხმას, სიკვდილის მონა შეიქმნა.

მარხვა სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა და რაც უმთავრესია, მარხვა დაიცვა მაცხოვარმა, მან იმარხულა არა იმიტომ, რომ იგი საჭიროებდა მას საკურნებლად, არამედ იმის გამო, რომ ხსნის გზაზე მარხვის მაგალითი მიეცა კაცთათვის. ცხოვრების თანამგზავრად გაიხადა მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს (იოანე ოქროპირი).

მარხვის დაწყების კვირას იკითხება მათეს სახარება, სადაც წერია: „რამეთუ უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან“.

მარხვას ადამიანი ვერ შეძლებს სიყვარულის გარეშე, ვერც სხვას მიუტევებს ცოდვებს, თუ თავის თავს ცოდვილად არ თვლის და არ არის თავმდაბალი. მარხვა არ არის მხოლოდ საკვებზე თავშეკავება. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ისინი, ვინც საკვებისაგან თავს იკავებს, მაგრამ უჯეროდ იქცევა, ეშმაკს ემსგავსება, რომელიც სულაც არაფერს ჭამს, მაგრამ განუწყვეტლივ სცოდავს“.

ადამიანმა ფიზიკურად რომ იცოცხლოს, საჭიროა ჰაერი, საკვები და წყალი, ხოლო სულიერად რომ იცოცხლოს და ღმერთთან იყოს (რისთვისაც არის შექმნილი), საჭიროა ლოცვა, მარხვა და სიყვარული.

ღმერთმა ყველას სინანულის მარხვა მოგვმადლოს და სიხარულის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაგვითენოს!

დეკანოზი თომა (ლაცაბიძე)
ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური