სპორტი სხეულის გაჯანსაღებისა და ფიზიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი და მნიშვნელოვანი საშუალებაა.

რამდენად გამართულია სპორტული ინფრასტრუქტურა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და სოფლებში; რა გამოწვევების წინაშე არიან ახალგაზრდები, რომლებიც სამოყვარულო და პროფესიული სპორტით არიან დაინტერესებულნი, – ამის გასარკვევად სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, სპორტის მასწავლებლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუკავშირდით.

კეთილმოწყობილი ღია სპორტული მოედნები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხში, ბორითსა და ხარაგაულშია. უახლოეს ხანში დასრულდება უბისაში სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 198 ათასი ლარი გამოიყო.

რიკოთის ავტობანმა ძირულას ხეობის სოფლებში – ვერტყვიჭალაში, ხუნევსა და საქასრიაში სტადიონები შეიწირა. ვერტყვიჭალაში, ბლიაძეების უბანში მცხოვრები რეზო ინასარიძე ამბობს, რომ სოფლის სტადიონზე თავს მთელი ხეობის ახალგაზრდობა იყრიდა და სპორტულ შეჯიბრებებს აწყობდნენ.

„მეოთხე წელია, ახალგაზრდებს თავშეყრის ადგილი აღარ გვაქვს, – ამბობს რეზო ინასარიძე, – სკოლაში ღია და დახურული სტადიონები საუკეთესოდ მოაწყვეს, მაგრამ იქ სოფლის ახალგაზრდობას არ გვიშვებენ და მართალიცაა – ის სკოლის საკუთრებაა.

რიკოთის ავტობანის მშენებელი დაგვპირდა, რომ სტადიონს სადმე მოგვიწყობდა, მაგრამ, ჯერჯერობით, სასიკეთო არაფერი ჩანს. ვერტყვიჭალელი ახალგაზრდები ხან შროშაში, ხანაც ბორითში ჩავდივართ. სოფელში ტრენაჟორები გაკეთდა. თუმცა, ახალგაზრდების უმრავლესობას მაინც სტადიონზე თამაში გვირჩევნია“.

ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ ავტობანის მშენებლობის გამო თავისუფალი მიწაც აღარსადაა, სტადიონი რომ მოეწყოს და ეს ამ ხეობის სოფლებისთვის დიდი გამოწვევაა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ვერტყვილა-ვერტყვიჭალის საზღვარზე, შესაძლოა, სტადიონის მშენებლობისთვის ადგილი მოიძებნოს.

ბორითის თემში მერის წარმომადგენელი ხათუნა ჯობაძე ამბობს, რომ საქასრიაში სტადიონის მოსაწყობად პროექტი მომზადებულია და ტერიტორიაც შერჩეულია. სამუშაოები, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება. ამაშუკეთში წელს მინისტადიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოეწყობა.

ნადაბურში 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სტადიონი აშენდა. თუმცა, ის მოდიდებულმა მდინარემ წაიღო. „4 500 ლარი წყალში გადაიყარა, – ამბობს ნადაბური-ხევის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე, – მაღალმთიან სოფელში სტადიონისთვის ადგილის მოძებნა ძნელია.

ერთადერთი სპორტული მოედანი ნადაბურის სკოლის ეზოშია და იმას უკვე სტადიონი აღარ ჰქვია. სკოლას არ აქვს შესაბამისი ფინანსები, რომ მოედანი მოაწყოს. წვიმის შემდეგ სტადიონზე წყალი დგება. ასფალტი აყრილია. მოკლედ, ცუდ დღეში ვართ. არადა, ნადაბურელი ახალგაზრდები სპორტული მიღწევებით გამოირჩევიან“.

ხევის თემის სოფლებიდან სტადიონი არ აქვს გრიგალათს. წაქვაში სპორტული მოედანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოეწყო. ხევის სკოლის სტადიონი, ავტობანის მშენებლობის გამო, არასახარბიელო მდგომარეობაშია.

კიცხის ზონის თემის (კიცხის, ხიდარი, ვარძია, წყალაფორთი) სოფლებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხიდარშია. ხიდარში მცხოვრები რატი ბერაძე ამბობს, რომ სკოლის წინ მდებარე სტადიონზე ბალახის საფარი აღარაა, კარებებს ბადეები აღარ აქვს, საჭიროა სტადიონის შემოღობვა და განათების დამონტაჟება.

„სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მეტი ყურადღება და ხელშეწყობა გვჭირდება, – ამბობს რატი ბერაძე, – სადაც ვცხოვრობთ, იქვე უნდა გვქონდეს ყველა პირობა განვითარებისთვის. ყველა წარმატებული სპორტსმენი ვერ გახდება, მაგრამ სხეულს ხომ გაიკაჟებს, ჯანსაღად იცხოვრებს. ამიტომ გამართული სპორტული მოედანი გვჭირდება“.

ბავშვობაში ხიდრიდან კიცხში დადიოდა ჭიდაობაში სავარჯიშოდ დღეს უკვე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ზაურ ბერაძე. ის ამბობს, რომ სპორტის განვითარება სოფლებში პრიორიტეტული უნდა გახდეს, თუ გვინდა, რომ წარმატებული და ჯანსაღი თაობა გვყავდეს.

ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოსახლეობა, უმეტესად, სკოლების სტადიონებით სარგებლობს. თუმცა, მაღალმთიან სოფელ წიფაში მცხოვრები ახალგაზრდები ამ სიკეთესაც მოკლებულები არიან.

„სკოლის სტადიონზე საშინელი მდგომარეობაა, – ამბობს წიფის სკოლის დირექტორი და სპორტის მასწავლებელი გოჩა კვინიკაძე, – მარტო ერთი პატარა ფრენბურთის მოედანი გვაქვს. მოლითი-ჩუმათელეთის ცენტრალური საავტომობილო გზა რომ შენდებოდა, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, გზის მშენებელი სკოლის მიმდებარედ თანამედროვე სტადიონს გვიკეთებდა. თუმცა, ახლა სტადიონს ვინ ჩივის, გზის მშენებლობას ვეღარ ვეღირსეთ“.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 2023 წელს ხუნევის, გედსამანიის, ბორის, ბორითისა და ვახანის სკოლების სრული რეაბილიტაცია იგეგმება და აქ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც შედის, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, – შესაძლოა, სარეაბილიტაციო სკოლების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. სპორტული ინვენტარით ყველა სკოლა მომარაგებულია“.

ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში“ მოქმედი 29 სექციიდან, 14 სპორტული წრე სოფლებში მოქმედებს. ბორითში, ვერტყვიჭალაში, ნადაბურში, ხევში, ღორეშაში, ვახანში, მოლითში, კიცხში, ბორში ახალგაზრდებს ფეხბურთის, კალათბურთის, კარატეს, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, რაგბისა და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობების შესწავლის შესაძლებლობა აქვთ. მეცადინეობები, გარდა ვახანის, ღორეშისა და კიცხისა, სკოლების ღია და დახურულ მოედნებზე მიმდინარეობს.

დ. ხარაგაულში ღია და დახურული სპორტული მოედნები, ასევე სატრენაჟორი დარბაზი კეთილმოწყობილია.

 

„ვერ ვიხსენებ, ვინმეს სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის საჭიროების საკითხი მწვავედ დაესვას“

იცნობს თუ არა სკოლებსა და სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ პრობლემებს და რა ნაბიჯებს დგას მათ მოსაგვარებლად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, მარინე ხვედელიძეს მივმართეთ.

„ვერ ვიხსენებ, რომ სოფლებიდან ვინმე მოსულიყო და სპორტული ინფრასტრუქტურის საჭიროების საკითხი მწვავედ დაესვას, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რომ შეხვედრები გაიმართა, ყველას ჰქონდა მისვლისა და პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობა.

რეალობას შევხედოთ, რიგი სოფლები დაცლილია და იქ ხალხმრავლობა მხოლოდ ზაფხულშია. უმჯობესია, სკოლებში გვქონდეს გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდებმა სხეული პატარა ასაკიდან გაიკაჟონ. სოფლებში თუ სპორტული მოედნების მოწყობის აუცილებლობაა, ხარაგაულის თვითმმართველობა ამაზე იზრუნებს“.

ნინო კაპანაძე