შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, სიახლეების მუდმივად გაცნობა-ათვისების პრაქტიკით გამოირჩევა ექიმი თემურ შუბითიძე.

ათეული წლების განმავლობაში ის ხუნევის საექიმო ამბულატორიაში მუშაობდა და ხევის, ხუნევისა და ნადაბურის სოფლების მოსახლეობას ემსახურებოდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ძირულას ხეობის სოფლებში, თემური ექიმი პაციენტებს ერთადერთ მშველელად და იმედად ეგულებოდათ. დღეისათვის თემურ შუბითიძე ხევის საჯარო სკოლის ექიმია.

მედიცინით მერვე კლასიდან დაინტერესდა. ადამიანების დახმარების სურვილი მაშინ გაუძლიერდა, როცა შეუძლოდ მყოფ დედამისზე ექიმის მზრუნველობას ხედავდა.

– გულში ამოვიჭერი და მიზნად დავისახე, რომ ექიმი გავხდებოდი, – იხსენებს თემურ შუბითიძე, -იმ პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში კორუფცია ჰყვაოდა და მისაღებ გამოცდებში ორჯერ ჩამჭრეს. შევარდნაძე რომ ცეკას მდივანი გახდა, ინსტიტუტის მმართველობა შეიცვალა და იმ წელს სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

მესამე კურსიდან თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებაში მუშაობა ღამის მორიგე ექთნად დავიწყე. დიდი პრაქტიკა მივიღე. ინტერნატურა ხაშურის საავადმყოფოს ბაზაზე გავიარე; პარალელურად, ხაშურის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმად ვიმუშავე.

1983 წლის სექტემბრიდან ხარაგაულის საავადმყოფოში გამანაწილეს და მუშაობა ხუნევის საავადმყოფოში დავიწყე. პარალელურად, როგორც ოჯახის ექიმი, ხევისა და ნადაბურის მოსახლეობას ვემსახურებოდი. ხუნევის საავადმყოფოში მის დახურვამდე, 1995 წლამდე, ვიმუშავე.

ხარაგაულში რომ ჩამოვედი, საავადმყოფოს მთავარი ექიმი იური ბერაძე იყო – ძალიან გულისხმიერი ადამიანი, ღმერთმა აცხონოს. მისი მოადგილე აზა ფურცელაძე გახლდათ. ის კარგი და სანდო სპეციალისტია და დღემდე ვმეგობრობთ. ხუნევის საავადმყოფოში თუ რამე დამჭირდებოდა, ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმებთან კოლეგიალური დამოკიდებულება მქონდა და მეხმარებოდნენ.

შემდეგ დადგა უმძიმესი 90-იანი წლები, როცა ქვეყანაში არეულობა დაიწყო. ძირულას ხეობის სოფლებში, თუ ვინმე ავად გახდებოდა, ან ავტომაგისტრალზე ავარიით დაშავდებოდა, ყველა მე მაკითხავდა. დღე და ღამე მოსვენება არ მქონდა.

მაშინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური ვეღარ ფუნქციონირებდა. ავადმყოფთან ან დაშავებულთან ცარიელი ხელებით ხომ ვერ მივიდოდი?!  ამიტომ პირველადი დახმარების მედიკამენტებს ჩემი სახსრებით ვყიდულობდი.

ტრანსპორტზე ხომ ზედმეტია საუბარი. ავადმყოფთან ბევრჯერ თოვლიან გზაზე ხევიდან ბჟინევში, გედსამანიაში, ნადაბურში, ღორეშასა და სარგვეშშიც კი, ფეხით ავსულვარ.

2006 წლიდან ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები დაიწყო. ოჯახის ექიმების გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ამოქმედდა. საავადმყოფოები ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის მაღალი დონის აპარატურით აღიჭურვა.

ვისურვებდი, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლის ამბულატორიებსა და ოჯახის ექიმებს მეტი ყურადღება მიაქციოს. პაციენტი პირველად ოჯახის ექიმთან მიდის. ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა რომ აქვს, ოჯახის ექიმი წყვეტს, რომელ სპეციალისტთან გადაამისამართოს.

კარგი იქნება, ამბულატორიებში სისხლის საერთო ანალიზისა და კარდიოგრამის გაკეთების შესაძლებლობა რომ იყოს. აუცილებელია, რომ სოფლის ამბულატორიებში გათბობისა და ოჯახის ექიმის პაციენტებამდე ტრანსპორტირების ხარჯები დაფინანსდეს.

მართალია, სამი წელია, სოფლის ამბულატორიის ექიმი აღარ ვარ, თუმცა ჩემს კოლეგებს ვგულშემატკივრობ.

– ბატონო თემურ, სკოლის ექიმად მუშაობამ რა გაჩვენათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით რა პრობლემები აქვთ მოზარდებს?

– რვა წელია, ხევის სკოლის ექიმი ვარ. ეს ბავშვები ჩემს ხელში გაიზარდნენ, – მათი უბნის ექიმი ვიყავი. ამიტომ თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაბადებიდან ვიცი. ძირითადად, ჯანმრთელები არიან. ძალიან მოსწონთ, სკოლაში რომ სამედიცინო კაბინეტია. სიმაღლის, წონის, მხედველობის შესამოწმებლად თავად მაკითხავენ.

სპორტის გაკვეთილის დროს კუნთების დაჭიმულობისა და კიდურების მოტეხილობის შემთხვევები გვქონდა. სკოლაში ექიმი და სამედიცინო კაბინეტი აუცილებელია. გაკვეთილების დაწყებამდე და დასვენებების პერიოდში მოსწავლეებს სულ ვაკვირდები, მითითებსაც ვაძლევ, ტრავმა რომ არ მიიღონ.

ხშირად ვესაუბრები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე – ნარკოტიკის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. განსახილველ საკითხებს ზოგჯერ თავად მთავაზობენ.

სკოლის სამედიცინო კაბინეტი პირველადი დახმარების ყველა მედიკამენტით მომარაგებულია. გვაქვს სისხლში შაქრის საზომი აპარატი, ინჰალატორი, ხელის ტრენაჟორი.

– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.

– ჩემი მეუღლე – ნატო ბლიაძე ხევის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ვაჟმა ზაზამ ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია.

ქალიშვილმა ლინამ, ჩემი პროფესია აირჩია. თავიდან პსპ-ში ერთ-ერთი აფთიაქის დირექტორად მუშაობდა და „წლის საუკეთესო ფარმაცევტად“ დაასახელეს. შემდეგ კლინიკა „კურაციომ“ ოჯახის ექიმად მიიწვია. მიხარია, რომ ჩემს ქალიშვილს, როგორც კარგ პროფესიონალს, ენდობიან.

– ბატონო თემურ, ძალიან ძნელია, რომ კვალიფიციურ ექიმად შედგე. რას ურჩევთ მომავალ ექიმებს?

– ექიმობა დიდ სულიერ სიმტკიცესა და ნებისყოფას მოითხოვს. პაციენტის მდგომარეობის გათავისება უნდა შეგეძლოს. ახლა, მედიცინის შესწავლის დაწყებიდან 12 წელია საჭირო, ექიმად მუშაობის უფლება რომ მოიპოვო. ეს ცოტა დრო არ არის, – თუ მონდომებული ხარ, კარგი ექიმი დადგები.

ექიმის ქცევასა და დამოკიდებულებებში პაციენტმა ანგარება გულში ეჭვადაც კი არ უნდა  გაივლოს. ავადმყოფის მდგომარეობით მუდმივად ვინტერესდებოდი – საავადმყოფოდან რომ გავწერდი და გამოვაჯანმრთელებდი, მერეც ვუკავშირდებოდი.

– ბატონო თემურ, რა არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება?

– მთავარია, გიყვარდეს შენი პროფესია, ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, გარშემო წრე და მათ პატივს სცემდე.

ჩემთვის, მშობლების გარდა, სამაგალითო იყო პავლე იჩიქიტიძე, რომელიც ხევის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მეუღლესთან ერთად ჩვენს სახლში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მან ჭადრაკი შემაყვარა და მეექვსე კლასელი უკვე ჭადრაკში ხარაგაულის რაიონის ჩემპიონი გავხდი. წერა-კითხვაც ბატონი პავლეს დახმარებით შევისწავლე.

ხევის სკოლაში საუკეთესო პედაგოგები მყავდა. არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარაა. მათ სულებს ვიხსენებ ხოლმე და პატივს მივაგებ.

ცხოვრებაში ათასნაირი ადამიანი შეგხვდება და უნდა ეცადო, გაუგო, მის შეხედულებებს პატივი სცე, მისი მდგომარეობა გაიზიარო; დახმარება თუ სჭირდება, როგორც შეგიძლია, ისე უნდა დაეხმარო, ცხოვრების სწორი გზა უჩვენო.

40 წელია, ექიმი ვარ. ადამიანებისგან სიყვარული და პატივისცემა თუ დავიმსახურე, აი, ამისთვის ღირს ცხოვრება.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე – თემურ შუბითიძე და ხევის სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი ექიმის კაბინეტში