ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის XII კლასში 17 მოსწავლეა. მათგან სამი – გვანცა გოგოლაძე, ნიკა პაქსაშვილი და მარი ლურსმანაშვილი მედლის კანდიდატები არიან. სად სურთ სწავლის გაგრძელება, რა გამოწვევების წინაშე დგანან და როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება ათი წლის შემდეგ, – ამაზე წარჩინებული მოსწავლეები გვესაუბრებიან:

გვანცა გოგოლაძე და მარი ლურსმანაშვილი სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებენ. ექიმობა გვანცასა და მარის ბავშვობის ოცნება იყო. „ვერ წარმომიდგენია, ცხოვრებაში სხვა რამ ვაკეთო“, – ამბობს მარი, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მედიცინის რომელ მიმართულებას აირჩევს. გვანცამ კი სტომატოლოგობა უკვე გადაწყვიტა, – მიაჩნია, რომ ამ პროფესიით ადვილად დასაქმდება.

ნიკა პაქსაშვილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტობა სურს. ამბობს, რომ

სხვა ფაკულტეტზე არც კი უფიქრია, ეს მიმართულება მოსწონს, რადგან ფიქრობს, რომ ეს პროფესია საინტერესო, მრავალფეროვანი და „მოძრავია“.

დავინტერესდით, არჩეულ პროფესიებში სამაგალითო და მისაბაძი ადამიანები ხომ არ ჰყავთ. აღმოჩნდა, რომ მარი ლურსმანაშვილმა მომავალი სპეციალობა მამიდის გავლენით შეარჩია. მარის მამიდა, თაკო ლურსმანაშვილი, ექიმია და გერმანიაში მუშაობს.

„ჩვენთან როცა ჩამოდიოდა, მისით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. ისე მომწონდა, რომ მთელი ბავშვობა ვბაძავდი. ახლაც, მის გზას მივყვები. მინდა, რომ მასავით კარგი ექიმი გავხდე“, – ამბობს მარი ლურსმანაშვილი.

გვანცა და ნიკა ამბობენ, რომ აბიტურიენტობის დროს მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დროის სწორად განაწილებაა. ბევრი სამეცადინოს გამო, სხვა საყვარელი საქმიანობისთვის დრო თითქმის აღარ რჩებათ. „აბიტურიენტობის დროს მივხვდი, რომ დროის სწორად გადანაწილება ყველა საქმეში მნიშვნელოვანია“, – ამბობს გვანცა.

„აბიტურიენტობის პერიოდში ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე მგზავრობაა. მეთორმეტე  კლასში ქიმია და ბიოლოგია არ ისწავლება. იძულებული ვარ, მოვემზადო ხაშურში. ვერტყვიჭალიდან ხაშურამდე მგზავრობა კი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გართულდა. 1,5 საათი მჭირდება, რომ ხაშურში ჩავიდე, უკანაც იგივე დრო. ამას კი დიდი ენერგიაც მიაქვს. პრაქტიკულად, სულ გზაში ვარ“, – წუხს მარი ლურსმანაშვილი.

ვერტყვიჭალელ ახალგაზრდებს ერთი და იგივე შეკითხვით მივმართეთ: როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება ათი წლის შემდეგ. მათგან ასეთი პასუხები მივიღეთ:

გვანცა გოგოლაძე: -ათ წელიწადში, ვფიქრობ, ოცნებებსა და ჩანაფიქრს ავისრულებ. სტუდენტი გავხდები, კარგად ვისწავლი და წარმატებული სტომატოლოგი ვიქნები.

ნიკა პაქსაშვილი: – ათი წლის შემდეგ, ალბათ, ჩემი მხატვრული ნაწარმოები გამოქვეყნებული მექნება. უკვე, კარგა ხანია, ვწერ, – ძირითადად, ჩანახატებს. მინდა, რომ ეს წერა მომავალშიც გავაგრძელო.

მარი ლურსმანაშვილი: – ათი წლის შემდეგ, ალბათ, ექიმი ვიქნები, – ჩემი საქმის პროფესიონალი. ვიმუშავებ დიდ კლინიკაში და პაციენტებს დავეხმარები. იმედი მაქვს, რომ სამეგობრო და საახლობლო წრე ისევ ჩემს გვერდით იქნება; ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.

თამთა გოგოლაძე