ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის მოსახლეობის პრობლემები სხვა სოფლებში მცხოვრებთა პრობლემების იდენტურია. უწყლობა, უგზოობა, ტრანსპორტზე ხელმიუწვდომლობა, გაზიფიცირება – ისევ ამ საუკუნის გამოწვევად რჩება.

ბორის სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე, ორი წელია, სკოლის შენობის გაზიფიცირებას ითხოვს. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ საკითხში მხარდაჭერას და შუამდგომლობას ელოდება.

„ასი მეტრი გვაშორებს კიცხის მთავარ გაზსადენს, – ამბობს მაია გაგოშიძე, – სკოლასთან ახლოს მდებარე სარიტუალო დარბაზის მეპატრონეს შენობაში გაზი შეჰყავს. სკოლისა და პანსიონის შენობების გაზიფიცირება აუცილებელია. ჩვენ იმაზე მეტ ბუნებრივ აირს მოვიხმართ, ვიდრე სოფლის მოსახლეობა, ერთად აღებული. გაზიფიცირება უნდა დაჩქარდეს“.

წყალმომარაგება ბორში სერიოზული პრობლემაა – წყლის დებეტი ივნისიდან ოქტომბრამდე ძალიან იკლებს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ჭაბურღილების მოწყობას მიიჩნევს; ნაწილი ამბობს, რომ უმჯობესია, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა მოეწყოს, არსებული წყაროების ხარჯზე.

ფაქტია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან წყლის მილებისა და ავზების შეძენა პრობლემას ვერ აგვარებს. ბორში – ფაიქრიძეების, პავლაძეებისა და მაჭავარიანების უბნებში, გვალვის დროს მოსახლეობა უწყლობით გატანჯულია.

ბორში მცხოვრები ზურაბ მაჭავარიანი ამბობს, რომ მან, მეზობელთან ერთად, ძველი წყარო გაასუფთავა. საკუთარი სახსრებით კაბელი, წყლის მილები, ძრავები, ავზები შეიძინეს და წყალს წყაროდან ტუმბავენ. ზურაბ მაჭავარიანის თქმით, მაჭავარიანების უბანში მცხოვრები ოცამდე ოჯახი ზაფხულში უწყლოდაა. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ჭაბურღილების მოწყობაა.

„ბორში ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა უგზოობააა, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი, – წვიმიანი ამინდის შემდეგ გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე მანქანით გავლა შეუძლებელია. საუბნო გზების მოხრეშვა არაეფექტურია – გაწვიმებისთანავე ზიანდება. ამიტომ საუბნო გზების მობეტონებას ვითხოვთ“.

ზურაბ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ წყლისა და გზის პრობლემები რომ მოგვარდება, სოფლის გაზიფიცირებაზე საუბარი მოსახლეობამ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს.

ბორის მოსახლეობა ხარაგაულის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას და პანდემიის დროს დახურული კიცხის აგრარული ბაზრის ამოქმედებას ითხოვს.

რას გვპირდება ხელისუფლება

„ბორის სკოლის გაზიფიცირების საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას კომუნიკაცია ჰქონდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან და „სოკართანაც“, – ამბობს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ბორის სკოლის შენობაში რომ ბუნებრივი აირი სოფელ ბორის მოსახლეობის გაზიფიცირებამდე შევიდეს, – ეს ტექნიკურად ადვილად მოსახერხებელია.

თუმცა, აქ მოსაგვარებელია სამართლებრივი საკითხი, რომელსაც გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ერთად განვიხილავთ, როგორც გამონაკლისს. თუ ეს გამონაკლისი დაუშვეს, შემდგომში უკვე ადგილობრივი თვითმმართველობაა მზადაა, ბორის სკოლის შენობის გაზიფიცირების ხარჯები დაფაროს.

გაზიფიცირების პროცესი მთლიანად სოფელ ბორში რომ დაიწყოს, ამის დიდი პერსპექტივაა, რადგან მიმდებარე სოფლები გაზიფიცირებულია“.

კიცხის მიმართულებით ტრანსპორტირების თანადაფინანსებას რაც შეეხება, ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერიაში იკვლევენ, თუ რა დაჯდება ტრანსპორტირების სუბსიდირება.

ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ კიცხის აგრარული ბაზრის ამოქმედების საკითხში კერძო სექტორის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატი კიაზო გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გზების რეაბილიტაციისთვის თანხა გაზაფხულზე გამოიყოფა. მისივე თქმით, რომელი საუბნო გზები მობეტონდეს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად მიიღებენ და პრიორიტეტი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბნებს მიენიჭება.

წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ბორის მოსახლეობას კიაოზო გამრეკელაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ეტაპობრივად ჰპირდება.

ნინო კაპანაძე