პარლამენტმა 88 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება მიიღო, რომელიც კოდექსის 203-ე მუხლს ეხება.

კანონის თანახმად, „გენდერული კვოტირების“ მარეგულირებელი ნორმების მოქმედების ვადა ძალაში იქნება 2032 წლის ოქტომბერს ჩასატარებელი არჩევნების ჩათვლით.

ასევე, თუ პარლამენტის დეპუტატის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, მის ადგილს დაიკავებს მომდევნო წევრობის კანდიდატი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი.

ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე, 2028 წლამდე ჩასატარებელ არჩევნებში, პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი სულ მცირე ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ამ ცვლილებით კი, 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ არჩევნებში პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მინიმუმ ყოველი მესამე კანდიდატი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორთა განმარტებით, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა გაიზრდება.

​კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე და მაია მენაღარიშვილი.